ქართული თანამედროვე ხელოვნების ხმა საერთაშორისო ასპარეზზე

ქართული თანამედროვე ხელოვნების ხმა საერთაშორისო ასპარეზზე

27 წლის ქართველი მხატვარი ანა ახალაია საერთაშორისო ხელოვნების სივრცეებში სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს. მისი ნამუშევრები უკვე მოხვდა მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენაზე და კოლექციონერების ინტერესიც დაიმსახურა. 21-24 მაისს ანა საკუთარ ნამუშევრებს თბილისში, Tbilisi Art Fair-ზე წარადგენს, რის შემდეგაც ევროპის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ გამოფენებში მიიღებს მონაწილეობას. მხატვარი ამბობს, რომ მისთვის მთავარი არა მხოლოდ პროფესიული წარმატება, არამედ საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოსთვის გაცნობაცაა.

ანა, პირველ რიგში, რას ნიშნავს თქვენთვის 27 წლის ასაკში საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებში ცნობადობა და გლობალური ხელოვნების ბაზარზე წარმატება?

ამ ეტაპზე, თავისუფლებას. მაქვს თავისუფლება, შევქმნა ის, რაც მომწონს, განვვითარდე, მივიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, თავად გადავწყვიტო, რა გზით წავიდე და როგორ ვიმუშავო. წარმატება ჩემი საბოლოო მიზანი არ არის, პროცესია. თითოეული გამოფენა, თითოეული კომუნიკაცია კოლექციონერთან, თითოეული ჩემი ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში ამ პროცესის ნაწილია. რა თქმა უნდა, საერთაშორისო გაყიდვები ძალიან მნიშვნელოვანია და მადლიერი ვარ, მაგრამ ის უფრო მახარებს, რომ ეს ყველაფერი მაძლევს შესაძლებლობას, განვვითარდე, როგორც ხელოვანი.

როგორ შეიცვალა ხელოვნების ბაზარი ბოლო პერიოდში? თქვენი ნამუშევრების ღირებულებაზე თუ იმოქმედა ცნობადობის ზრდამ? თქვენი დაკვირვებით, რა განსაზღვრავს თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრების ღირებულებას დღეს?

ვფიქრობ, ბაზარი დღეს საკმაოდ მრავალფეროვანია. კოლექციონერები ძალიან ყურადღებით ეკიდებიან დეტალებს ნახატების შერჩევისას. არ აფასებენ მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, აფასებენ ხელოვანის ხასიათს, გამოფენების ისტორიასა და, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივასაც.

ბოლო პერიოდში, ჩემი ნამუშევრების ღირებულება ნამდვილად გაიზარდა და ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან: მზარდი ინტერესი, საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება და ის ფაქტი, რომ ჩემი ნახატების რაოდენობა არც ისე ბევრია. როდესაც მხატვარს გალერისტები და კოლექციონერები ამჩნევენ, თუმცა მას არ აქვს ბევრი ნამუშევარი, ეს, რა თქმა უნდა, ფასზეც მოქმედებს.

ვფიქრობ, TAF 2026-სა და ევროპაში დაგეგმილი გამოფენების შემდეგ, ვითარება უკეთესობისკენ კიდევ შეიცვლება და ახალ ეტაპზე გადავალ. თუმცა, ჩემთვის გადამწვყეტია არა ფასის ზრდა, არამედ ის ნდობა, რომელსაც სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისგან ვიღებ.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის TAF 2026-ში მონაწილეობა და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ეს პლატფორმა? 

TAF 2026-ში მონაწილეობა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შესაძლებლობა, ჩემი ნამუშევრები ქართულ აუდიტორიას წარვუდგინო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში, მინდა, ჩემი შემოქმედება საქართველოშიც იყოს წარმოდგენილი. ამავდროულად, მსგავსი პლატფორმები ახალი პროფესიული კავშირებისა და შესაძლებლობების შექმნასაც უწყობს ხელს.

რამდენად რთულია პატარა ქვეყნიდან, და თან ქალისთვის, ხელოვნების სფეროში საერთაშორისო მასშტაბით თავის დამკვიდრება?

ვფიქრობ, რადგან პატარა ქვეყნიდან ვარ, ეს უკვე ნიშნავს დაბრკოლებებს. შემთხვევით ვერავინ შეგამჩნევს, ამისთვის ბევრი უნდა იშრომო, შექმნა, მონაწილეობა მიიღო გამოფენებსა და ღონისძიებებში, გარისკო. რა თქმა უნდა, ქალებს აქვთ დამატებითი გამოწვევები, უფრო მეტის მტკიცება უწევთ. თუმცა მე ვცდილობ, ამაზე ნაკლები ყურადღება გავამახვილო და მეტად ვიფიქრო შესაძლებლობებსა და ჩემს პასუხისმგებლობებზე, რომ დადებითი შედეგი მივიღო.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, უბრალოდ, ბევრს ვმუშაობ, განვაგრძობ ნახატების შექმნას, კონტაქტების გაძლიერებას, საკუთარი თავის განვითარებას, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიგონ, რომ საქართველოში თანამედროვე ხელოვნება ვითარდება.

რა შესაძლებლობებს ქმნის ევროპული საგამოფენო სივრცეები ახალგაზრდა ხელოვანისთვის როგორც შემოქმედებითი, ისე ბიზნესის კუთხით?

გამოფენები ევროპაში საკმაოდ გაბედული ნაბიჯია. ევროპის ქალაქები ცნობილია ხელოვნების ისტორიით, იქ არის უამრავი გალერეა, იკრიბებიან კოლექციონერები და ეს კულტურა საკმაოდ განვითარებულია. ამიტომ ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვისაა, არამედ – საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობაა კარიერული განვითარებისთვის. იმედი მაქვს, საზღვარგარეთ ჩატარებული გამოფენებით ჩემს ნამუშევრებს კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას წარვუდგენ. ხანდახან ერთ ღონისძიებასაც შეუძლია ხელოვანის კარიერა სრულიად შეცვალოს.

გარდა ამისა, მაქვს შესაძლებლობა, ევროპას გავაცნო ჩემი ქვეყანა თანამედროვე ხელოვნების კუთხით და ზოგადად, ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

როგორ ხედავთ საკუთარ თავს და თქვენს როლს თანამედროვე ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენაში?

როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, ჩემი მიზანია საქართველო მსოფლიოს გავაცნო თანამედროვე ხელოვნების თვალსაზრისით. ეს ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა, რომ ჩემი წარმომავლობა კარიერული წინსვლის ფონზე ჩაიკარგოს. პირიქით, მაქვს სურვილი, ეს ჩემს ძლიერ მხარედ ვაქციო. მინდა, უფრო აქტიურად მივიღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, წარმოვაჩინო ჩემი ნამუშევრები ცნობილი გალერისტების, კურატორებისა და კოლექციონერების წინაშე. ნებისმიერი ახალი პროექტი შესაძლებლობაა და ვეცდები, სათანადო ყურადღებაც დავუთმო.

S