SpaceX-ის თქმით, ისტორიულ IPO-ზე $85.7 მილიარდი მოიზიდა

SpaceX-ის თქმით, ისტორიულ IPO-ზე $85.7 მილიარდი მოიზიდა

ფოტო: cbsnews.com

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის განცხადებით, რეკორდულ პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO) ჯამში $85.7 მილიარდი მოიზიდა, მას შემდეგ რაც შეთავაზებაში ჩართულმა საინვესტიციო ბანკებმა, ძლიერი მოთხოვნის საპასუხოდ, დამატებითი აქციებიც გაყიდეს.

კომპანიის ინფორმაციით, IPO-ს ანდერრაიტერებმა, მათ შორის Goldman Sachs-მა და Morgan Stanley-მ, დამატებით 83.3 მილიონი აქცია შეიძინეს, რის შედეგადაც მოზიდული კაპიტალის მოცულობა $85.7 მილიარდამდე გაიზარდა.

SpaceX-მა, საწყის ეტაპზე, 12 ივნისს $75 მილიარდი მოიზიდა, რაც IPO-ების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგია. მოგვიანებით ბანკებმა ე.წ. „Green Shoe Option“ მექანიზმი გამოიყენეს, რომელიც ანდერრაიტერებს საშუალებას აძლევს, მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, თავდაპირველად დაგეგმილზე მეტი აქცია გაყიდონ.

მედიის ცნობით, SpaceX-ის IPO-მ $350 მილიარდზე მეტის მოთხოვნა მიიზიდა. აქედან დაახლოებით $250 მილიარდი ინსტიტუციონალური ინვესტორების შეკვეთებზე მოდიოდა, ხოლო დანარჩენი $100 მილიარდი – საცალო ინვესტორებზე.

Nasdaq-ზე ვაჭრობის პირველ სრულ დღეს SpaceX-ის აქციების ფასი კიდევ 7.5%-ით გაიზარდა. მანამდე, სადებიუტო სავაჭრო სესიაზე, კომპანიის აქციების ფასი 19%-ით იყო მომატებული.

აქციების ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონებაც. Forbes-ის შეფასებით, ორშაბათს მისი ქონება $60.8 მილიარდით გაიზარდა და $1.2 ტრილიონს მიაღწია. მასკი SpaceX-ის დაახლოებით 38%-ს ფლობს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.

ბოლო დღეებში SpaceX-ში ინვესტიციები კიდევ ორმა ცნობილმა მილიარდერმა გაზარდა. ავსტრალიის უმდიდრესმა ადამიანმა, ჯინა რაინჰარტმა, თავისი კომპანია Hancock Prospecting-ის მეშვეობით $1 მილიარდზე მეტის ღირებულების წილი შეიძინა. ასევე, რონ ბარონმა განაცხადა, რომ მისმა საინვესტიციო ფირმამ, Baron Capital-მა, დამატებით SpaceX-ის $1 მილიარდის ღირებულების აქციები იყიდა. ამის შედეგად, კომპანიაში მის მიერ ინვესტირებული ჯამური თანხა დაახლოებით $25 მილიარდამდე გაიზარდა.

SpaceX-მა Nasdaq-ზე ვაჭრობა პარასკევს დაიწყო. სავაჭრო სესიის გახსნისას აქციების ფასი $150 იყო, მაშინ როდესაც თავდაპირველი პროგნოზი $175-ს შეადგენდა. IPO-ს დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია 555.6 მილიონი აქციის $135-ად გაყიდვას გეგმავდა, რაც SpaceX-ს $1.77 ტრილიონად აფასებდა.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, უახლესი კვარტლის მდგომარეობით SpaceX-ს $4.28 მილიარდის წმინდა ზარალი ჰქონდა. 2025 წელს კომპანიის ზარალმა $4.94 მილიარდს მიაღწია. შემოსავლების დაახლოებით 69% სატელიტური ინტერნეტის სერვისზე, Starlink-ზე მოდიოდა, რომელმაც $4.69 მილიარდის შემოსავალი მოიტანა.

მიუხედავად ინვესტორების დიდი ინტერესისა, ზოგიერთი ანალიტიკოსი SpaceX-ის შეფასებას გადაჭარბებულად მიიჩნევს. საინვესტიციო კომპანია Morningstar-მა IPO-მდე განაცხადა, რომ SpaceX-ის აქციების სამართლიანი ფასი $63 უნდა ყოფილიყო, რაც IPO-ის ფასზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

ფლორიდის უნივერსიტეტის ფინანსების პროფესორის, ჯეი რიტერის შეფასებით, კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვან გავლენას ე.წ. „ილონ მასკის ეფექტი“ ახდენს. ეს გულისხმობს ინვესტორების მაღალ ინტერესს თავად მასკის მიმართ, რაც მოკლევადიან პერიოდში აქციების ზრდას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მკვეთრ მერყეობას იწვევს.