მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟები

მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟები

ფოტო: Getty Images/iStock

 

თანამედროვე საზოგადოებაში, ტექნოლოგიების ათვისების ტემპის ზრდასთან ერთად, საფონდო ბირჟები კაპიტალის დაგროვებისა და გამრავლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებად მიიჩნევა. საფონდო ბირჟების არსებობა მსხვილ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი აქციები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ და ფინანსები არა მხოლოდ ინსტიტუციური, არამედ ინდივიდუალური ინვესტორებისგანაც მოიზიდონ.

ამისათვის კორპორაციები საკუთარ აქციებს საფონდო ბირჟებზე ათავსებენ და გარკვეული ფასის სანაცვლოდ ასხვისებენ. საფონდო ბირჟებზე კომპანიათა აქციების ფასი მათზე მოთხოვნის შესაბამისად იზრდება. მოთხოვნას კი კომპანიის ფინანსური შედეგები, ინვესტორთა განწყობები და სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟების რეიტინგს 2026 წლის აპრილის მდგომარეობით. რეიტინგი ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა საფონდო ბირჟაზე „დალისტული“ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ღირებულებების ჯამს. მონაცემები აღებულია Bloomberg-ის მასალებიდან.

საფონდო ბირჟების პოპულარობასა და სანდოობას მისი რეპუტაცია, ასევე კონკრეტულ სახელმწიფოში არსებული ფინანსური გარემო, კაპიტალის ბაზრის მდგომარეობა და სხვა მდგენელები განაპირობებს. ამიტომ მოულოდნელი არ არის, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით ამერიკული საფონდო ბირჟები სარგებლობს და იქ არა მხოლოდ ამერიკული, არამედ საერთაშორისო კომპანიები ათავსებენ სავაჭროდ საკუთარ აქციებს.

მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟების რეიტინგის პირველ პოზიციას სწორედ ამერიკული საფონდო ბაზარი იკავებს, რომელიც რამდენიმე საფონდო ბირჟას, მათ შორის ყველაზე ცნობილ NYSE-სა და NASDAQ-ს აერთიანებს. აშშ-ის საფონდო ბირჟებზე სულ $75.04 ტრილიონის ღირებულების საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების აქციებია განთავსებული.

ამერიკული კაპიტალის ბაზრის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როცა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გლობალური ინვესტორების მზარდი ყურადღება დაიმსახურა. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Apple–ი, Microsoft-ი, Nvidia, Amazon-ი და Alphabet-ი, ამჟამად ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნესებს შორის არიან. ეს კომპანიები ძირითადად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასა და Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებიან.

მსოფლიოს მეორე ყველაზე მსხვილი საფონდო ბაზარი ჩინეთია. ჩინეთში მდებარე საფონდო ბირჟებზე ჯამში $14.84 ტრილიონის ღირებულების საბაზრო კაპიტალიზაციების მქონე კომპანიებია განთავსებული. მესამე პოზიციაზე კი იაპონიაა ($8.19 ტრილიონი).

საინტერესოა, რომ ხუთეულში გვხვდება ჰონგ-კონგისა ($7.41 ტრილიონი) და ინდოეთის ($4.97 ტრილიონი) საფონდო ბაზრებიც. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ნათელია, რომ აშშ-ის დომინაცია კაპიტალის ბაზრებზე უკონკურენტოა და ის რამდენჯერმე აჭარბებს რეიტინგში შემდეგ ადგილებზე მყოფი საფონდო ბაზრების ჯამურ ღირებულებასაც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სამხრეთ კორეის საფონდო ბაზრის ღირებულებამ დიდი ბრიტანეთისას გადააჭარბა და მე-8 პოზიცია დაიკავა. სამხრეთ კორეის საფონდო ბაზარი წელს 45%-ით $4.04 ტრილიონამდე გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის საფონდო ბაზარი კი მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და $3.99 ტრილიონი შეადგინა.

სამხრეთ კორეისა და ტაივანის ($4.48 ტრილიონი) საფონდო ბაზრების ბოლოდროინდელი ზრდა ძირითადად ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგია, განსაკუთრებით კი ნახევარგამტარების მწარმოებელ ქვეყნებში.

რეიტინგიქვეყანაბაზრის ღირებულება
1აშშ$75.04 ტრილიონი
2ჩინეთი$14.84 ტრილიონი
3იაპონია$8.19 ტრილიონი
4ჰონგ-კონგი$7.41 ტრილიონი
5ინდოეთი$4.97 ტრილიონი
6კანადა$4.49 ტრილიონი
7ტაივანი$4.48 ტრილიონი
8სამხრეთი კორეა$4.04 ტრილიონი
9დიდი ბრიტანეთი$3.99 ტრილიონი
10საფრანგეთი$3.45 ტრილიონი

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.