Novartis-ი მკერდის კიბოს ექსპერიმენტულ პრეპარატს $3-მილიარდიანი გარიგებით შეიძენს

Novartis-ი მკერდის კიბოს ექსპერიმენტულ პრეპარატს $3-მილიარდიანი გარიგებით შეიძენს

ფოტო: Michele Limina/Bloomberg

მედიასააგენტო Reiters-ის ინფორმაციით, შვეიცარიული ფარმაცევტული გიგანტი Novartis-ი პარასკევს ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Synnovation Therapeutics-ისგან მკერდის კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტული პრეპარატის შეძენას დათანხმდა. გარიგების სავარაუდო ღირებულება 3 მილიარდი დოლარია, რაც კომპანიის ონკოლოგიური მედიკამენტების პორტფელს ახალ, მიზნობრივ თერაპიას შემატებს.

შეთანხმების ფარგლებში, Novartis-ი წინასწარ 2 მილიარდ დოლარს გადაიხდის, ხოლო დარჩენილი 1 მილიარდი დოლარი პრეპარატის შემდგომი განვითარების პროცესში მიღწეული კონკრეტული შედეგების შესაბამისად გაიცემა.

ექსპერიმენტული პრეპარატი, კოდური სახელწოდებით SNV4818, მიეკუთვნება სელექციური PI3Kα ინჰიბიტორების კლასს. ეს არის ახალი მიდგომა მკერდის კიბოს ერთ-ერთი ტიპის (HR დადებითი/HER2 უარყოფითი) და პოტენციურად სხვა სოლიდური, იგივე მყარი სიმსივნეების სამკურნალოდ.

ეს შენაძენი Novartis-ის მიზნობრივი თერაპიების მზარდ პორტფელს გააძლიერებს, რომელიც უკვე მოიცავს რადიოლიგანდურ თერაპიასაც. კომპანიის განცხადებით, SNV4818 ამჟამად კლინიკური კვლევების ადრეულ ეტაპზეა და ლაბორატორიულმა შესწავლამ სიმსივნის წინააღმდეგ იმედისმომცემი აქტივობა აჩვენა.

Synnovation-ის პრეპარატი მიზანმიმართულად მოქმედებს მხოლოდ PI3Kα ფერმენტის მუტირებულ ფორმაზე, რომელიც ხშირად კიბოს განვითარებას იწვევს, და არ ეხება ჯანსაღ უჯრედებში არსებულ ნორმალურ ვერსიას. ამ მიდგომის მიზანია თავიდან აიცილოს ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც არსებულ PI3Kα-ინჰიბიტორულ თერაპიებს ახასიათებს.

Novartis-ი ელის, რომ გარიგება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიხურება.