თქვენი პროფესია იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე გგონიათ | აი, რას აკეთებენ ისინი, ვინც უკვე მოერგო ახალ რეალობას

თქვენი პროფესია იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე გგონიათ | აი, რას აკეთებენ ისინი, ვინც უკვე მოერგო ახალ რეალობას

რამდენიმე თვის წინ ჩემმა ნაცნობებმა ვიტამინების ხაზი გამოუშვეს. საღამოს, ჩაიზე, მათ თავიანთი საიტი მაჩვენეს Shopify-ზე. იქ იყო უნაკლო ფოტოები: ქილების გამოსახულებები მზის ჩასვლის ოქროსფერ სხივებში, ვიტამინ D-ის ელვარე შხეფები, სწორედ ის „მიმზიდველი“ რაკურსები, რომლებიც გაიძულებს, „ყიდვის“ ღილაკს დააჭირო. ვკითხე, რა დაჯდა ფოტოსესია-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ერთმა პროვინციელმა ბიჭმა ეს ყველაფერი ნეიროქსელის მეშვეობით რამდენიმე საათში დააგენერირა.

ადრე ასეთ პროექტს ათას დოლარზე მეტი სჭირდებოდა: სტუდია, გამოცდილი ფოტოგრაფი, განათების სპეციალისტები, რეტუშორები, აღჭურვილობის ქირაობა. ადამიანების მთელი ჯაჭვი საზრდოობდა თითოეული ასეთი გადაღებით. ახლა ეს ჯაჭვი უბრალოდ აღარ არსებობს. კი არ შემცირდა, არამედ გაქრა. ადამიანები კი, რომლებიც მასში მუშაობდნენ, პროფესიას ვეღარასდროს დაუბრუნდებიან, რადგან ეს პროფესია აღარ არსებობს. ეს რობოტებზე შეთხზული საშინელებათა ისტორია კი არა, უკვე მომხდარი ფაქტია.

დომინოს ეფექტი, რომელსაც არავინ ითვალისწინებს

როდესაც ავტომატიზაციაზე საუბრობენ, ჩვეულებრივ ერთ ციფრს ასახელებენ — დათხოვნილთა რაოდენობას. თუმცა რეალური მასშტაბი დამოკიდებულებათა ჯაჭვშია დამალული.

მაგალითისთვის ავიღოთ საწყობი. გამომგონებელმა პროფესორმა, რომელთან ერთადაც აბანოში დავდივარ, ახლახან გაუშვა დრონი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში დაფრინავს ექვსი მეტრის სიმაღლის თაროებს შორის, ამოწმებს ნაშთებს და მონაცემები მაშინვე შეაქვს აღრიცხვის სისტემაში. ყოველგვარი განათების, ამწეებისა და ადამიანების გარეშე.

გასაგებია, რამდენი საწყობის მუშა ჩაანაცვლა მან. მაგრამ რამდენმა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა შეწყვიტა ამ მუშების ცვლაში გადაყვანა? რამდენმა კაფემ დაკარგა მუდმივი კლიენტი? რამდენ სამკერვალო საამქროს მოაკლდა შეკვეთა სამუშაო ფორმებზე? ავტომატიზაცია მხოლოდ ერთ შტატს კი არ კლავს, არამედ ნიადაგს აცლის დასაქმების მთელ ეკოსისტემებს.

იგივე დაემართათ მთარგმნელებს. ათი წლის წინ წიგნს ამერიკაში გამოსაცემად ვამზადებდი, რაზეც ათიათასობით დოლარი და საუკეთესო სპეციალისტებთან მუშაობის თვეები დავხარჯე. დღეს ასი მთარგმნელიდან სამუშაოს მხოლოდ ერთი იპოვიდა — ის, ვინც მხატვრულ ან სერტიფიცირებულ თარგმანზე მუშაობს. დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი სპეციალისტი ბაზარმა უბრალოდ განდევნა. არა იმიტომ, რომ ცუდად მუშაობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ნეიროქსელი იმავეს აკეთებს უფრო სწრაფად და უფასოდ.

მსხვილი ანალიტიკური ცენტრების შეფასებით, 2030 წლისთვის გადაკვალიფიცირება ან მასშტაბური შემცირება პლანეტის ყოველ მეხუთე სამუშაო ადგილს შეეხება. Goldman Sachs-ი ასახელებს 300 მილიონს — ეს დედამიწის ყოველი მეათე მომუშავეა. განვითარებულ ეკონომიკებში კი, სადაც ფორმალიზებადი შრომის წილი მეტია, ეს პროცენტი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

ბუღალტრები, ქოლ-ცენტრის ოპერატორები, ადმინისტრატორები, მდივნები — ეს ის პროფესიებია, სადაც დიდია განმეორებადი და ადვილად ალგორითმს დაქვემდებარებული ამოცანების წილი. ხელოვნური ინტელექტის აგენტები დღესვე პასუხობენ შემოსულ ზარებს, ნიშნავენ შეხვედრებს, აწარმოებენ მიმოწერას. ეს მსხვილი კორპორაციების საპილოტე პროექტები კი არა, მცირე ბიზნესისთვის უკვე ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებია.

