ფოტო: trendsgroup.org
სახელმწიფოთა შორის ვაჭრობა დიდწილად ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მთავარი წინაპირობაა. ის ხელს უწყობს ეკონომიკების ერთმანეთთან დაკავშირებას და დამოკიდებულების ზრდას, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ომების წარმოება ან მიმდინარე ომების შეწყვეტა სავაჭრო პერსპექტივებთანაა დაკავშირებული.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების სიას 2025 წლის მონაცემებით. სტატისტიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ანგარიშს ეფუძნება.
რეიტინგები ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებული გახდა თანამედროვე მიწოდების ჯაჭვები, სადაც ბევრი ქვეყანა ნედლეულისა და კომპონენტების იმპორტს ახორციელებს, სანამ გლობალურ ბაზრებზე მზა პროდუქტს საექსპორტოდ გასცემს.
2025 წლის მონაცემებით, გლობალურ საიმპორტო მაჩვენებლებში აშშ ლიდერობს. გასულ წელს შეერთებულ შტატებში $3.5 ტრილიონის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. ქვეყანა კვლავ რჩება მომხმარებელთა გლობალური მოთხოვნის მთავარ მამოძრავებელ ძალად, რომელიც მსოფლიოს სავაჭრო პარტნიორებისგან ელექტრონიკის, სატრანსპორტო საშუალებების, დანადგარების, ტანსაცმლისა და სამრეწველო საქონლის მასიურ იმპორტს ახორციელებს.
მეორე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ჩინეთია, სადაც 2025-ში $2.6 ტრილიონის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. რეიტინგში მესამე ადგილს კი $1.5 ტრილიონის ღირებულების იმპორტით გერმანია იკავებს.
| ადგილი | იმპორტიორი | ღირებულება | ცვლილება 2024-თან |
| 1 | აშშ | $3.5 ტრილიონი | 4% |
| 2 | ჩინეთი | $2.6 ტრილიონი | 0% |
| 3 | გერმანია | $1.5 ტრილიონი | 9% |
| 4 | გაერთიანებული სამეფო | $949 მილიარდი | 16% |
| 5 | ნიდერლანდები | $870 მილიარდი | 7% |
| 6 | ჰონგ-კონგი | $832 მილიარდი | 18% |
| 7 | საფრანგეთი | $786 მილიარდი | 5% |
| 8 | იაპონია | $756 მილიარდი | 2% |
| 9 | ინდოეთი | $753 მილიარდი | 5% |
| 10 | მექსიკა | $683 მილიარდი | 4% |
რაც შეეხება უმსხვილეს ექსპორტიორებს, აქ ჩინეთი ლიდერობს. 2025 წელს ჩინეთიდან $3.8 ტრილიონის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ჩინეთის ექსპორტში დომინირება მისი უზარმაზარი საწარმოო ბაზით არის განპირობებული, რომელიც მსოფლიო ბაზრებს აწვდის ყველაფერს, სამომხმარებლო ელექტრონიკით დაწყებული, სამრეწველო დანადგარებით დამთავრებული.
იმპორტის მაჩვენებლების მსგავსად, პირველ და მეორე პოზიციას ექსპორტშიც აშშ და ჩინეთი იყოფენ. 2025 წელს აშშ-დან $2.2 ტრილიონის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. რეიტინგის მესამე პოზიციაზე კი ამ მიმართულებაშიც გერმანიაა($1.8 ტრილიონი).
როგორც ხედავთ, მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე ერთი და იგივე სახელმწიფოები ხვდებიან. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წამყვანი ეკონომიკების დომინაციას გლობალურ ვაჭრობაში.
| ადგილი | იმპორტიორი | ღირებულება | ცვლილება 2024-თან |
| 1 | ჩინეთი | $3.8 ტრილიონი | 5% |
| 2 | აშშ | $2.2 ტრილიონი | 6% |
| 3 | გერმანია | $1.8 ტრილიონი | 5% |
| 4 | ნიდერლანდები | $989 მილიარდი | 7% |
| 5 | ჰონგ-კონგი | $754 მილიარდი | 17% |
| 6 | იაპონია | $738 მილიარდი | 4% |
| 7 | იტალია | $726 მილიარდი | 8% |
| 8 | სამხრეთი კორეა | $709 მილიარდი | 4% |
| 9 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | $707 მილიარდი | 17% |
| 10 | საფრანგეთი | $683 მილიარდი | 7% |
შესამჩნევია, რომ როგორც საიმპორტო, ისე საექსპორტო რეიტინგებში მაღალი პოზიციები დაიკავეს ისეთმა მცირე ეკონომიკებმა, როგორებიც ნიდერლანდები და ჰონგ-კონგია. ნიდერლანდების შემთხვევაში ეს მისი გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებაა, რადგან ის ევროპისთვის საპორტო კარიბჭეს წარმოადგენს და, შესაბამისად, ქვეყანაში პორტები და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა განვითარებული. ჰონგ-კონგი კი ჩინეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩინეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის 40% სწორედ ჰონგ-კონგში მიდის.
















