საქართველო მთავრობის ვალით მსოფლიოში 146-ე ადგილზეა

2 (4)

ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით  საქართველო მსოფლიოში 146-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახისაა: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციული ბანკებისთვის ან ფინანსური ფონდებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და განვითარებად ქვეყნებს გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად და ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აძლევენ.

ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე და ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.

ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 16 აპრილს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2025 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 34.3% იყო და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 188 ქვეყანას შორის 146-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მძიმე დავალიანება 145 ქვეყანას აქვს, 42 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2024 წელს საქართველო რეიტინგში 143-ე ადგილზე იყო მშპ-ის მიმართ 36.1%-ის სიდიდის ვალით, 2023 წელს კი 139-ე ადგილზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ვალი 35.8 მილიარდი ლარი იყო. აქედან, 24.2 მილიარდი ლარი საგარეო ვალი იყო, ხოლო 11.6 მილიარდი – საშინაო ვალი. 2025 წელს მთავრობის საგარეო ვალი 600 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საშინაო ვალი 1.1 მილიარდი ლარით. მთავრობის ვალის ნომინალური გამოსახულების ზრდის მიუხედავად, ეკონომიკის (მშპ-ის) ზრდის გამო, ვალი მშპ-ის მიმართ 35.7%-დან 34.3%-მდე შემცირდა.

2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის ვალი იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით შემცირდა – 38.2%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40%-მდე გაიზარდა. 2020 წელს კი პანდემიის გამო ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20% პუნქტით გაიზარდა და 59.6% შეადგინა. ბოლო 5 წელიწადში კი ისევ შემცირდა 25.3% პუნქტით.

საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2015-2025 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს

სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად ვენესუელას აწევს, სადაც მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 309%-ია. მეორე ადგილზე იაპონიაა, რომელსაც მშპ-ის მიმართ 207% ვალი აქვს.

ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 38 ტრილიონი დოლარი. შემდეგ ჩინეთი მოდის 19.5 ტრილიონი დოლარი ვალით და იაპონია 9 ტრილიონი დოლარით. ზოგადად, მდიდარი ქვეყნებისთვის უფრო მარტივია ვალის მომსახურება, ვიდრე ღარიბი ქვეყნებისთვის. ამასთან ერთად, მდიდარ ქვეყნებს გასესხებულიც აქვთ სხვა ქვეყნების მთავრობებზე.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 49% და მსოფლიოში 107-ე ადგილზეა. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 23.5%-ით. აზერბაიჯანის მთავრობის ვალი მშპ-ის 20.1%-ია, რუსეთის კი მშპ-ის 17.2%.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 1.5%. შემდეგ მოდის ტუვალუ მშპ-ის მიმართ 3.6%-ით და თურქმენეთი მშპ-ის მიმართ 3.8% დავალიანებით. დაბალი დავალიანება ძირითადად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ.

ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2025 წლის ბოლო

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1ვენესუელა309
2იაპონია207
3სუდანი188
4სინგაპური171
5ბაჰრეინი148
6საბერძნეთი146
7ლიბანი139
8იტალია137
9სენეგალი130
10მალდივის კუნძულები125

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა