ფოტო: AP
კანადაში დაფუძნებულ მასწავლებელთა საპენსიო ფონდს შესაძლოა დაახლოებით $11 მილიარდამდე შემოსავალი ერგოს იმ ინვესტიციიდან, რომელიც მან SpaceX-ში შვიდი წლის წინ დაახლოებით $220 მილიონით განახორციელა.
Ontario Teachers’ Pension Plan-მა 2019 წელს ამერიკულ კოსმოსურ კომპანიაში $220 მილიონი ჩადო, როდესაც SpaceX-ის შეფასება $33-$36 მილიარდის ფარგლებში მერყეობდა, ინფორმაციას The Globe and Mail ავრცელებს.
ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით, SpaceX-ის აქციების საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO) შესაძლოა $1.75 ტრილიონამდე შეფასებით შედგეს, ხოლო აქციების ფასმა $135-ს მიაღწიოს. ასეთ შემთხვევაში ფონდის ინვესტიციის ღირებულება დაახლოებით $11.6 მილიარდამდე გაიზრდება.
Ontario Teachers’ Pension Plan არის კანადის ერთ-ერთი უდიდესი პროფესიული საპენსიო ფონდი, რომლის აქტივები 2025 წლის ბოლოსთვის $279.4 მილიარდს შეადგენდა და 346,000 მოქმედ და პენსიაზე გასულ მასწავლებელს აერთიანებს.
ფონდის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელის, ჯილიან ბრაუნის თქმით, SpaceX-ის მოსალოდნელი IPO ავტომატურად არ განიხილება როგორც “გასვლის წერტილი” და ფონდი დამატებით განვითარებასაც ელოდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპანია xAI-თან ინტეგრაციის შედეგად ზრდის ახალ ეტაპზე გადავა.
2025 წელს ფონდის საინვესტიციო პორტფელმა 6.7%-იანი ამონაგები აჩვენა, ხოლო მისი ვენჩურული ზრდის მიმართულება 30%-ით გაიზარდა, დიდწილად სწორედ SpaceX-ში ჩადებული ინვესტიციის წყალობით. თუმცა ფონდის კერძო კაპიტალის მიმართულებამ 2009 წლის შემდეგ პირველად ზარალიც დააფიქსირა.
ფონდს წარსულში წარუმატებელი ინვესტიციაც ჰქონდა კრიპტობირჟა FTX-ში, სადაც ჩადებული $95 მილიონი კომპანიის გაკოტრების შემდეგ სრულად ჩამოიწერა.











