Reuters: რუსეთი გერმანიისთვის „დრუჟბის“ მილსადენით ყაზახური ნავთობის მიწოდების შეჩერებას გეგმავს

Reuters: რუსეთი გერმანიისთვის „დრუჟბის“ მილსადენით ყაზახური ნავთობის მიწოდების შეჩერებას გეგმავს

ფოტო: AP

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი 1-ელი მაისიდან ყაზახეთიდან გერმანიის მიმართულებით „დრუჟბის“ მილსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდების შეჩერებას გეგმავს.

მედიასააგენტოს ცნობით, საკითხთან დაახლოებულმა სამმა წყარომ განუცხდა, რომ განახლებული საექსპორტო გრაფიკი უკვე გადაეგზავნა როგორც ყაზახეთს, ისე გერმანიას. მიწოდების შეჩერება შესაძლოა დამატებითი დარტყმა იყოს გერმანიის ენერგომომარაგებისთვის, რომელიც ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის ფონზე ისედაც ზეწოლის ქვეშაა.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ყაზახურმა ნავთობმა, რომელიც რუსული „დრუჟბის“ მილსადენის მეშვეობით გერმანიას მიეწოდებოდა, 2.146 მილიონ ტონას მიაღწია (დაახლოებით 43,000 ბარელი დღეში), რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია. 2026 წლის პირველ კვარტალში კი მაჩვენებელმა 730,000 ტონა შეადგინა.

ტრანზიტის სრულად შეჩერების შემთხვევაში, სერიოზულად დაზარალდება PCK-ის ქარხანა, რომელიც გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამმუშავებელი ობიექტია. მიწოდების შეჩერება ქარხნის წლიური გადამუშავების მაჩვენებელს დაახლოებით 17%-ით შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ ის პროდუქციით ბერლინისა და ბრანდენბურგის რეგიონში ავტომობილების დაახლოებით 90%-ს ამარაგებს.

Reuters-ი წერს, რომ ოფიციალური კომენტარები ამ ეტაპზე არ გაკეთებულა. მისივე ცნობით, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ მოთხოვნას არ უპასუხა, ხოლო კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და საკითხის გადამოწმების პირობა დადო.

არც ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო და არც გერმანიის მთავრობა ამ დროისთვის ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებენ.