ფოტო: Chip Somodevilla/Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კომპანიებს AI-მოდელების საჯაროდ გაშვებამდე ფედერალური შემოწმების გავლას ავალდებულებს. აღმასრულებელი განკარგულება კომპანიებისგან მოითხოვს, მონაწილეობა მიიღონ 30-დღიან განხილვის პროცესში, რათა შეფასდეს AI-მოდელის „მოწინავე კიბერშესაძლებლობები“ და დადგინდეს, მიეკუთვნება თუ არა ის „სპეციალური კონტროლის ქვეშ მყოფ მოწინავე მოდელებს“.
ამასთანავე, განკარგულება ითვალისწინებს დამატებით 30-დღიან პერიოდს, რომლის დაცვაც კომპანიებს AI-მოდელების ბაზარზე ჩაშვებამდე მოეთხოვებათ. მსგავსი მიდგომით მთავრობას, რომელიც რეალურად მოდელებს საჯარო რელიზამდე 90 დღით ადრე მიიღებს, შესაძლებლობა ექნება, შეარჩიოს „სანდო პარტნიორები“, რომლებსაც ტექნოლოგიაზე ადრეულ წვდომას მისცემს.
ტრამპის ბრძანების ფარგლებში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი „AI-ინდუსტრიასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორებთან მოხალისეობრივი თანამშრომლობით“ ხელოვნური ინტელექტის „კიბერუსაფრთხოების საინფორმაციო ცენტრს“ ჩამოაყალიბებს. ახლად შექმნილი ორგანო AI-მოდელების მიერ აღმოჩენილ უსაფრთხოების საკითხებს შეისწავლის მანამ, სანამ მათზე თავად კომპანიები მოახდენენ რეაგირებას.
განკარგულების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგიები ქვეყნის წინაშე არსებული ნებისმიერი საფრთხის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ დაინერგოს. გარდა ამისა, დოკუმენტი გენერალურ პროკურორს ავალდებულებს, პრიორიტეტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას მიანიჭოს.
ცნობისთვის, ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელები საჯარო გამოშვებამდე სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება, პრეზიდენტ ტრამპს ეკუთვნის. ამ იდეის გაჟღერებამდე თეთრი სახლის წარმომადგენლებმა შეხვედრები ისეთი კომპანიების ხელმძღვანელებთან გამართეს, როგორიცაა Anthropic-ი, Google-ი და OpenAI-ი. სავარაუდოდ, შეხვედრებზე მათ სწორედ მოსალოდნელი რეგულაციები და მათი განხორციელების გზები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის მრჩეველთა ახალ საბჭოში 13 წევრი დანიშნა. მათ შორის არიან ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები: მარკ ცუკერბერგი, ლარი ელისონი, ჯენსენ ჰუანგი და მაიკლ დელი. საბჭოს მიზანი მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებით პრეზიდენტისთვის კონსულტაციების გაწევაა.













