IPO-ს წინ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ის AI-თანამგზავრები ძირითადად არსებულ ტექნოლოგიებს დაეყრდნობა

IPO-ს წინ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ის AI-თანამგზავრები ძირითადად არსებულ ტექნოლოგიებს დაეყრდნობა

ფოტო: iphoneincanada.ca

 

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ ორბიტაზე ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი მონაცემთა ცენტრების შექმნა რთულ საინჟინრო გამოწვევას არ წარმოადგენს, რადგან საჭირო ტექნოლოგიების დიდი ნაწილი კომპანიას უკვე განვითარებული აქვს.

მასკის კომენტარი იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ინვესტორები აქტიურად აფასებენ SpaceX-ის გეგმებს ორბიტალური AI-მონაცემთა ცენტრების მიმართულებით. აღნიშნული პროექტი კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად განიხილება IPO-ს წინ, რომლის შედეგადაც SpaceX-ის შეფასებამ შესაძლოა რეკორდულ $1.75 ტრილიონს მიაღწიოს.

„ამ ტექნოლოგიების დიდი ნაწილი ჩვენ უკვე შევქმენით Starlink V3-თანამგზავრებისთვის. არ გვგონია, რომ ეს ძალიან რთული იქნება  იმასთან შედარებით, რასაც უკვე ვაკეთებთ,“ – განაცხადა მასკმა კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მასკმა და SpaceX-ის ინჟინერმა იან დალმა წარადგინეს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტის თანამგზავრები ორბიტაზე გამოთვლითი კვანძების ფუნქციას შეასრულებს. ისინი მზის ენერგიაზე იმუშავებს, ხოლო გაგრილება კოსმოსში სითბოს გამოსხივების გზით მოხდება.

კომპანიის შეფასებით, გამოთვლითი ინფრასტრუქტურის ორბიტაზე განთავსება იმ ენერგეტიკული შეზღუდვების ნაწილობრივ გადაჭრას შეძლებს, რომელთა წინაშეც დღეს დედამიწაზე არსებული AI-მონაცემთა ცენტრები დგას.

SpaceX-ის ინფორმაციით, პირველი AI-თანამგზავრი შეძლებს 150 კილოვატი ენერგია გამოიყენოს (პიკი), ხოლო მუდმივ რეჟიმში მისი ხელოვნური ინტელექტის პროცესორები სტაბილურად 120 კილოვატი სიმძლავრით იმუშავებენ მონაცემების დასამუშავებლად. მასკის თქმით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით Nvidia-ს GB300-ის ერთ AI-სერვერულ რაკს შეესაბამება, რომლის მაქსიმალური ენერგომოხმარება 140 კილოვატს აღწევს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემა Starlink V3-პლატფორმას დაეყრდნობა, მათ შორის მზის პანელებსა და თერმული მართვის სისტემებს.  ასევე აღსანიშნავია, რომ SpaceX-ი მისიების დროს Starship-ის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტას დაიხმარს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ორბიტაზე მზის პანელების, რადიატორებისა და კომპიუტერული ჩიპების დიდი მოცულობის ტვირთი გადაიტანოს.

მასკის განცხადებით, ტეხასის შტატის ქალაქ ბასტროპში მდებარე AI-თანამგზავრების საწარმო მნიშვნელოვანი წარმოების მოცულობის მიღწევას მომავალი წლის ბოლოსთვის შეძლებს.

აღნიშნული პროექტი SpaceX-ის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია კომპანია არა მხოლოდ კოსმოსური გაშვებებისა და სატელიტური კომუნიკაციების, არამედ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც ჩამოყალიბდეს.