ფოტო: REUTERS/Ann Wang
Nvidia-მ პერსონალური კომპიუტერებისათვის განკუთვნილი ახალი ჩიპი წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს პირდაპირ დესკტოპ-კომპიუტერებში განათავსებს. აღნიშნულ სეგმენტში შებიჯებით Nvidia ისეთ კომპანიებთან შედის კონკურენციაში, როგორებიცაა AMD-ი, Intel-ი და Apple-ი.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ RTX Spark PC ჩიპი Nvidia-სა და Microsoft-ის საერთო ძალისხმევის შედეგია, რათა ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის „ხელახლა გამოიგონონ კომპიუტერი“. Nvidia-ს CEO-ს განმარტებით, პროდუქტზე კომპანიები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
ტაივანურ MediaTek-თან ერთად წარმოებული ჩიპი შემოდგომიდან Dell-ის, HP-ის, Lenovo-ს, ASUS-ის, Microsoft Surface-ისა და MSI-ის ლეპტოპებსა და კომპაქტურ დესკტოპ-კომპიუტერებში გამოჩნდება.
დარგის ექსპერტების განმარტებით, პროცესორი ხელოვნურ ინტელექტთან თავსებადობას შეუწყობს ხელს, რადგან ის არა მხოლოდ ქლაუდ-ხელსაწყოების გამოყენებით AI-ს ასათვისებლად, არამედ ავტონომიური ხელოვნური ინტელექტის აგენტების ადგილობრივად გასაშვებადაა შექმნილი.
ჯენსენ ჰუანგის მიერ ღონისძიებაზე ახალი ჩიპის წარდგენის შემდეგ, Nvidia-ს აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა, AMD-ის, Intel-ის და Qualcomm-ის აქციების ღირებულება კი 4.9%-დან 8.5%-მდე დაეცა. საფონდო ბირჟაზე 0.8%-ით შემცირდა Apple-ის აქციათ ფასი, ხოლო Microsoft-ის – 2.7%-ით გაიზარდა.
ჰუანგმა, რომელმაც ორშაბათს თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი კომპანიის პერსონალური კომპიუტერებისა და პროცესორების განვითარების სტრატეგიაზე საუბარს მიუძღვნა, განაცხადა, რომ Nvidia-ს მიერ შექმნილი ცენტრალური პროცესორი Vera-ს პირველ მომხმარებლებს შორის OpenAI-ი, Anthropic-ი და SpaceX-ი იქნებიან.
















