ფოტო: Shutterstock
2025 წელს ევროკავშირში იმიგრანტების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 64.2 მილიონი შეადგინა. მონაცემები RFBerlin-ის მიგრაციის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული, რომელიც Eurostat-ისა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სტატისტიკას ეყრდნობა.
შედარებისთვის, 2010 წელს ევროკავშირში იმიგრანტების რაოდენობა 40 მილიონს შეადგენდა. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს მაჩვენებელი წლიურად დაახლოებით 2.1 მილიონით გაიზარდა.
ანგარიშის ერთ-ერთი ავტორის, ტომასო ფრატინის განცხადებით, მიგრანტების მთავარ დანიშნულების ქვეყნად კვლავ გერმანია რჩება როგორც აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ისე მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით.
კვლევა ასევე მიუთითებს, რომ მიგრაციული ტენდენციები ევროკავშირში არათანაბრად ნაწილდება. ყველაზე მაღალი წილი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით ფიქსირდება ლუქსემბურგში, მალტასა და კვიპროსში.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთზე, იტალიაზე, საფრანგეთსა და გერმანიაზე ერთობლივად თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების თითქმის სამი მეოთხედი მოდის.
ამასთან, გერმანია ლიდერობს ლტოლვილთა რაოდენობითაც. ქვეყანაში სულ 2.7 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს.








