ფოტო: MIT
Global Wind Energy Council-ის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ქარის ენერგიის სექტორმა 2025 წელს რეკორდული ზრდა აჩვენა. კერძოდ, გლობალურად დამატებულმა სიმძლავრემ 165 გიგავატს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით 40%-ით მეტია. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზრდის არსებული ტემპი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად მაინც არასაკმარისია.
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი ენერგია უკვე მსოფლიო ელექტროენერგიის საერთო სიმძლავრის თითქმის ნახევარს შეადგენს. პარალელურად, წელს ნავთობისა და გაზის ფასების ზრდამ, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით არის გამოწვეული, ქვეყნები ალტერნატიული ენერგიის წყაროებისკენ უფრო მეტად მიმართა.
ქარის ენერგიის კუთხით ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ ხმელეთზე განთავსებული ობიექტები იყო, რომლებმაც 42%-იანი მატება (155.3 გიგავატი) აჩვენა. ოფშორული ობიექტების სიმძლავრე კი 18%-ით გაიზარდა (9 გიგავატი).
რეგიონების მიხედვით ლიდერობა აზიამ, განსაკუთრებით ჩინეთმა და ინდოეთმა შეინარჩუნეს. მათ საკუთარ სიმძლავრეებს საერთო ჯამში 131 გიგავატი დაამატეს, რაც მსოფლიო მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს. მხოლოდ ჩინეთმა, ახალი ობიექტების მეშვეობით რეკორდული, 120.5 გიგავატი სიმძლავრე დაამატა.
ახალი პროექტების შედეგად, გლობალურად ქარის ენერგიის დადგმული სიმძლავრე თითქმის 1.3 ტერავატამდე გაიზარდა. თუმცა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიზნების მისაღწევად, კერძოდ, 1.5°C-ზე დათბობის ზღვრის შენარჩუნების სცენარით, ექსპერტების შეფასებით, ყოველწლიურად დაახლოებით 320 გიგავატი ახალი სიმძლავრის დამატებაა საჭირო. ეს ამჟამინდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.











