საბანკო სექტორი ზოგიერთი ადამიანისთვის იერარქიასთან და რუტინულ პროცესებთან ასოცირდება, თუმცა მათთვის, ვინც ამ ინდუსტრიას ახლოს იცნობს, რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. ქეთი ზარნაძისთვის, რომელიც დღეს საქართველოს ბანკში კორპორატიული ბიზნესის ანალიტიკის და რეპორტინგის დეპარტამენტის ანალიტიკური ჯგუფის უფროსია, ბანკი არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ეპიცენტრია.
ოცწლიანი კარიერული გზა, რომელიც სტუდენტური სტაჟირებით დაიწყო, დღეს ქეთისთვის მასშტაბური პროექტების მართვითა და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გრძელდება.
სტაჟირებიდან სტრატეგიულ ანალიტიკამდე
ქეთი ზარნაძის პროფესიული კარიერა ESM ბიზნეს სკოლის მესამე კურსზე დაიწყო, როდესაც, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საბანკო სფეროში მოხვდა. მაშინდელი სტუდენტისთვის ეს სფერო თავისი მასშტაბებითა და დინამიკურობით სრულიად ახალი სამყარო აღმოჩნდა.
„საქართველოს ბანკში მუშაობამ სამუდამოდ დაამსხვრია ის გავრცელებული სტერეოტიპი, თითქოსდა საბანკო სისტემა ერთფეროვანი სივრცეა. თუ სადმე იგრძნობა ყოველწუთიერი დინამიკა, ეს სწორედ ბანკია. აქ ქვეყნის პულსზე გიჭირავს ხელი და ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვახსენებ ჩემს გუნდს” – ამბობს ქეთი.
მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც მისი ოცწლიანი კარიერა განსაზღვრა, როგორც თავად აღნიშნავს, ორგანიზაციული კულტურა აღმოჩნდა: “გარემო, სადაც თითოეული ადამიანის სიტყვას ფასი აქვს და სადაც მენეჯმენტი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების მოტივაციაზე”.
ქეთის თქმით, ერთგულება სწორედ იმ შეგრძნებამ განაპირობა, რომ გუნდი საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდება:
„აქ არის განცდა, რომ თითოეული ადამიანი, მენეჯერიდან დაწყებული თითოეული გუნდის წევრის ჩათვლით, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ერთად ყველაფერი გამოგვივა“.
ანალიტიკა, როგორც ბიზნესის ზრდის მამოძრავებელი
დღეს ქეთი ზარნაძის მიმართულება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებს ფარავს, როგორებიცაა FMCG, კვების პროდუქტების წარმოება და საცალო ვაჭრობა. ანალიტიკური ჯგუფის მუშაობა კი მხოლოდ რიცხვებით არ შემოიფარგლება. ეს კომპლექსური საქმიანობაა, რომელიც ბიზნესისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება. ანალიტიკური გუნდის ღირებულება განსაკუთრებით მკაფიო ხდება ცვალებად გარემოში, სადაც გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და სიზუსტე კონკურენტულ უპირატესობას განსაზღვრავს.
„ნებისმიერი ქვეყნის და განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის განვითარებულ საბანკო სისტემას. საბანკო სფერო ბიზნესის დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია იმ სფეროს სიღრმისეული ცოდნა, რომელსაც აფინანსებ. ნებისმიერი პროექტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლების შეფასება, არამედ ინდუსტრიის სპეციფიკის, რისკ-ფაქტორების, კონკურენტული გარემოსა და განვითარების პოტენციალის გაანალიზება. სწორედ ამ კომპლექსური ხედვის საფუძველზე იქმნება რეალურად სიცოცხლისუნარიანი პროექტები. ჩვენი ყოველდღიურობა მოიცავს პროექტების დამუშავებასა და ე.წ. solution-based შეთავაზებების მომზადებას როგორც ბანკის შიგნით, ისე მის გარეთ – მომხმარებლებისთვის. ბანკი წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც მონაწილეობს მთელ პროცესში პროექტის დაგეგმვიდან მის განხორციელებამდე”.
ქეთი იხსენებს მსხვილ პროექტებს, სადაც ბანკის ჩართულობამ რეალური ეკონომიკური ეფექტი შექმნა.
“ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოწვევაა, რომელსაც ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწორი მიდგომების მოძებნაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ ხნის განმავლობაში უამრავი მსხვილი პროექტი განვახორციელეთ – გამოვარჩევდი FMCG, საცალო ვაჭრობის, წარმოებებისა და აგრო მიმართულებებს. პროცესში ამ მნიშვნელოვანი პროექტების თანამონაწილე ხდები და ბოლოს როდესაც უყურებ შედეგს, სიამაყის გრძნობა გეუფლება, რომ საკუთარი, თუნდაც მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი, ამ ყველაფერში შენც შეიტანე“.
რეცეპტი მომავალი პროფესიონალებისთვის
20-წლიანმა გამოცდილებამ ქეთის მთავარი რამ დაანახა: შესაძლებლობები უსაზღვროა, თუ ნებისმიერ სირთულეს ზრდისა და განვითარების პერსპექტივად აღიქვამ. ახალგაზრდა სპეციალისტებს კი, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერულ გზაზე, ის გაბედულობისკენ მოუწოდებს.
„ამ სფეროში წარმატებისთვის აუცილებელია თვითმოტივაცია და საკუთარი საქმის სიღრმისეული შესწავლა. პროფესიული ცოდნა, მუდმივი სწავლა და აქტიური მონაწილეობა პროცესებში რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ პროფესიონალებს ვურჩევდი, რომ გამოიყენონ ყოველი შესაძლებლობა და სჯეროდეთ საკუთარი თავის. წარმატება იწყება პასუხისმგებლობის აღებით, ამბიციური მიზნების დასახვით. მთავარი არის, რომ არ შეჩერდნენ პირველივე დაბრკოლებაზე და არ შეეშინდეთ დაშვებული შეცდომების, ნებისმიერი შეცდომა აქციონ შესაძლებლობად და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან პიროვნული ზრდისკენ. სხვანაირად განვითარება შეუძლებელია”.
დასასრულს, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ქეთი ზარნაძე აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი დეპარტამენტის ფარგლებში ბანკის სტრატეგიულ განვითარებაში აქტიური მონაწილეობაა. გუნდის მოტივაციის ამაღლება, პროფესიული უნარების განვითარება და გუნდის წევრებზე მუდმივი ზრუნვა მისი ყოველდღიურობის უცვლელ ნაწილად რჩება.
S












