მარეგულირებლის მხირდან თანხმობის გაცემის შემდეგ, „ბაზისბანკმა“ „ლიბერთი ბანკის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიების მიერ დღეს გავრცელებული პრესრელიზიდან გახდა ცნობილი.
როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, „ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა. თუმცა გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობი რჩება.
აქვე აღნიშნულია, რომ ბიზნესპროცესების უწყვეტობისა და ფინანსური ინსტიტუტების კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტს. შეგახსენებთ, აქამდე ამ პოზიციას ბექა გოგიჩაიშვილი იკავებდა. რაც შეეხება დავით ცაავას, ის „ბაზისბანკს“ 2010 წლიდან ხელმძღვანელობს.
„აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.
ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“ – განაცხადა „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
„ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შესყიდვას გამოეხმაურა ბექა გოგიჩაიშვილიც. მისი თქმით, ეს ტრანზაქცია საბანკო სისტემასა და ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.“ – განაცხადა ბექა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, „ლიბერთი ბანკი“ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის 45-ე ადგილს იკავებს, 396.6 მილიონი ლარით. კომპანიის მფლობელებს შორის კი იყვნენ: ირაკლი რუხაძე (31.38%), იგორ ალექსეევი (31.38%), ბენჯამინ ალბერტ მარსონი (31.38%).
ბანკის ინფორმაციით, მისი აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მილიარდი ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მილიარდი ლარი. „ლიბერთის“ 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონ ლარს უტოლდება.
რაც შეეხება „ბაზისბანკს“, ის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის, 2023 წლის მონაცემებით, 44-ე პოზიციაზეა, 416.6 მილიონი ლარით. კომპანიის მფლობელებს შორის კი არიან: მი ზაიქი (56.27%) და მიე ენხვა (41.75%).
2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები 4.9 მილიარდ ლარს შეადგენს. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მილიარდი ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მილიარდი ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონ ლარს უტოლდება.










