ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 60-მდე ეკონომიკისთვის დამატებით 10-12.5%-იანი ტარიფების დაწესება დააანონსა. მიზეზად აღნიშნული ეკონომიკების მხრიდან იძულებითი შრომის შემთხვევებთან ბრძოლის წარუმატებლობა და შედეგად აშშ-ის ვაჭრობის დაზარალება სახელდება.
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლობის ოფისის მიერ გაკეთებული აღნიშნული შეთავაზება სექცია 301-ის ფარგლებში უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის გამოძიების უკანასკნელი აღმოჩენაა. გამოძიება ტრამპის მიერ თავდაპირველად დაწესებული ტარიფების აღდგენის მოტივით მიმდინარეობს, რომელიც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის განცხადებით, იძულებითი შრომის შემთხვევების გამო, აშშ 10%-იან ტარიფებს დაუწესებს კანადიდან, ეკვადორიდან, ევროკავშირიდან, ინდონეზიიდან, მექსიკიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ბანგლადეშიდან, კამბოჯიდან, ელ-სალვადორიდან, გვატემალიდან, მალაიზიიდან, ტაივანიდან და ბრიტანეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას. გამოძიების ფარგლებში გამოკვლეულ დარჩენილ 45 სახელმწიფოს კი 12.5%-იანი ტარიფები დაუწესდებათ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული საყოველთაო საპასუხო ტარიფები უკანონოდ ცნო და გააუქმა. აღნიშნულის საპასუხოდ დონალდ ტრამპმა 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელთა ვადაც 24 ივლისს იწურება.
იძულებითი შრომის შესახებ საგამოძიებო დასკვნაში, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლობის სამსახურმა განაცხადა, რომ ტარიფებიდან გაათავისუფლებდა რიგ პროდუქტებს, მათ შორის ენერგეტიკულ პროდუქტებს, იშვიათ მეტალებს და სხვა ლითონებს, საქონლის ხორცს, ყავას, გარკვეულ ხილსა და ბოსტნეულს, ფარმაცევტულ პროდუქტებს, ორგანულ ქიმიკატებს და თვითმფრინავის ნაწილებს.
















