ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეტალები

ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეტალები

ფოტო: https://t.me/V_Zelenskiy_official

 

ორშაბათს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მერვე სამიტს უმასპინძლა. სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქში ჩასულ ოფიციალურ პირებს შორის იყვნენ: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მონაკოს პრინცი ალბერტ II და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

EPC-ის ფორმატი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩამოყალიბდა, თუმცა მის მიზანს არ წარმოადგენს ფორმალური წერილობითი დოკუმენტების ან/და იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებების გაფორმება. ამის ნაცვლად, სამიტი იქცა პლატფორმად მსოფლიო ლიდერებს შორის არაფორმალური დიალოგის, ორმხრივი შეხვედრებისა და დისკუსიების გასამართად.

წლევანდელი სამიტის სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

მსგავსი ფორმატის მიუხედავად, წელს ერევანში ჩასულ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის მწვავე და შინაარსიანი დისკუსიებიც გაიმართა, რაც ნათელი გამოხატულება იყო მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გახანგრძლივებისა და პოტენციური ენერგეტიკული კრიზისის წარმოქმნის რაც საწვავის ფასების ზრდასა ან მარაგების მკვეთრ შემცირებაში უკვე გამოიხატება.

ერევანში, EPC-ის რიგით მერვე სამიტზე, არ იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პოლიტიკური ფიგურაა. ფრიდრიხ მერცს, რომელმაც განაცხადა, რომ „ირანის ხელისუფლება აშშ-ს ამ ომში ფაქტობრივად ამცირებს“, ტრამპის მიერ გერმანიიდან 5,000-მდე ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის მუქარა მოჰყვა. დამატებით კი აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკავშირის ავტომობილებზე არსებული 15%-იანი ტარიფების 25%-მდე ზრდაც დააანონსა, რაც გერმანიას, რომლის ეკონომიკაც ავტომობილების ექსპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აქცევს.

„მე არ ვამბობ უარს, ვიმუშაო ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, — განუცხადა მერცმა გერმანიის მედიაკომპანიას (ARD), — არც დონალდ ტრამპთან თანამშრომლობაზე ვამბობ უარს“.

EPC-ის ფარგლებში კი მსოფლიო ლიდერები თავს არიდებდნენ განცხადებებს, რომლებიც არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებდა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, განაცხადა, რომ ევროპელებმა თეთრი სახლის გზავნილი „იმედგაცრუების“ შესახებ მიიღეს, ხოლო კაია კალასმა თქვა, რომ რეგიონი თავდაცვაში სამხედრო წვლილის გაზრდისთვის მზადაა.

მერცისგან განსხვავებით, EPC-ზე იმყოფებოდა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, რომელიც პირველი არაევროპელი ლიდერი გახდა, რომელმაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა. კარნიმ კანადასა და ევროპას შორის არსებულ „საერთო მომავალზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამყარო წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს ეყრდნობა, რომელიც თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას, პლურალიზმსა და დემოკრატიას გულისხმობს. მსგავსი განცხადებებით კი, ფაქტობრივად, კანადის პრემიერი დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც გამოვიდა, რაც გასაკვირი არაა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობისა და მეორე ვადით საპრეზიდენტო პერიოდის დაწყებისას ტრამპის გაცხადებული სურვილის ფონზე, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს.

„ჩემი მტკიცე რწმენით, საერთაშორისო წესრიგი თავიდან შეიქმნება და ეს პროცესი სწორედ ევროპიდან დაიწყება. ამიტომ ძალიან ვაფასებ ამ მოწვევის სიმბოლურ დატვირთვას“, — განაცხადა კარნიმ და თავისი სიტყვებით გამოეხმაურა დავოსში გაჟღერებულ იდეას საშუალო ძალის მქონე სახელმწიფოების (Middle Powers) კოალიციის შექმნის შესახებ, რომელიც აშშ-ისა და ჩინეთის დომინაციის საპირწონედ ჩამოყალიბდება.

რა თქმა უნდა, დისკუსიების ცენტრალურ თემად დარჩა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი. განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, რამაც გააჩინა შეშფოთება, რომ კიევის საკითხმა შესაძლოა, უკანა ფონზე გადაიწიოს. ერევანში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი აქტიურ მოლაპარაკებებს მართავდა სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის კირ სტარმერთან (გაერთიანებული სამეფო), პეტერი ორპოსთან (ფინეთი), იონას გარ სტიორესთან (ნორვეგია) და ანდრეი ბაბიშთან (ჩეხეთი). ზელენსკი ასევე ესაუბრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ დაზიანებული „დრუჟბას“ მილსადენით მიწოდების აღდგენაზე დავა ჰქონდა.

სამიტის მიმდინარეობისას უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნა წამოაყენა: უკრაინის ბრძოლისუნარიანობის გასაძლირებლად სამხედრო დახმარების ზრდა, ევროკავშირში გაწევრიანება — კერძოდ კი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დაწყება, რასაც ამჟამად უნგრეთი ბლოკავს — და რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნება.

ზელენსკი მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობასაც შეეხო და განაცხადა, რომ კრემლთან ნებისმიერი სახის დიალოგისას ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს. მისივე თქმით, კიევი მუდმივ კავშირშია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მათი პოზიციაც ესმის, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებისას აუცილებელია, რომ ევროპას ერთიანი და მტკიცე პოზიცია ჰქონდეს.

