ფოტო: Airbus
ერთი კვირის წინ გერმანიაში, ბერლინში, საავიაციო გამოფენა გაიხსნა, სადაც კონტინენტის წამყვანი სამხედრო-სამრეწველო და სამოქალაქო კომპანიები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ.
ბერლინის ავიაგამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ საავიაციო პროდუქტს, მხარდამჭერ დრონს, რომელსაც „Wingman”-ის სახელით იცნობენ. აღნიშნული ტიპის საფრენი აპარატის დანიშნულება მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების მხარდაჭერაა.
უკრაინაში მიმდინარე ომმა უკვე მთელ მსოფლიოს დაანახა დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობების მნიშვნელობა და ეფექტიანობა. შესაბამისად, ევროპული, ამერიკული თუ გლობალური სამხედრო-სამრეწველო კომპანიები სულ უფრო აქტიურად მუშაობენ AI-მხარდაჭერილი დრონების შექმნაზე, რომელთა ფუნქციაც დამატებითი ელექტრონული მოწყობილობების ან საბრძოლო მასალების გადაზიდვა იქნება და საბრძოლო მოქმედებებში გამანადგურებლებს დაეხმარება.
ბერლინში გამართულ გამოფენაზე მსგავსი ტიპის Wingman-დრონები ოთხმა მსხვილმა კომპანიამ, Airbus-მა, Boeing-მა, Helsing-მა და General Atomics-მა წარადგინა. კონკრეტულად გამოფენაზე წარდგენილი მოდელების კონცეფცია გერმანიის საჰაერო-სამხედრო ძალებისთვის იტესტება. თუმცა, ზოგადად, ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ მსგავსი ტექნოლოგიის ათვისებას იმ ფონზე, რომ აშშ-სგან ტექნოლოგიური დამოკიდებულების შემცირება სურთ.
განსაკუთრებით საქმე ეხება დამოუკიდებელი, სუვერენული AI-ტექნოლოგიის შექმნას, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები განაგებენ. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ერთ-ერთ წამყვან AI-კომპანიას, Anthropic-ს, უახლესი მოდელის საზღვარგარეთ ფუნქციონირება შეუზღუდა. ამან კი კიდევ ერთხელ წარმოშვა ევროპისთვის აშშ-სგან ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის განმტკიცების საჭიროება.
ზემოთ აღნიშნული Wingman-ტიპის დრონებიდან გამოფენაზე გამორჩეული იყო Boeing-ისა და გერმანული Rheinmetall-ის თანამშრომლობით შექმნილი MQ-28 Ghost Bat-ი, რომელიც წარმატების შემთხვევაში გერმანიის არსენალში 2029 წლიდან მიიღება. საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა Airbus-ის წარდგენილ მოდელ U760b Ravenstorm-საც, თუმცა აღნიშნული მოდელი ფუნქციონირებისთვის მზად 2030 წლამდე არ იქნება.
მსგავსი ტექნოლოგიის დრონის შექმნაზე ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიც მუშაობს. დარგის ექსპერტები მოელიან, რომ მომდევნო ავიაგამოფენებზე საკუთარ მოდელებს Lockheed Martin-ი და General Atomics-იც წარადგენენ. ცნობისთვის, ამ უკანასკნელის YFQ-42A მოდელი უკვე ტესტირების ეტაპზეა და ის აშშ-ის საჰაერო ძალებმა მსგავსი ტექნოლოგიის განსავითარებლად 2024 წელს აირჩია.















