ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა – ინვესტორები ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივებს ხელახლა აფასებენ

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა – ინვესტორები ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივებს ხელახლა აფასებენ

ფოტო: Getty Images

 

დღეს ნავთობის ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა, რაც წინა სავაჭრო სესიის კლებას აბალანსებს. ამის მიზეზი კი ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებული ომია, რაც, დიდი ალბათობით, ენერგონაკადებს კიდევ უფრო შეაფერხებს.

კეძოდ, 26 მარტის არსებული მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 2.03%-ით გაიზარდა და $104.30-ს მიაღწია. აშშ-ის West Texas Intermediate-ის ნავთობის ღირებულებამ კი 2.14%-ით მოიმატა და ბარელზე $92.25 შეადგინა. შეგახსენებთ, გუშინ ორივე საორიენტაციო ფასი 2%-ზე მეტით იყო შემცირებული.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავ განიხილავს აშშ-ის წინადადებას ომის დასრულების შესახებ, თუმცა არ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასასრულებლად.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს უფრო მკაცრად შეუტევს, თუ თეირანი არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანამ „სამხედრო მარცხი განიცადა“.

ამ განცხადებების ფონზე NLI-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა ეკონომისტმა, ცუიოში უენომ, აღნიშნა, რომ „ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გაქრა“. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ნავთობის ფასი არასტაბილურობას განაგრძობს და ის ორი მხარის მოლაპარაკებებსა და სამხედრო ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის 15-პუნქტიანი წინადადება, რომელიც ირანს პაკისტანის შუამდგომლობით გაეგზავნა, ქვეყნის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების ამოღებას, გამდიდრების შეჩერებას, მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვას და რეგიონული მოკავშირეებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა თითქმის სრულად შეაჩერა გადაზიდვები ჰორმუზის სრუტით, რომელზეც მსოფლიოში ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი მოდის. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ეს ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე დიდ შეფერხებად შეაფასა.