ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა განაცხადა, რომ განიხილავს მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ამერიკელი მოქალაქეები ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანიების ეკონომიკური წარმატებიდან წილს მიიღებენ. იდეის მიზანია, AI-სექტორის სწრაფი ზრდით შექმნილი სიმდიდრე მხოლოდ კერძო კომპანიებისა და ინვესტორების ხელში არ კონცენტრირდეს.
ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომპანიებმა, როგორიცაა OpenAI და Anthropic-ი, მრავალმილიარდიანი შეფასებები მიიღეს. ორივე კომპანიამ ამ თვეში აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა, ხოლო OpenAI-ის შეფასება შესაძლოა 1 ტრილიონ დოლარსაც მიუახლოვდეს.
Reuters-მა მიმოიხილა სამი გზა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია, რომ ამერიკელებმა AI-სექტორის ფინანსური სარგებელი გაიზიარონ.
1. გადასახადები აქციების სახით
ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ინიციატივა აშშ-ის სენატორს, ბერნი სანდერსს ეკუთვნის. მისი წინადადებით, მსხვილ AI-კომპანიებს მთავრობას საკუთრების 50%-იანი წილი და დირექტორთა საბჭოში წარმომადგენლობის ყოლის უფლება უნდა გადასცენ.
მსგავსი იდეა სამართლის ორ ამერიკელ პროფესორსაც ეკუთვნის. მათი მოდელის მიხედვით, კომპანიები გადასახადს ფულის ნაცვლად საკუთარი აქციებით გადაიხდიან. შედეგად, სახელმწიფოს AI-კომპანიებში წილი ეტაპობრივად გადაეცემა, თუმცა ის საკონტროლო პაკეტს არ ფლობს.
იდეის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა საზოგადოებას საშუალებას მისცემს ისარგებლოს იმ ტექნოლოგიური პროგრესით, რომელიც დიდწილად საჯარო ინფრასტრუქტურასა და კვლევებზეა დაფუძნებული.
2. სახელმწიფო დაფინანსება წილის სანაცვლოდ
მეორე მოდელი სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ინვესტირებას გულისხმობს.
მაგალითად, აშშ-ის მთავრობამ ადრე Intel Corporation-ში დაახლოებით 10%-იანი წილი მიიღო იმის სანაცვლოდ, რომ კომპანიას მილიარდობით დოლარის მხარდაჭერა გაუწია ადგილობრივი წარმოების გაფართოებისთვის.
AI-სექტორი ძალიან დიდ კაპიტალს მოითხოვს. მონაცემთა ცენტრების, ჩიპების ქარხნებისა და გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კომპანიები ასობით მილიარდი დოლარის მოძიებას ცდილობენ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დაფინანსების სანაცვლოდ წილის მიღება ერთ-ერთ რეალისტურ ვარიანტად განიხილება.
თუმცა თავისუფალი ბაზრის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში მთავრობა შესაძლოა რეგულატორის როლიდან ინვესტორის როლში გადავიდეს, რაც ინტერესთა კონფლიქტს გამოწივევს.
3. „ციფრული დივიდენდი“ ამერიკელებისთვის
მესამე მოდელი ფინანსური სარგებლის პირდაპირ მოქალაქეებისათვის განაწილებას ითვალისწინებს.
OpenAI-მ აპრილში „საზოგადოებრივი სიმდიდრის ფონდის“ კონცეფცია წარადგინა, რომელიც AI-კომპანიებში ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებდა და მიღებულ შემოსავალს მოქალაქეებს გაუნაწილებდა.
თავის მხრივ, Anthropic-ი ე.წ. „ციფრულ დივიდენდზე“ მუშაობს. მოდელი გულისხმობს, რომ AI-სექტორზე დაწესებული სპეციალური გადასახადებიდან მიღებული თანხა პირდაპირ ამერიკელ მოსახლეობას დაუბრუნდეს.
ინიციატივის მხარდამჭერები მაგალითად ასახელებენ Alaska Permanent Fund-ს, რომელიც ალასკის ნავთობის შემოსავლებით დაფინანსდა და დღეს შტატის მცხოვრებლებს ყოველწლიურ დივიდენდებს უხდის.












