მილიარდერ მუკეშ ამბანის Reliance-ი ინდოეთში Meta-სთვის პირველ მონაცემთა ცენტრს ააშენებს

მილიარდერ მუკეშ ამბანის Reliance-ი ინდოეთში Meta-სთვის პირველ მონაცემთა ცენტრს ააშენებს

ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის კონგლომერატი, Reliance Industries-ი, ინდოეთში Meta Platforms-ისთვის განკუთვნილ პირველ AI-მონაცემთა ცენტრს ააშენებს. ობიექტი, რომლის სიმძლავრეც 68 მეგავატი იქნება, ინდოეთის შტატ გუჯარათში განთავსდება და დაახლოებით ორ წელიწადში, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მარკ ცუკერბერგის კომპანიას იჯარით გადაეცემა.

მუმბაიში ბაზირებულ კონგლომერატს, რომელსაც ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი მართავს, Meta-სთან შეთანხმების ფინანსური პირობები არ გაუსაჯაროებია. თუმცა განცხადებაში აღნიშნა, რომ AI-მონაცემთა ცენტრის კომპლექსი სამომავლო გაფართოების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

„Meta-სთან პარტნიორობა ინდოეთის ციფრული ინდუსტრიისთვის გარდამტეხი ნაბიჯია. ინდოეთში Meta-ს მასშტაბის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერისთვის პირველი, სპეციალიზებული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა მიუთითებს ჩვენი ქვეყნის ამბიციებზე, იყოს გლობალური AI-რევოლუციის წინა ხაზზე“, — განაცხადა Reliance Industries-ის თავმჯდომარემ და მმართველმა დირექტორმა, მუკეშ ამბანიმ.

კომპანიის განმარტებით, პროექტის ლოკაციად გუჯარათის შტატი რამდენიმე ძირითადი მიზეზის, მათ შორის ადეკვატური ინფრასტრუქტურის, განახლებად ენერგიასა და წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამო შეირჩა. ასევე მნიშვნელოვანია ობიექტის სიახლოვე ინდოეთის დასავლეთ წყალქვეშა კაბელების სადგურებთან და კავშირი Jio-ს ფართომასშტაბიან ბოჭკოვან ქსელთან.

Reliance Industries-თან პარტნიორობას გამოეხმაურა Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგიც. ამერიკელი მილიარდერის თქმით, მათი კომპანია ამაყობს Reliance-თან თანამშრომლობით, ახალი მსოფლიო დონის ობიექტი კი მათ AI-ინფრასტრუქტურის გლობალურად გაფართოებასა და ინდოეთში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარებათ.

როგორც აღვნიშნეთ, Reliance Industries-ის თავმჯდომარე და მმართველი დირექტორი, მუკეშ ამბანი, ინდოეთის უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული Forbes-ი მის სიმდიდრეს $86.6 მილიარდად აფასებს. Reliance Industries-ი მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ინდოეთის მონაცემთა ცენტრებში, განახლებად ენერგიასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სულ მცირე, $110 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.