დიალოგისა და ფოტოსესიის მიღმა კი ერევანში ყველას ყურადღების ცენტრში აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შორის დაპირისპირება მოექცა. ალიევმა, რომელიც დილის სესიაზე სამიტს ვირტუალურად ჩაერთო, ევროპარლამენტი და თავად მეცოლა მისი ქვეყნის წინააღმდეგ „ცილისწამებისა და სიცრუის“ გავრცელებაში დაადანაშაულა. ალიევის განცხადებით, ევროპარლამენტს აზერბაიჯანის შესახებ მიღებული 14 კრიტიკული რეზოლუცია ერთგვარ „აკვიატებად“ ექცა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრალდებების საპასუხოდ, დამსწრეებს სიტყვით თავად რობერტა მეცოლამაც მიმართა: „ევროპარლამენტი პირდაპირი წესით არჩეული დემოკრატიული ორგანოა, რეზოლუციები კი უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღება. შედეგები შესაძლოა ზოგისთვის მისაღები არ იყოს, თუმცა ჩვენი მუშაობის მექანიზმს არასდროს შევცვლით“.

მწვავე ჩართვის მიუხედავად, ევროპელმა ლიდერებმა ალიევის გადაწყვეტილება, ამ ფორმატით მაინც მიეღო მონაწილეობა სომხეთში გამართულ სამიტში, დადებითად შეაფასეს.

ევროპის ლიდერებს შორის განსახილველ საკითხებს შორის ენერგეტიკული კრიზისი და გაზრდილი ენერგოფასებიც მოხვდა. ისედაც აქტუალურმა თემამ ბევრად მტკივნეული ხასიათი უკრაინაში ომის დაწყების, წელს კი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკადის შემდეგ შეიძინა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, აღნიშნა, რომ წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულება მთელ ბლოკს გარე შოკების მიმართ მოწყვლადს ხდის. მისივე თქმით, აღნიშნული თემა ევროკავშირისთვის ყოველთვის „დაბრკოლების ლოდი“ იყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ნამდვილ კრიტიკულ წერტილად იქცა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა და ევროკავშირს „რისკების შემცირების“ პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა. ამავდროულად, ის ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორის, რომელმაც აშშ-ზე პირდაპირ ისაუბრა: „ჩვენ განსაკუთრებით ვხვდებით, თუ რას ნიშნავს იყო სხვაზე ზედმეტად დამოკიდებული, როდესაც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ამერიკის ქოლგაზე ვსაუბრობთ. მოდი, ვიყოთ გულწრფელები. ეს მთავარი პრობლემაა, თუმცა ამაზე საუბარს ყველა გაურბის“.

საინტერესოა, რომ ერევანში გამართული სამიტი ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პლატფორმადაც იქცა. ფონ დერ ლაიენი და კირ სტარმერი შეთანხმდნენ, რომ ლონდონი უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის უზრუნველყოფის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, რეალურად, სომხეთში სამიტის მოწვევა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო პრემიერ ფაშინიანის მხრიდან, რომელსაც მომავალ თვეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გამართვაც უწევს. აღნიშნული მაკრონმა სომხეთის რუსული „სატელიტობისგან“ თავის დაღწევად და „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად შეაფასა.

კრემლმა ფაშინიანი გააფრთხილა კიდეც, რომ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირთან ერთდროული პარტნიორობა შეუძლებელია. ეს პირდაპირ იქნა აღქმული, როგორც მოსკოვის მუქარა გაზის მიწოდების შეწყვეტაზე, თუმცა ფაშინიანმა არჩევანი მაინც დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტი კი სომხეთს 24-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწვია. ზელენსკი ფაშინიანსაც ესაუბრა, რასაც უკრაინის პრეზიდენტი უკვე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა, ერევანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 24 წლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი სომხეთში ქვეყნებს შორის დიალოგის აღსადგენად საჭირო ნაბიჯი იყო.

ცნობისთვის, ერევანში მიმდინარე სამიტზე ზელენსკის კობახიძე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც შეხვდნენ. ქართული მხარის ინფორმაციით, „საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო“.

„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და ახლაც პატივს სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ქართველ ხალხს. თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, — წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ზელენკისთან შეხვედრაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც. კობახიძეს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ყურადღება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე გაამახვილა:

„შეხვედრის შინაარსზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის, ფორმატის შეხვედრა. თუმცა, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის… თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო საუბარი ჩვენს შორის და ძალიან მეგობრული.

ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ჩვენთვის არის  მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს და მას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად… ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე“.

მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას კი სოციალური ქსელ X-ის საშუალებით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა.

„ერევანში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე ქართველ კოლეგასთან. გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო განვითარების სხვადასხვა საკითხზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში. დამატებით განვიხილეთ ორმხრივად მოგებიანი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხი. შევთანხმდით სამომავლოდ კონტაქტის შენარჩუნებაზე“, — ვკითხულობთ სიბიჰას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე: „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“. დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, მონაწილეობდნენ: კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ.