OpenAI-მ IPO-სთვის კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა

OpenAI-მ IPO-სთვის კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა

ფოტო: AP 

ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა. ამ ნაბიჯით კომპანია კონკურენტ Anthropic-ს შეუერთდა, რომელიც საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ასევე ემზადება.

OpenAI-ის IPO-ს მოცულობა და პირობები ამ ეტაპზე არ გაუმჟღავნებია. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეთავაზების ზუსტი ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის, რადგან რიგი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება კერძო კომპანიის სტატუსით უფრო მარტივია.

მანამდე Reuters-ი წერდა, რომ OpenAI შესაძლოა ბირჟაზე გასვლისას $1 ტრილიონამდე შეფასდეს, ხოლო IPO უკვე სექტემბერში შედგეს. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, OpenAI ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული ტექნოლოგიური კომპანია გახდება, რომელმაც საჯარო ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა.

IPO-სთვის ხელოვნური ინტელექტის სექტორის კიდევ ორი უმსხვილესი მოთამაშე ემზადება. ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ, SpaceX-მა, განაცხადი უკვე შეიტანა. კომპანიის მიზანი $75 მილიარდის მოზიდვაა, რაც მას დაახლოებით $1.75 ტრილიონად შეაფასებს და ისტორიაში ყველაზე მსხვილ საჯარო შეთავაზებად აქცევს.

მეორე მხრივ, Claude Code-ის შემქმნელმა Anthropic-მა 1 ივნისს დაადასტურა, რომ ასევე კონფიდენციალურად შეიტანა IPO-ს განაცხადი. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაფინანსების რაუნდში $65 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც მისი საბაზრო შეფასება $965 მილიარდამდე გაიზარდა.

Cerity Partners-ის პარტნიორის, მაიკლ ეშლი შულმანის შეფასებით, OpenAI ცდილობს მოქნილობა შეინარჩუნოს მას შემდეგ, რაც Anthropic-მა მასშტაბური დაფინანსების რაუნდის შემდეგ IPO-ს მიმართულებით ნაბიჯი უფრო სწრაფად გადადგა.

OpenAI-მ მიმდინარე წელს ასევე განაცხადა, რომ $110 მილიარდის მოცულობის ახალი კაპიტალის მოზიდვაზე მუშაობდა, ისეთი მსხვილი მხარდამჭერებისგან, როგორიცაა SoftBank-ი, Amazon-ი და Nvidia. ეს კომპანიის შეფასებას $840 მილიარდამდე გაზრდიდა.

კომპანიის მონაცემებით, ChatGPT-ს ამჟამად 900 მილიონზე მეტი ყოველკვირეული აქტიური მომხმარებელი და 50 მილიონზე მეტი ფასიანი გამომწერი ჰყავს.

OpenAI-ისა და Anthropic-ის მოსალოდნელი IPO-ები ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა, რადგან ხელოვნური ინტელექტი ბოლო წლებში გლობალური ინვესტორებისთვის მთავარ საინვესტიციო მიმართულებად ჩამოყალიბდა.