რატომ არ გვამზადებდნენ ამისთვის?

როდესაც ამ მასშტაბებს ხედავ, ლოგიკური კითხვა გიჩნდება: სად იყვნენ ისინი, ვისაც ამის წინასწარჭვრეტა ევალებოდა?

მთავრობები ხედავდნენ, ანალიტიკოსები პროგნოზებს აკეთებდნენ, შრომის ბაზრის სტატისტიკა კი ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა. მაგრამ განათლების სისტემა როგორც მუშაობდა XIX საუკუნის ყაიდაზე, ისე მუშაობს დღესაც. მისი ამოცანა არასოდეს ყოფილა ცვლილებებთან ადაპტაციის უნარის მქონე ადამიანების აღზრდა. იგი აწარმოებდა განათლებულ, მართვად და პროგნოზირებად ეკონომიკურ სუბიექტებს — მათ, ვინც თავის ადგილს იკავებს სტრუქტურაში და ზედმეტ კითხვებს არ სვამს.

ბავშვი იღებს მკაფიო მარშრუტს: სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური. ეს მარშრუტი მანამ მუშაობდა, სანამ სამყარო ათწლეულების განმავლობაში იცვლებოდა. თუ იურისპრუდენციას სწავლობდი, ხუთწლიანი პრაქტიკის შემდეგ ხდებოდი იურისტი — გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ მოსალოდნელ ფარგლებში. დღეს დიზაინი, როგორც პროფესია, ბოლო ორ წელიწადში იმდენად შეიცვალა, რომ სასწავლო პროგრამებმა ამის შემჩნევაც კი ვერ მოასწრეს. სტუდენტი, რომელიც დღეს ფიზიკურ მაკეტებსა და ტრადიციულ ტექნიკას სწავლობს, გადის ბაზარზე, სადაც კონკურენტუნარიანი მხოლოდ ისაა, ვინც ნეიროქსელების მართვა იცის.

სახელმწიფოები ცდილობენ შეანელონ ეს პროცესი იქ, სადაც შეუძლიათ. თვითმართვადი ავტომობილები ტექნიკურად მზად არის მასობრივი დანერგვისთვის უკვე რამდენიმე წელია. თუმცა ძველი რეგულაციები განზრახ ეღობება მათ გზაზე, რათა ქუჩაში არ აღმოჩნდეს მილიონობით მძღოლი, ავტომექანიკოსი და მათ გარშემო არსებული მთელი ინფრასტრუქტურა. ეს ბიუროკრატიული სიბრიყვე კი არა, სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებელი გამიზნული შეფერხებაა.

პრობლემა ისაა, რომ ფოტოგრაფების, მთარგმნელებისა თუ ბუღალტრების ჩანაცვლების შეფერხება შეუძლებელია, რადგან იქ რეგულაციები არ არსებობს. და სანამ სახელმწიფო ზოგიერთ დარგს აკავებს, სხვები იცვლება ისეთი სისწრაფით, რომელსაც ვერცერთი ინსტიტუტი ვერ უმკლავდება. საბოლოოდ, ადამიანი პროგრესის წინაშე პირისპირ რჩება.

ორი ხაფანგი, რომლებიც ერთ ადგილზე გვაკავებს

აი, თანამედროვეობის პარადოქსი: თითოეულ ჩვენგანს ჯიბეში გვაქვს წვდომა ცოდნასთან, რომელიც წინა თაობებს არც კი დაესიზმრებოდათ. ნებისმიერი წიგნი, ლექცია თუ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტის კურსი ჩვენგან სამი დაწკაპუნების მანძილზეა. ხელოვნურ ინტელექტთან ჩატი აგიხსნით ნებისმიერ ცნებას, გაგიანალიზებთ ნებისმიერ საკითხს, გადაგითარგმნით ნებისმიერ ტექსტს. ამავდროულად კი ადამიანების უმრავლესობა ღარიბდება. რატომ?

