ფოტო: Spencer Platt/Getty Images
ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ის აქციების ღირებულება სამშაბათის ვაჭრობის დასაწყისში IPO-ს საწყის ფასზე, 150 დოლარზე დაბლა პირველად დაეცა. ეს კომპანიის აქციების ბოლოდროინდელი მკვეთრი კორექციის გაგრძელებაა.
სავაჭრო სესიის დაწყებიდან მალევე SpaceX-ის აქციების ფასი 149 დოლარამდე შემცირდა, თუმცა მოგვიანებით ნაწილობივ აღადგა და დაახლოებით 156 დოლარის ნიშნულზე ავიდა, რაც 1.3%-იან ზრდას შეესაბამება. ამ დროისთვის, SpaceX-ის ერთი აქციის ფასი დაახლოებით 156 დოლარს შეადგენს.
149-დოლარიანი მინიმუმი ნიშნავს, რომ აქციები 33%-ზე მეტით არის შემცირებული 16 ივნისს დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმიდან, როდესაც ერთი აქციის ღირებულება 225.64 დოლარს აღწევდა. ამ მაჩვენებლის შემდეგ SpaceX-მა ზედიზედ სამი უარყოფითი სავაჭრო სესია დააფიქსირა, მათ შორის ორშაბათს 16.4%-იანი ვარდნა.
SpaceX-ის აქციები ბირჟაზე 12 ივნისს, 150 დოლარის ფასით გამოჩნდა. დებიუტიდან მალევე კომპანიამ ძლიერი ზრდა აჩვენა. პირველ ორ სავაჭრო სესიაში აქციები 19%-ით გამყარდა, ხოლო 16 ივნისს დამატებით 4.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
აქციების მკვეთრი ვარდნის ფონზე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ მნიშვნელოვნად იკლო. SpaceX-ის ღირებულება პიკზე დაახლოებით 2.9 ტრილიონ დოლარს აღწევდა, თუმცა სამშაბათს 2 ტრილიონ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო ღირებულებიდან თითქმის 1 ტრილიონი დოლარი გაქრა. მოცემული დროისთვის SpaceX-ის კაპიტალიზაცია 2 ტრილიონს მცირედ აჭარბებს.
გასულ კვირას SpaceX-მა დროებით Amazon-სა და Microsoft-საც გადაუსწრო და მსოფლიოს მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანია გახდა, თუმცა ამჟამად მეშვიდე პოზიციას იკავებს.
SpaceX-ის აქციების ფასის შემცირებამ გავლენა იქონია კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის სიმდიდრეზეც. Forbes-ის შეფასებით, მასკის ქონება დაახლოებით 41.7 მილიარდი დოლარით შემცირდა და 1 ტრილიონ დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა, ამჟამად კი 1.1 ტრილიონ დოლარს უტოლდება.
მიუხედავად ამისა, მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება და მნიშვნელოვნად უსწრებს Google-ის თანადამფუძნებლებს – ლარი პეიჯს, რომლის ქონება 284.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, და სერგეი ბრინს, რომლის ქონებაც 262 მილიარდ დოლარს შეადგენს.











