ევროკავშირის შესვლა/გასვლის სისტემა (EES) ოფიციალურად ამოქმედდა | რა უნდა ვიცოდეთ?

ევროკავშირის შესვლა/გასვლის სისტემა (EES) ოფიციალურად ამოქმედდა | რა უნდა ვიცოდეთ?

ევროპული შესვლა/გასვლის სისტემა (EES) ევროკავშირმა ოფიციალურად 2025 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, თუმცა მექანიზმი სრულად 2026 წლის 10 აპრილიდან ამოქმედდა. ბლოკის სასაზღვრო კონტროლის ახალი წესები, რომლებიც EU-ში შემავალი სახელმწიფოების საზღვრის კვეთისას ბიომეტრიულ შემოწმებას ითვალისწინებს, ამჟამად 29 ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი და გრძელვადიან პერიოდში ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის მოგზაურობის გამარტივებას ემსახურება.

ახალი რეგულაციების ფარგლებში, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეები მოკლე პერიოდით შენგენის ზონის ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობისას ვალდებულნი იქნებიან, საზღვართან თავიანთი ბიომეტრიული მონაცემები, მათ შორის პასპორტის მონაცემები, თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება, წარადგინონ. სისტემა საზღვრის გადაკვეთისას პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის პრაქტიკასაც ჩაანაცვლებს.

EES-ის სისტემა იმ მონაცემებს აგროვებს, რომლებიც უკვე წარმოდგენილია თქვენს სამგზავრო დოკუმენტებში, ასევე – შენგენის ზონის კვეთის თარიღებს, ლოკაციასა და ბიომეტრიულ მონაცემებს. პირველადი რეგისტრაციისთვის სტანდარტული პასპორტის მფლობელები ვალდებულნი არიან, აეროპორტის გამშვები პუნქტის პერსონალს ბიომეტრიული მონაცემები წარუდგინონ, რომლებიც EU-ს მონაცემთა ბაზებში რეესტრის საშუალებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება. ამ მიდგომით, სამომავლოდ თითოეული მოგზაურისთვის საზღვრის კვეთის დროს გათვალისწინებული პროცესები მნიშვნელოვნად გამარტივდება და დაჩქარდება.

პროცესების გამარტივებასთან ერთად, ახალი მექანიზმის კიდევ ერთი მიზანი – ვიზიტით დაშვებული ვადის დამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაა. ევროკომისიის მონაცემებით, ყოველწლიურად საზღვრის კვეთაზე უარს ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა ვადაგასული ან ყალბი დოკუმენტები ან ვიზიტის მიზნობრიობის დაუსაბუთებლობა, 24,000-ზე მეტი პირი იღებს. დამატებით, 600-ზე მეტი ადამიანი კი ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველადაა იდენტიფიცირებული. ბლოკის ახალი მექანიზმით, დამრღვევ პირებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ბიომეტრიული მონაცემების წარდგენაზე უარს იტყვიან, საზღვრის გადაკვეთა ავტომატურად შეეზღუდებათ.

ცნობისთვის, შესვლისა და გასვლის ახალი რეგულაციები (EES) არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც თავად იყენებენ ამ სისტემას, ასევე კვიპროსისა და ირლანდიის მოქალაქეებზე, ბინადრობის მოწმობისა თუ ვიზის მქონე პირებზე, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე, ანდორის, მონაკოს, სან-მარინოსა და ვატიკანის პასპორტის მფლობელებზე.

გამონაკლისთა სიაში ასევე შედიან სასწავლო, კვლევითი თუ მოხალისეობრივი მიზნით ქვეყანაში ჩასული პირები, დიპლომატები, სახელმწიფოს მეთაურები, სასაზღვრო ზოლში დასაქმებულები, ნატოსა და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში მივლინებული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი, ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის ნებართვის მქონე პირები, საერთაშორისო მატარებლების ეკიპაჟის წევრები და ტრანზიტით მგზავრი პირები, რომლებიც არ ტოვებენ მატარებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერიოდში EES-ი პროცესების გამარტივებასა და დაჩქარებას გულისხმობს, მექანიზმის დანერგვის საწყის ეტაპზე საერთაშორისო მოგზაურებს შესაძლოა აეროპორტში არსებულზე დიდი დროით მოუწიოთ დაყოვნება. როგორც აეროპორტების ასოციაცია ACI Europe-სა და Airlines for Europe-ს (A4E) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ლოდინის დრო პიკის პერიოდში ორ საათამდეც კი აღწევს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია, მგზავრები აეროპორტებში ჩვეულებრივზე ერთი ან ნახევარი საათით ადრე გამოცხადდნენ. თუმცა ლოდინის რეჟიმი, EES-ის პროცესის დახვეწასთან ერთად, მკვეთრად შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ 10 აპრილამდე სასაზღვრო კონტროლის ორგანოებს პიკის საათებში EES-ის პროცესის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების უფლება ჰქონდათ. თუმცა 10 აპრილის შემდეგ ისინი ვალდებულნი ხდებიან, წესები მკაცრად დაიცვან. მიუხედავად ამისა, აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ასოციაციები ევროკომისიას სთხოვენ, გამონაკლისი საჭიროებისამებრ 2026 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაშიც დაუშვან.

ბიომეტრიული პასპორტები EES-ისთვის მკაცრად სავალდებულო არ არის, თუმცა ისინი თვითმომსახურების ცენტრებში სწრაფი რეგისტრაციისა და შესვლისთვის გამოიყენება. 12 წლამდე ასაკის პირებს თითის ანაბეჭდების წარდგენა არ მოეთხოვებათ, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან, საზღვარზე ფოტოშემოწმება გაიარონ. EES-ი მგზავრებს არც წინასწარ რეგისტრაციას ავალდებულებს, რადგან ეს პროცესიც უშუალოდ საზღვრის კვეთის დროსაა გათვალისწინებული.

თუმცა პროცესის დაჩქარების მსურველთათვის ევროკავშირმა EES-ის სისტემისთვის სპეციალური მობილური აპლიკაცია „მოგზაურობა ევროპაში“ შეიმუშავა. აპლიკაცია მესამე ქვეყნის მოქალაქეებს მასპინძელ სახელმწიფოში ჩასვლამდე 72 საათით ადრე წინასწარი რეგისტრაციის საშუალებას აძლევს ბიომეტრიული ფოტოებისა და პასპორტის მონაცემების გამოყენებით. ეს სასაზღვრო შემოწმებას ამარტივებს, თუმცა არ ცვლის სასაზღვრო კონტროლის სავალდებულო გასაუბრებას. ამჟამად აპლიკაცია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ეტაპობრივად ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გაეშვება.