პირველი ხაფანგი — დაგროვების ილუზიაა. ჩვენ ვაგროვებთ კურსებს სანიშნეებში, ვიწერთ არხებს, ვინახავთ სტატიებს. ამ დაგროვებაში კი იბადება განცდა, თითქოს უკვე „პროცესში“ ვართ. მაგრამ რჩეულებში დამატებული კურსი ცოდნა არ არის. რაც უფრო ხელმისაწვდომია რესურსი, მით ნაკლებად ვაფასებთ მას. რაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივიღოთ, იმას სამომავლოდ გადავდებთ ხოლმე. ეს დრო კი არასდროს დგება.

მეორე ხაფანგი — იაფი დოფამინია. ადრე სიამოვნება ძალისხმევას მოითხოვდა: ახალი ფილმის სანახავად საჭირო იყო ბილეთის ყიდვა, კინოთეატრამდე მისვლა, სახლში დაბრუნება. ეს მოვლენა იყო. დღეს დივნიდან ადგომაც არ გჭირდებათ. ონლაინ-კინოთეატრები, სოციალური ქსელები, ვიდეოთამაშები — მყისიერი ჯილდოს დაუსრულებელი ნაკადი ნულოვანი დანახარჯის ფასად.

სწავლა სხვანაირად არის მოწყობილი. ის მოითხოვს დროს, დისციპლინას და დაყოვნებულ უკუგებას. დოფამინი მაშინვე არ მოდის — ჯერ ძალისხმევაა, შემდეგ კი შედეგი. სამყაროში, სადაც სიამოვნება კაპიკები ღირს და მყისიერად ხელმისაწვდომია, ტვინი იოლ გზას ირჩევს. ეს ყოფითი გაგებით სიზარმაცე კი არა, ნეირობიოლოგიაა.

ადრე გადაუდებლობის განცდას თავად ცხოვრება ქმნიდა: არ არის ცოდნა — არ არის სამსახური — არ არის საკვები. დღეს შესაძლებელია კეთილდღეობის ილუზიაში საკმარისად დიდხანს იცხოვრო, რათა ვერ შეამჩნიო, როგორ ნელ-ნელა ორთქლდება შენი პროფესია. ერთ მშვენიერ დილას კი ადამიანი აღმოაჩენს, რომ მისი შტატი „რესტრუქტურიზაციის გამო“ შემცირდა, ხოლო დახმარების რიგში მის გვერდით ათასობით ასეთივე სპეციალისტი დგას, იმავე გაუფასურებული უნარ-ჩვევებით.

არჩევანი, რომელიც უკვე გაკეთდა — ან ჯერ არა

იმის შეჩერება, რაც ხდება, შეუძლებელია. ტექნოლოგიები ნებართვას არ ითხოვენ. თუმცა არსებობს ის, რისი არჩევაც შეიძლება: აღმოჩნდეთ მათ შორის, ვისაც ალგორითმი ჩაანაცვლებს, თუ მათ შორის, ვინც ამ ალგორითმებს იყენებს. გამოიყენოთ ახალი ეკონომიკა როგორც საფრთხე, თუ როგორც ინსტრუმენტი.

პრაქტიკულ დონეზე ეს ნიშნავს, რომ სწავლა აღარ არის არჩევითი და ხდება კვირის სავალდებულო ნაწილი — როგორც ძილი ან კვება. მინიმუმ 10-12 საათი კვირაში ახალი ინსტრუმენტების, მოდელებისა და მიდგომების ასათვისებლად. არა ოდესმე, არა ახალი წლიდან, არამედ ახლავე, უახლოეს ორშაბათს, კალენდარში.

მეწარმეებს ეს ორმაგად ეხება. ბიზნესის მართვა ინტუიციითა და ცდისა და შეცდომის მეთოდით — ნიშნავს გუშინდელი ინსტრუმენტებით კონკურენციას მათ წინააღმდეგ, ვინც ხელოვნური ინტელექტის აგენტები უკვე ჩართო გაყიდვებში, მარკეტინგსა და ოპერაციულ მართვაში. ნაპრალი მხოლოდ გაღრმავდება.

სწორედ ახლა, ამწუთს, თქვენ გაქვთ კონკრეტული არჩევანი: დაუბრუნდეთ იმას, რასაც ამ სტატიის წაკითხვამდე აკეთებდით, ან გახსნათ კალენდარი და მასში პირველი ათი საათი მონიშნოთ. ახალი ეკონომიკა არ დაგელოდებათ, სანამ შემდეგ სეზონს ბოლომდე უყურებთ.


საავტორო სვეტში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორის პირად შეხედულებას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ბიზნესის სისტემატიზაციის ექსპერტი, საერთაშორისო ბიზნესკონფერენციების მოწვეული სპიკერი და ბიზნესის მართვის შესახებ 4 წიგნის ავტორი.