27 ივნისს ბაქოში UFC-ის ღონისძიება გაიმართება

27 ივნისს ბაქოში UFC-ის ღონისძიება გაიმართება

ფოტო: stocktitan.net

 

შერეული საბრძოლო ხელოვნების წამყვანი ორგანიზაცია, UFC, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში UFC Fight Night 280-ს გამართავს. ღონისძიებას 27 ივნისს National Gymnastics Arena უმასპინძლებს.

UFC-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსთან და ბაქოს საქალაქო სარბოლო ტრასის ოპერატორ კომპანიასთან (BCC) შეთანხმების შესახებ განაცხადა. შეთანხმების პირობებით, ორგანიზაცია UFC Fight Nights-ს ბაქოში 2028 წლამდე, წელიწადში ერთხელ ჩაატარებს.

პარტნიორობა ოფიციალურად ლას-ვეგასში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, სადაც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა და აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ფარიდ გაიბოვმა გასული წლის წარმატებული დებიუტი შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეგახსენებთ, UFC-ის პირველი ღონისძიება ბაქოში 2025 წელს ჩატარდა. Baku Crystal Hall-ში გამართულ ღონისძიებას, რომლის ბილეთებიც სრულად გაიყიდა, 14,000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ფარიდ გაიბოვის განცხადებით, UFC-თან გაფორმებული შეთანხმება ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის, როგორც გლობალური სპორტული ჰაბის, პოზიციონირებას. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა რეგიონში MMA-ს განვითარებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას, საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიურად გამოჩნდნენ.