როგორ გამდიდრდა „პეპსი“?

2 (2)

კომპანია „პეპსის“ ოფიციალური სახელი არის „პეპსიკო“ (PepsiCo). არ არის გასაკვირი, რომ ძირითადად „პეპსის“ სახელით მოიხსენიებენ, რადგან მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტი პეპსია. 2024 წელს „პეპსიკომ“ 92 მილიარდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 13 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 99 მილიარდ დოლარამდეა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 211 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 318 ათასი ადამიანი.

სასმელების კომპანიებს შორის, შემოსავლის მიხედვით „პეპსიკო“ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მნიშვნელოვნად უსწრებს მის ტრადიციულ კონკურენტს „კოკა-კოლას“. ამის მიზეზი არის ის, რომ „პეპსის“ შემოსავალი მხოლოდ სასმელებზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად, მას ეკუთვნის ცნობილი ჩიპსები – „ლეისი“ და „დორიტოსი“.

1893 წელს ამერიკელმა ფარმაცევტმა და ბიზნესმენმა კალებ ბრედჰემმა ჩრდილოეთ კაროლინაში სასმელი სახელწოდებით – „ბრედის სასმელი“ დაამზადა, რომელსაც აფთიაქში ყიდდა. რამდენიმე წლით ადრე გამოჩნდა დღემდე მისი მთავარი კონკურენტი „კოკა-კოლა“, თავდაპირველად – ისიც აფთიაქში. 1898 წელს ბრედჰემმა სასმელს სახელი შეუცვალა და „პეპსი-კოლა“ დაარქვა. სასმელი წარმატებულად იყიდებოდა და ამიტომ, 1902 წელს ბრედჰემმა კომპანია „პეპსი-კოლა“ დააფუძნა. 1903 წელს კი სასმლის რეცეპტის პატენტი დაარეგისტრირა, ამავე წელს 8 ათას ქილამდე პეპსი გაყიდა.

კომპანიის საქმიანობა პირველ მსოფლიო ომამდე და შაქრის გაძვირებამდე კარგად მიდიოდა, 1923 წელს კი გაკოტრდა და ბრედჰემი ფარმაცევტულ საქმიანობას დაუბრუნდა. ამავე წელს კომპანია და პეპსის რეცეპტი „კრავენ ჰოლდინგმა“ შეიძინა, რომლისგანაც 1931 წელს ბროკერმა როი მეგარგელმა და ბიზნესმენმა ჩარლზ გუტმა შეისყიდა. გუტს 115 მაღაზიისგან შემდგარი ქსელი და რამდენიმე რესტორანი ჰქონდა, სადაც კოკა-კოლას ნაცვლად პეპსი-კოლა შეიტანა გასაყიდად. კომპანიის საქმე დიდი წარმატებით არ მიდიოდა.

1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ დროს პეპსი გაიაფდა. 350 მილილიტრის მოცულობის ბოთლი პეპსი 5 ცენტი ღირდა, როცა კოკა-კოლას ანალოგიური მოცულობის ბოთლი 2-ჯერ ძვირი იყო. სიიაფე მნიშვნელოვნად დაეხმარა კომპანიას ბაზრის წილის ზრდაში.

1940 წელს კომპანია აქტიურ სარეკლამო კამპანიაზე გადავიდა. რეკლამები ძირითადად კომიქსებს დაუკავშირა, რამაც გაამართლა.

1950 წელს „პეპსი-კოლას“ მფლობელი „კოკა-კოლას“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალფრედ სტილი გახდა. მისმა აქტიურმა მცდელობამ, გაეფართოებინათ სარეკლამო კამპანია და გაყიდვების პრომოუშენი, შედეგი გამოიღო, 50-იან წლებში კომპანიის შემოსავლები 11-ჯერ გაიზარდა და „კოკა-კოლას“ მთავარი კონკურენტი გახდა.

1965 წელს „პეპსი-კოლა“ კვების პროდუქტების კომპანია „ფრიტო-ლეისთან“ გაერთიანდა. გაერთიანებულმა კომპანიამ რესტორნების ქსელები „პიცა ჰატი“ და „ტაკო ბელი“ შეიძინა, რომლებიც მოგვიანებით გაყიდა. კომპანიის საქმე იმდენად წარმატებულად მიდიოდა, რომ „კოკა-კოლას“ გაყიდვების გადასწრების ამბიციაც კი გაუჩნდა.

1974 წელს პეპსი გახდა პირველი ამერიკული პროდუქტი, რომლის წარმოება და გაყიდვა საბჭოთა კავშირში დაიწყო. რაც ბარტერი იყო. სანაცვლოდ „პეპსის“ ამერიკაში რუსული არაყი „სტოლიჩნაია“ შეჰქონდა. 1982 წელს უკვე პეპსის 7 ქარხანა იყო საბჭოთა კავშირში, აქედან ერთი საქართველოში, სოხუმში იყო განთავსებული. 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირმა „პეპსიკოს“ დავალიანების ნაწილი 17 ჩამოწერილი საბრძოლო გემის გადაცემით დაფარა.

1984 წელს „პეპსი“ იწყებს ახალ სტრატეგიას, მისი სარეკლამო სახეები ხდებიან ცნობილი მომღერლები და სპორტსმენები. პირველი ასეთი სარეკლამო სახე იყო მაიკლ ჯექსონი.

1990-იან და 2000-იან წლებში „პეპსიმ“ რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის სასმელებისა და საკვების მწარმოებელი კომპანია შეისყიდა. 2005 წელს კომპანიის შემოსავალმა 33 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2009 წელს 7 მილიარდ დოლარად ორი დიდი ჩამოსასხმელი ქარხანა იყიდა: Pepsi Bottling Group-ი და PepsiAmericas-ი. 2012 წელს დიდი რუსული სასურსათო კომპანია Wimm-Bill-Dann Foods-ი შეიძინა, რის შედეგადაც „პეპსი“ სასმელების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანია გახდა რუსეთში. 2012 წელს კომპანიის შემოსავალმა 65 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დღეს პეპსისთან ერთად კომპანიის ცნობილი და კარგად გაყიდვადი ბრენდებია: „ლეისი“, „ტროპიკანა“, „7 Up“, „მირინდა“, „ჩიტოსი“, „დორიტოსი“, „ლიპტონი“, „აქუაფინა“ და სხვა.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა