როგორ გამდიდრდა უნგრეთი?

2

უნგრეთის ეკონომიკა 240 მილიარდი აშშ დოლარია. ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი უნგრეთში 50,000 PPP დოლარზე მეტია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 46-ე ადგილზეა. ევროკავშირში უსწრებს სლოვაკეთს, საბერძნეთს, ლატვიას და ბულგარეთს. ნომინალურ გამოსახულებაში ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 28,300 დოლარია.

მე-2 მსოფლიო ომში უნგრეთის ეკონომიკა 60% განადგურდა და მილიონამდე მისი მოქალაქე დაიღუპა. 1945 წლიდან ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მოექცა, შემდეგ კი მისი სატელიტი გახდა. 1950-იან წლებში უნგრეთში საბჭოთა კავშირის სტილის ეკონომიკა დამყარდა, განხორციელდა ქარხნების ნაციონალიზაცია და სასოფლო-სამეურნეო მიწების კოლექტივიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ უნგრეთი ფაქტობრივად ნულიდან იწყებდა განვითარებას, 1950-იან და 1960-იან წლებში გარკვეულ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით – ინდუსტრიალიზაციის კუთხით.

უნგრეთის ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა 1968 წლიდან, როდესაც „ახალი ეკონომიკური მექანიზმის“ პროგრამის განხორციელება დაიწყო. უნგრეთი გახდა ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სოციალისტურ ბლოკში, რაც გულისხმობდა გარკვეულ დონეზე კერძო ბიზნესის დაშვებას და თავისუფალ ფასწარმოქმნას. 1970-იანი წლებიდან უნგრეთი დაფინანსებას იღებდა მსოფლიო ბანკისგან, რამაც ქვეყნის საგარეო ვალი გაზარდა, მაგრამ ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუწყო. 1980 წელს უნგრეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 2,200 დოლარი იყო და 1989 წლამდე 2,800 დოლარამდე გაიზარდა. 9 წლის განმავლობაში ჯამური 40%-იანი ზრდა დაბალი ტემპია.

სოციალისტური ბლოკის დაშლის შედეგად, 1989 წლიდან უნგრეთმა დასავლურ საბაზრო ეკონომიკაზე დაიწყო გადასვლა და სხვა ქვეყნისგან განსხვავებით ეს შედარებით უმტკივნეულოდ და სწრაფად შეძლო. 1990-1993 წლებში ეკონომიკა 18%-ით შემცირდა. შედარებისთვის, 1990-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 70%-ით შემცირდა. ის რომ უნგრეთმა პირველმა დაიწყო რეგიონში დასავლეთისკენ სვლა, გარკვეული უპირატესობა მისცა ქვეყანას მომავალში ინვესტიციების მოსაზიდად.

1990-იანი წლების დასაწყისიდან უნგრეთი დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა. სახელმწიფო კომპანიების პრივატიზება განხორციელდა, ფასწარმოქმნა და ვაჭრობა სრულად გათავისუფლდა სახელმწიფოს ჩარევისგან, ქვეყანა გაიხსნა უცხოური ინვესტიციებისთვის. 1994-2025 წლებში უნგრეთს არ ჰქონია გამორჩეული სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდი, მაგრამ სტაბილურად იზრდებოდა. 1994-2008 წლებში (მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე) უნგრეთის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.1% იყო და 2008 წლისთვის ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურმა შემოსავალმა 16,000 დოლარს მიაღწია. 2009 წელს ეკონომიკა 7%-ით შემცირდა, მომდევნო ათწლეულში კი საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში უნგრეთის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორები უცხოური კაპიტალის შემოსვლა და ექსპორტის სწრაფად ზრდა იყო. 1994-2000 წლებში ექსპორტი წლიურად საშუალოდ 17%-ით იზრდებოდა. ასეთი მაღალი ზრდა უნგრეთის ეკონომიკის განვითარებას მოჰყვა, საწარმოები გახსნა ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა IBM, „ფილიპსი“, „სიმენსი“. უნგრეთი ავტომობილების, ავტონაწილებისა და ელექტროტექნიკის ექსპორტიორი გახდა. საავტომობილო კომპანიებიდან უნგრეთში ქარხნები აქვს „მერსედესს“, „სუზუკის“, „ოპელს“ და „აუდის“. უნგრული ელექტროტექნიკის ბრენდებიდან ყველაზე ცნობილი „ორიონი“ და „ვიდეოტონია“. მრეწველობის მაღალ დონეზე განვითარებას ხელი შეუწყო შესაბამისად განათლებულმა სამუშაო ძალამ, განსაკუთრებით – ინჟინერიასა და ტექნიკურ მეცნიერებებში.

უნგრეთი პირველი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ბლოკში, რომელმაც ევროკავშირისკენ სვლა დაიწყო. ჯერ კიდევ 1991 წელს გააფორმა ევროკავშირთან შეთანხმება, რომელიც 1994 წლიდან გაფართოვდა ასოცირების შეთანხმების დონეზე. შედეგად, უნგრული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდა და თანდათანობით მისი საექსპორტო პროდუქციის უმეტესობის მიმღები ევროკავშირი გახდა. 1996 წელს უნგრეთი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) გაწევრიანდა. 1999 წელს უნგრეთი ნატოს წევრი გახდა, 2004 წელს კი – ევროკავშირის. 2007 წელს შენგენის ზონას შეუერთდა. უნგრეთი ევროზონის წევრი არ არის, ანუ მას ევროს ნაცვლად ეროვნული ვალუტა – ფორინტი აქვს. ევროკავშირში შესვლამ მას ევროპულ ფონდებზე ხელმისაწვდომობა გაუზარდა, გაძლიერდა ქვეყანა ინსტიტუციონალურად და გაუმჯობესდა ინვესტორების მზრიდან ნდობა.

რომ შევაჯამოთ, უნგრეთის ეკონომიკურ განვითარებას სამი მთავარი ფუნდამენტი ჰქონდა: უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, მაღალპროდუქტიულ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და ევროკავშირის წევრობა.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა