არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

ქართული დეველოპერული კომპანია „არქი“ შუა აზიის უდიდეს  დეველოპერ BI Group-თან სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს. თანამშრომლობა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას ისახავს მიზნად.

ყაზახეთში დაფუძნებული BI Group-ი დღეს უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა (დუბაი) და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირებს. 30 წლის წინ დაარსებულ კომპანიას უკვე 9 მილიონ კვ.მ-მდე საცხოვრებელი უძრავი ქონება აქვს ჩაბარებული და 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანიაში 8,000-ზე მეტი თანამშრომელი დასაქმებულია.

მხოლოდ 2025 წელს კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Veritas-მა BI Group-ი მსოფლიოს უმსხვილეს დეველოპერებს შორის დაასახელა პირველ ადგილზე საცხოვრებელი ფართების ჩაბარების მოცულობით (2025 წელს 2.4 მილიონი კვ.მ). ყაზახურმა დეველოპერმა გადაასწრო ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორიცაა EMAAR (არაბთა გაერთიანებული საამიროები, 1.84 მილიონი კვ.მ.). კომპანიის მიმდინარე პორტფოლიო მოიცავს 250-ზე მეტ საცხოვრებელ, სამრეწველო, სამოქალაქო და სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტს.

დეველოპერებს შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოს უძრავი ქონების სექტორისთვის ახალ ეტაპს წარმოადგენს. პარტნიორობა მიმართულია ერთობლივი პროექტების განვითარებისა და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ. თანამშრომლობის ფარგლებში BI Group-ი მოწინავე სამშენებლო პრაქტიკებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს დანერგავს. მხარეები უახლოეს პერიოდში ერთობლივ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსაც დააანონსებენ.

„საქართველოს საინვესტიციო გარემოს ძლიერი საერთაშორისო შეფასებები, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და განვითარების ტემპი ქმნის მყარ საფუძველს მასშტაბური პარტნიორობისთვის. ვამაყობთ, რომ BI Group-ი საქართველოს ბაზარზე სწორედ „არქისთან“ თანამშრომლობით შემოდის. Eagle Hills-ის შემდეგ, ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიციის დასაწყისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“ — აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

„მოხარულები ვართ „არქისთან“ თანამშრომლობით. ჩვენი მიზანი საქართველოში გამორჩეული პროექტების განვითარებაში ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებისა და ინოვაციური ბიზნესპრაქტიკების შეტანა. ვფიქრობთ, რომ პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში ვითარდება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი მეგაპოლისების ურბანული განვითარების ტენდენციებს ასახავს. არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი მოთამაშეების რეგიონში შემოსვლა საქართველოს ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. დღეს ეკონომიკური წინსვლითა და შედეგებით საქართველო სრულად პასუხობს გლობალური ინვესტორების მოლოდინებს,“ — აცხადებს BI Development International-ის აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერი ამანგელდი ომაროვი.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ „არქი ჯგუფმა“ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის — Trump Tower Tbilisi-ის — განხორციელება დაანონსა, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშოსისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს. პროექტი ისტორიულ მოვლენად და უდიდესი შესაძლებლობების დასაწყისად შეფასდა. ეს რეგიონში ტრამპის ბრენდის ქვეშ პირველი პროექტია.

ყველა ამ ინიციატივის მასშტაბი და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით პრემიუმ და ლუქს კლასის უძრავი ქონების მიმართულებით.

BI Group-ის შესახებ

BI Group-ის აქციონერები და კომპანიები რამდენიმე ქვეყანაში მსხვილი პროექტების მშენებლობაში ახორციელებენ ინვესტიციებს. ჰოლდინგი წარმოდგენილია AIX-ისა და KASE-ის საფონდო ბირჟებზე და ყოველწლიურ აუდიტს „დიდი ოთხეულის“ წევრი კომპანია KPMG ატარებს.

2025 წელს BI Group-მა რეკორდული, 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი, საცხოვრებელი ფართი ჩააბარა. 30-წლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ ააშენა 145,000 ბინა, 9 მილიონი კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება, ათეულობით ინოვაციური სკოლა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ეროვნული მაგისტრალები, ხიდები, სამრეწველო საწარმოები და ენერგეტიკული ობიექტები. კომპანია ყაზახეთის სამშენებლო სექტორში ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელია.

BI Group განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. კომპანიის აქციონერები, მენეჯმენტი და თანამშრომლები შემოსავლის ნაწილს რეგულარულად რიცხავენ კორპორატიულ საქველმოქმედო ფონდ BI-Juldyzai-ში, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს ეხმარება. ფონდის მხარდაჭერით ბავშვებს წამყვანი უცხოელი ქირურგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციებს უტარებენ. გარდა ამისა, კომპანია მხარს უჭერს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, განათლებას, ქალაქების გამწვანებასა და სპორტის განვითარებას.

არქის შესახებ

დეველოპერული კომპანია „არქი“ საქართველოში ბაზრის დაახლოებით 20% ფლობს. კომპანია პირველია ქვეყანაში, რომელმაც მსხვილმასშტაბიანი უბნების (Master Development) განვითარება დაიწყო. „არქი“ 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს. დღეისათვის მას დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი, აერთიანებს 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელს და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში კომპანიამ საერთაშორისო გაფართოებაც დაიწყო და პროექტები ისეთ გლობალურ ბაზრებზე განავითარა, როგორიცაა ფლორიდა (აშშ). „არქი“ კომპანიის მთავარ ღირებულებებად ხარისხს, ძლიერ საერთაშორისო ნდობასა და გრძელვადიანი განვითარების ხედვას მიიჩნევს.

S