WTO: გლობალური ვაჭრობის ზრდა წელს 1.9%-მდე შენელდება

WTO: გლობალური ვაჭრობის ზრდა წელს 1.9%-მდე შენელდება

ფოტო: Getty Images

 

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქონლით მსოფლიო ვაჭრობის ზრდა წელს მნიშვნელოვნად, 2025 წლის 4.6%-დან 1.9%-მდე შენელდება. WTO უარეს სცენარსაც არ გამორიცხავს, თუ ახლო აღმოსავლეთის ომი ენერგომატარებლების ფასებს კვლავ გაზრდის და გლობალურ სატრანსპორტო გადაზიდვებს შეაფერხებს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ნგოზი ოკონჯო-ივეალას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვაჭრობა მდგრადი რჩება, რასაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროდუქტების გადაზიდვები უწყობს ხელს, ზრდის პროგნოზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის ზეწოლის ქვეშაა.

WTO შიშობს, რომ თუ კონფლიქტის გამო ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ფასები 2026 წლის განმავლობაში მაღალი დარჩება, მსოფლიოში საქონლით ვაჭრობა შესაძლოა კიდევ უფრო, 1.4%-მდე შენელდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ბლოკადა, რომელიც სასუქის იმპორტის ერთ მესამედს აფერხებს, საფრთხეს უქმნის ისეთ მსხვილ მწარმოებლებს, როგორიცაა ინდოეთი, ტაილანდი, ბრაზილია და ა.შ. ეს სურსათთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.

ენერგორესურსების მაღალი ფასების შენარჩუნებამ შესაძლოა გლობალურად საქონლით ვაჭრობის ზრდა 0.5 პროცენტული პუნქტით შეამციროს, რაც ყველაზე მეტად საწვავზე დამოკიდებულ იმპორტიორებს დააზარალებს, მათ შორისაა აზიური და ევროპული სახემლწიფოები.

ანგარიშის თანახმად, მომსახურებით ვაჭრობა ასევე 0.7 პუნქტით შემცირდება ზრდის პროგნოზირებული 4.8%-დან 4.1%-მდე, რასაც გადაზიდვებისა და ფრენების შეფერხება გამოიწვევს. ცნობისთვის, გასულ წელს მომსახურებით ვაჭრობა 5.3%-ით გაიზარდა.