Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა „სამსუნგი”?

„სამსუნგის“ საბაზრო კაპიტალიზაცია (კომპანიის ღირებულება) 1 ტრილიონ დოლარს გადასცდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. ამერიკული კომპანიების გამოკლებით, მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 3 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა 400 მილიარდი დოლარიდან 1.2 ტრილიონ დოლარამდე.
2025 წელს „სამსუნგმა“ 235 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 35 მილიარდი დოლარი შეადგინა. შემოსავლების მიხედვით „სამსუნგი“ მსოფლიოში 25-ე ადგილზეა. კომპანიის აქტივები 394 მილიარდი დოლარია, დასაქმებული ჰყავს 263 ათასამდე ადამიანი.
1938 წელს კორეის (დღევანდელი სამხრეთი კორეა) ერთ პატარა სოფელში მცხოვრები მიწათმფლობელი, 28 წლის ლი ბონ ჩოლი ქალაქ დეგუში გადავიდა საცხოვრებლად და დაახლოებით 2,000 დოლარით კომპანია „სამსუნგი“ (ითარგმნება როგორს „სამი ვარსკვლავი“) დააფუძნა. კომპანია, სადაც 40 ადამიანი მუშაობდა, ძირითადად სურსათით, თევზითა და ბოსტნეულით ვაჭრობდა. კომპანიის შემოსავლები იზრდებოდა და 1947 წელს ბონ ჩოლმა ვაჭრობა კორეის დედაქალაქ სეულშიც დაიწყო, ოფისიც სეულში გადაიტანა. კორეის ომის დროს სეულის დატოვება მოუწია და ბიზნესს 1954 წელს დაუბრუნდა, ქალაქ ბუსანში შაქრის, ხოლო ქალაქ დეგუში შალის გადამმუშავებელი ქარხანა გახსნა. ორივე ქარხანა კომპანია „სამსუნგის“ საკუთრება იყო.
1957 წელს „სამსუნგის“ კომპანიების ჯგუფს სადაზღვევო კომპანია შეემატა (Samsung Life Insurance). აღდგა „სამსუნგის“ სავაჭრო კომპანიაც, რომელიც დღეს Samsung C&T Corporation-ის სახელით არის ცნობილი და ვაჭრობასთან ერთად მშენებლობითაც არის დაკავებული. „სამსუნგი“ თანდათან კონგლომერატად ჩამოყალიბდა და დღემდე რამდენიმე სექტორში მომუშავე კომპანიებს აერთიანებს.
50-იან წლებში „სამსუნგმა“ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო სახელმწიფოსგან, რადგან ის გახდა ერთ-ერთი ე.წ. „ჩებოლი“, რომელზეც მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა. „ჩებოლი“ იყო იაპონური „ძაიბაცუს“ ანალოგი, ანუ მსხვილი ინდუსტრიული კონგლომერატი. „სამსუნგი“ იღებდა დაკვეთებს მთავრობისგან, თუ რა უნდა ეწარმოებინა და ასევე სარგებლობდა სამთავრობო შეღავათიანი სესხებით და საგადასახადო შეღავათებით. კორეაში ამ პერიოდში 30-მდე „ჩებოლი“ შეიქმნა, მაგრამ „სამსუნგი“ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ასევე ცნობილი „ჩებოლებია“ LG, Daewoo და Hyundai. ზოგიერთი მათგანი კი დროთა განმავლობაში გაკოტრდა.
1961 წელს სამხრეთ კორეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ლი ბონ ჩოლი, როგორც ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებული პირი, დააპატიმრეს. მათ შორის კორუფციულ ფაქტებშიც ამხილეს, მაგრამ ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, „ჩებოლების“ მფლობელები არ დაესაჯა, რადგან ისინი ქვეყნის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობდნენ. ლი ბონი ქვეყნის ახალი მმართველს, გენერალ პაკ ჩონ ჰის დაუახლოვდა და მისი ნდობა მოიპოვა. მთავრობამ ექსპორტის გაფართოება დაავალა და შეღავათიანი კრედიტები მისცა.
ლი ბონ ჩოლის და კონგლომერატ „სამსუნგის“ ყველაზე დიდი წარმატება 1969 წლიდან იწყება, როდესაც დაარსდა Samsung Electronics-ი, რომელიც თავიდან შავ-თეთრ ტელევიზორებს უშვებდა. ელექტრონიკა ქვეყანაში სტრატეგიულ დარგად გამოცხადდა.
1970-იან წლებში „სამსუნგმა“ მთავრობის დავალებით გემების მშენებლობაც დაიწყო. ეს ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის გეგმის ნაწილი იყო. 70-იანი წლების ბოლოს „სამსუნგმა“ საკუთარი მაღაზიებისა და სერვისცენტრების გახსნა დაიწყო.
1974 წელს კონგლომერატს კომპანიები Samsung Petrochemical-ი და Samsung Heavy Industries-ი შეემატა.
1983 წლიდან კომპანია კომპიუტერებისა და მიკროსქემების წარმოებას იწყებს. 80-იანი წლების დასაწყისიდან მისი ელექტროტექნიკა უკვე ექსპორტზეც გადის.
1987 წელს „სამსუნგის“ დამაარსებელი გარდაიცვალა და მისი საქმე შვილმა, ლი კუნ ჰიმ გააგრძელა, რომელიც 2020 წლამდე, გარდაცვალებამდე მართავდა კომპანიას. მას შემდეგ კომპანიას მისი შვილი მართავს.
1991 წლიდან „სამსუნგმა“ ტელეფონების გამოშვება დაიწყო. 1993 წელს შეიცვალა კომპანიის ლოგო, სამვარსკვლავიანი ლოგო დღეს არსებულმა ცნობილმა ლოგომ ჩაანაცვლა.
1998 წელს კომპანიამ ციფრული ტელევიზორები, ხოლო 1999 წელს მობილური ტელეფონები გამოუშვა. 2000-იანი წლებიდან „სამსუნგის“ ტექნიკა, რომელიც გამორჩეული იყო დახვეწილი დიზაინით და ხარისხით, ბევრ ქვეყანაში გამოჩნდა.
1900-იანი წლების დასაწყისში კომპანიის საწარმოებზე ქვეყნის ეკონომიკის 2%-მდე მოდიოდა, რაც 2025 წლისთვის 13%-მდე გაიზარდა.
დღეისათვის „სამსუნგი“ 80-მდე კომპანიას მოიცავს და საქონელსა და მომსახურებას თითქმის ყველა დარგში აწარმოებს, ესენია: საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკა, ქიმიური პროდუქტები, თვითმფრინავების დეტალები, სამედიცინო ტექნიკა, გემები, რეკლამა, დაზღვევა, მშენებლობა, ჯანდაცვა, სასტუმროები და ა.შ.
2005 წელს კომპანიის შემოსავალი 70 მილიარდი დოლარი იყო, რომელიც მომდევნო 20 წელიწადში 3.5-ჯერ გაიზარდა.
ბოლო წლებში „სამსუნგის“ აქციების ფასის სწრაფი ზრდა (და აქედან გამომდინარე საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა) ხელოვნური ინტელექტის ბუმს უკავშირდება, რომელმაც ჩიპებზე გაზარდა მოთხოვნა, „სამსუნგი“ კი DRAM- და NAND-მეხსიერების ჩიპების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
