7-Eleven-მა Nike-ს Air Max 95-ის დიზაინის გამო სასამართლოში უჩივლა

7-Eleven-მა Nike-ს Air Max 95-ის დიზაინის გამო სასამართლოში უჩივლა

ფოტო: nicekicks.com

7-Eleven-მა სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ Nike-ს აშშ-ის ტეხასის შტატის ფედერალურ სასამართლოში უჩივლა. კომპანია ამტკიცებს, რომ Nike-ის ახალი Air Max 95-ის დიზაინი 7-Eleven-ის ცნობილ ნარინჯისფერ, მწვანე და წითელ ზოლებს ძალიან ჰგავს და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას იწვევს.

სარჩელის მიხედვით, Nike-ის ახალი Air Max 95-ის მოდელი გაყიდვაში 11 ივლისს უნდა გამოვიდეს — დღეს, რომელიც „7-Eleven Day“-ის სახელითაა ცნობილი და ქსელის ყოველწლიურ აქციას უკავშირდება. ამ დღეს მაღაზიებში მომხმარებლები უფასო Slurpee-საც იღებენ.

7-Eleven აცხადებს, რომ Nike-ის ფეხსაცმლის დიზაინი კომპანიის სამფეროვანი ბრენდინგის „დამაბნევლად მსგავს იმიტაციას“ წარმოადგენს და მომხმარებლებს შეიძლება შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ფეხსაცმელი 7-Eleven-თან თანამშრომლობით შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს შორის მსგავსი პარტნიორობა არ არსებობს.

კომპანიის განცხადებით, მან დავის სასამართლოს გარეშე მოგვარება არაერთხელ სცადა, თუმცა Nike-მა აცნობა, რომ ფეხსაცმლის რეკლამირებასა და 11 ივლისს დაგეგმილ დებიუტს არ გააუქმებდა.

სარჩელში 7-Eleven აღნიშნავს, რომ ნარინჯისფერი, მწვანე და წითელი ფერების კომბინაციას ათწლეულებია იყენებს მაღაზიების აბრებზე, რეკლამაში, სუვენირებსა და სხვა პროდუქტებზე და ამ დიზაინზე არაერთი სასაქონლო ნიშანი აქვს რეგისტრირებული.

კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ Nike-მა ფეხსაცმელი განზრახ ისე შექმნა, რომ 7-Eleven-ის ბრენდთან ასოცირდებოდეს და ამით მისი ცნობადობით ესარგებლა. სარჩელში მოყვანილია მედიაპუბლიკაციებიც, რომლებშიც Air Max 95 სწორედ 7-Eleven-ით შთაგონებულ მოდელად არის აღწერილი.

7-Eleven-ი სასამართლოს სთხოვს, აუკრძალოს Nike-ს აღნიშნული ფეხსაცმლის გაყიდვა, ბაზრიდან გამოითხოვოს უკვე გავრცელებული პროდუქცია, ასევე დააკისროს კომპენსაციის გადახდა და გადასცეს იმ მოგების ნაწილი, რომელსაც კომპანია ამ მოდელის გაყიდვიდან მიიღებს.

Nike-ს სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.