Photo by SpaceX on Unsplash
Bloomberg News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის IPO-სთვის დაგეგმილმა ღირებულებამ $2 ტრილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს ფინანსური და საინვესტიციო საზოგადოება კომპანიის რეკორდული IPO-სთვის ემზადება, რომელიც უახლოეს კვირებში განხორციელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, SpaceX-ი კომპანიის დაფინანსების შესახებ საბოლოო შეხვედრებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა საინვესტიციო გაერთიანებასთან. შესაბამისად, შესაძლოა დაგეგმილი IPO-ს ფინანსური დეტალები კიდევ შეიცვალოს.
საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, SpaceX-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში შესაბიმისი დოკუმენტაცია უკვე წარადგინა და მარეგულირებლისგან მწვანე შუქს ელოდება. კომისიის მხრიდან რეკომენდაციების გარეშე ნებართვის გაცემის შემდეგ მხოლოდ ტექნიკური დეტალების მოგვარება იქნება საჭირო.
ფინანსური ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში SpaceX-ის მიერ საფონდო ბირჟაზე აქციების საჯაროდ განთავსება შესაძლოა არაგონივრული იყოს, რადგან კაპიტალის ბაზრებზე მერყევი სიტუაციაა. საფონდო ბირჟებზე კომპანიების აქციების მკვეთრად შემცირების ძირითადი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტია.
ცნობისათვის, SpaceX-ის შემოსავლების ძირითადი წყარო სატელიტური ინტერნეტსერვისი Starlink-ი და მისი გამოწერის სერვისია. კომპანიის კიდევ ორი მიმართულების, კოსმოსური კვლევებისა და კოსმოსში AI-მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ბიზნესი ჯერჯერობით კონკრეტულ ფინანსურ შედეგებზე ინფორმაციას ვერ იძლევა. Morningstar-ის ინფორმაციით, 2025 წელს SpaceX-ის შემოსავლებმა $16 მილიარდი შეადგინა, რომლის დიდი ნაწილიც Starlink-ის გამოწერის სერვისზე მოდის. შესაბამისად, SpaceX-ის კრიტიკოსების სკეპტიციზმის მთავარი საბაბიც სწორედ ესაა.
ილონ მასკის კომპანიას IPO-ს განხორციელებამდეც ინვესტორთა სიმრავლე არ აკლია. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საუდის არაბეთის საჯარო ინვესტირების ფონდთან $5 მილიარდის მოცულობის წილის გაყიდვის საკითხს განიხილავდა.
აქამდე ერთადერთი კომპანია, რომელმაც IPO $1 ტრილიონზე მაღალი შეფასებით განახორციელა, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ა. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა. ყველა სხვა კომპანიას, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც დღეს $1 ტრილიონზე მეტია, ამ ღირებულების მისაღწევად ათწლეულები დასჭირდა.
SpaceX-ის მიზანი IPO-ს შედეგად მიღებული ფინანსების კოსმოსური მონაცემთა ცენტრების აშენებისა და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ნახევარგამტარების შესაძენად გამოყენებაა.













