ფოტო: Getty Images
17 ივნისს ილონ მასკის ქონებამ $1.4 ტრილიონს გადააჭარბა, მას შემდეგ რაც SpaceX-ის აქციების ფასმა ზრდა განაგრძო და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ დაახლოებით $2.77 ტრილიონს მიაღწია.
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებიდან მალევე SpaceX-ის აქციების ღირებულება 10%-ზე მეტით გაიზარდა, რის შედეგადაც ის მსოფლიოს მეხუთე ყველაზე ძვირადღირებულ საჯარო კომპანიად იქცა და საბაზრო კაპიტალიზაციით ჯეფ ბეზოსის Amazon-ს ($2.6 ტრილიონი) გადაასწრო.
SpaceX-ის აქციები ისტორიული IPO-ს შემდეგ მკვეთრი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. პარასკევის სადებიუტო ვაჭრობაზე აქციების ფასი 19%-ით გაიზარდა, ორშაბათს კიდევ 19.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სამშაბათს დამატებით – 10%-იანი. შედეგად, IPO-ს შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი ჯამურად თითქმის 35%-ით არის გაზრდილი.
აქციების ღირებულების ბოლო ზრდამ მასკის ქონებას დაახლოებით $119.1 მილიარდი შემატა. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება ამჟამად $1.4 ტრილიონს შეადგენს, რაც მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის, Google-ის თანადამფუძნებლის, ლარი პეიჯის ქონებას ($300.7 მილიარდი) ტრილიონ დოლარზე მეტით აღემატება.
მასკი SpaceX-ის 4.8 მილიარდ აქციას ფლობს, რაც კომპანიის დაახლოებით 38%-იან წილს წარმოადგენს. გარდა ამისა, მას აქვს 350 მილიონი სააქციო ოპციონი, რომლის შესრულების ფასი ერთ აქციაზე $8.40-ია.
ამჟამინდელი შეფასებით, SpaceX-ი უკვე უახლოვდება Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციას, რომელიც დაახლოებით $2.92 ტრილიონს შეადგენს. ამ დროისთვის უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ Apple-ს ($4.3 ტრილიონი), Alphabet-სა ($4.4 ტრილიონი) და Nvidia-ს ($5 ტრილიონი) აქვს.
SpaceX-მა ორშაბათს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) აცნობა, რომ AI–კოდირების პლატფორმა Cursor-ის მშობელი კომპანიის, Anysphere-ის შეძენას გეგმავს. გარიგების ღირებულება $60 მილიარდს შეადგენს და მისი დასრულება 2026 წლის მესამე კვარტალისთვის არის მოსალოდნელი.
Cursor-მა და SpaceX-მა პარტნიორობის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადეს. კომპანიების ინფორმაციით, ისინი „კოდირებისა და ცოდნაზე დაფუძნებული სამუშაოებისთვის AI-გადაწყვეტილებების“ განვითარებაზე თანამშრომლობენ.
შეგახსენებთ, SpaceX-მა 12 მაისის ისტორიულ IPO-ზე, ინვესტორების ძლიერი მოთხოვნის ფონზე, $85 მილიარდი მოიზიდა. ილონ მასკის მიზანია, რომ 2030 წლისთვის კომპანიის წლიურმა შემოსავალმა $1 ტრილიონს მიაღწიოს. შედარებისთვის, SpaceX-მა 2025 წელს $18.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, თუმცა წელი $4.9-მილიარდიანი ზარალით დაასრულა.
მიუხედავად ინვესტორთა ენთუზიაზმისა, SpaceX-ის შეფასებას ყველა არ ეთანხმება. ცნობილი ინვესტორი მაიკლ ბარი აცხადებს, რომ კომპანიის IPO-ს დოკუმენტებში არ არსებობს ისეთი მონაცემები, რომლებიც SpaceX-ის $1-ტრილიონიან და, მით უმეტეს, $2-ტრილიონიან შეფასებას გაამართლებდა.









