ფოტო: Getty Images
ჩიპების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია Nvidia-მ განაცხადა, რომ აშშ-ში ობლიგაციების გამოშვების გზით $25 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს 2021 წლის შემდეგ პირველად მოხდება.
Reuters-ის ინფორმაციით, ობლიგაციების მოცულობა თავდაპირველად დაგეგმილზე უფრო დიდი აღმოჩნდა. გამოშვება შვიდი ტრანშისგან შედგება, ხოლო მათი დაფარვის ვადა 2056 წლამდე იქნება.
წყაროების ცნობით, ობლიგაციებზე მოთხოვნა ძირითადად ამერიკელი ინვესტორებისგან მოდიოდა. ბაზრისთვის ეს ნაბიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან Nvidia-ს წინასწარ თითქმის არ გაუკეთებია განცხადებები ობლიგაციების გამოშვების გეგმებთან დაკავშირებით.
კომპანიამ ბოლოს საინვესტიციო ხარისხის ობლიგაციები 2021 წლის ივნისში გამოუშვა, როდესაც $5 მილიარდი მოიზიდა.
Nvidia-ს წარმომადგენლის განცხადებით, მოზიდული თანხა გამოყენებული იქნება ზოგადი კორპორაციული მიზნებისთვის, მათ შორის არსებული ვალდებულებების დაფარვისა და რეფინანსირებისთვის. ერთ-ერთი წყაროს განმარტებით, ობლიგაციების გამოშვების მთავარი მიზანი კაპიტალური ხარჯების დაფინანსება ნაკლებად იყო და უფრო მეტად კომპანიის საკრედიტო რეიტინგის შესაფასებლად ლიკვიდური საბაზრო ორიენტირის შექმნას ემსახურებოდა.
წყაროების თანახმად, Nvidia-მ ობლიგაციების მოცულობა $25 მილიარდით შეზღუდა, რადგან კომპანიას არ სურს, სესხის აღება გაუძვირდეს. ეს განსხვავდება მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისგან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტიციების დასაფინანსებლად სულ უფრო მეტ ვალს იღებენ.
დიდი ტექნოლოგიური კომპანიების საერთო დანახარჯები AI-ის მიმართულებით, ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წელს $700 მილიარდს გადააჭარბებს, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით $400 მილიარდი იყო.
ბოლო თვეებში მსგავსი ნაბიჯები სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც გადადგეს. Meta-მ გასულ წელს $30 მილიარდამდე მოცულობის ობლიგაციების გამოშვების დოკუმენტაცია წარადგინა, ხოლო Alphabet-მა იაპონურ იენში ნომინირებული ობლიგაციების პირველი გამოშვების გეგმა გაამჟღავნა.
მიუხედავად იმისა, რომ Nvidia თავად არ აშენებს მასშტაბურ მონაცემთა ცენტრებს, მისი ჩიპები ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაწვრთნისა და მუშაობისთვის აუცილებელ სერვერებში გამოიყენება, რის გამოც მოთხოვნა კომპანიის პროდუქტებზე რეკორდულად მაღალი რჩება.
AI-სექტორში მზარდი კონკურენციის ფონზე Nvidia აქტიურად ზრდის ინვესტიციებს ახალი პროცესორების განვითარებაში და უკვე ყოველწლიურად უშვებს ჩიპების ახალ თაობას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უფრო მაღალი შესაძლებლობებით გამოირჩევა.
2026 წლის აპრილში დასრულებული კვარტლის მდგომარეობით, Nvidia-ს ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები $13.24 მილიარდს შეადგენდა. ორშაბათს კომპანიის აქციების ფასი 3.3%-ით გაიზარდა.
როგორც ირკევევა, ობლიგაციების გამოშვების მთავარი ანდერაიტერები არიან: Goldman Sachs-ი, JPMorgan Chase-ი და Morgan Stanley.








