Lion Finance Group-მა ორ მზარდ ბაზარზე მოქმედი ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფრენჩაიზად აქცია.
2020 წლის შემდეგ პირველად, Lion Finance Group-მა ყოველწლიური ინვესტორთა დღე ფიზიკურ ფორმატში გამართა და 100-მდე საერთაშორისო ინვესტორსა და ანალიტიკოსს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ისეთი მსხვილი კომაპნიების წარმომადგენლები როგორიცაა: Firebird, M&G Investments, Morgan Stanley, და JPMorgan Chase-ი. საქართველოს ბანკისა და ამერიაბანკის მენეჯმენტის სხვა წევრებთან ერთად, გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ ჯგუფის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა წარადგინა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამომავლო ზრდა განპირობებული იქნება არა მხოლოდ ახალ ბაზრებზე გასვლით, არამედ იმ ბაზრებზე ლიდერობის განმტკიცებითა და პოზიციების გაღრმავებით, სადაც ჯგუფი უკვე წარმატებით ოპერირებს. ეს გზავნილი მან კიდევ უფრო განავრცო შემდგომ საუბრებში, რომლებიც ბანკის საოპერაციო მოდელს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მომავლის ხედვებს ეხებოდა.
სტაბილურობისა და თანმიმდევრულობის მაგალითი
Lion Finance Group წარმატება კარგად ასახავს იმ ბაზრების სიძლიერეს, სადაც ჯგუფი ოპერირებს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, საქართველოშიც და სომხეთშიც მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ათჯერ გაიზარდა – (დაახლ. 1,000 დოლარიდან თითქმის 10,000 დოლარამდე). ამრიგად, ეს ბაზრები ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის იკავებენ ადგილს. თუმცა, ჯგუფი მთელ წარმატებას მხოლოდ ამ მაკროეკონომიკურ გარემოს არ მიაწერს.
„წარმატების საფუძველი მოგებიანი, კარგად კაპიტალიზებული FTSE 100-ის წევრი საბანკო ჯგუფია, რომლის ბირთვსაც ტექნოლოგიები წარმოადგენს, რასაც თან ახლავს ორივე ბაზარზე ლიდერული პოზიციები, კარგი რისკ-მენეჯმენტი და მართვის უმაღლესი სტანდარტები. სწორედ ამ სტრუქტურული უპირატესობების ერთობლიობამ მისცა ჯგუფს შესაძლებლობა, ხელსაყრელი საბაზრო-ეკონომიკური პირობები მდგრად, თანმიმდევრულ წარმატებად ექცია.
სამომავლოდ Lion Finance Group გეგმავს კიდევ უფრო გააღრმაოს საკუთარი პოზიციები როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში და პარალელურად, განიხილოს საერთაშორისო გაფართოების გზები ფრთხილად და საგულდაგულოდ შერჩეული კრიტერიუმებით.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ მოწინავე პოზიციებზე მყოფი შედარებით მცირე ბაზრებზე ოპერირებადი ბანკებით სადაც გვჯერა, რომ რეალური ღირებულების შექმნას შევძლებთ“, – აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ. „პოტენციური გაფართოების არეალი მოიცავს ბალტიისპირეთის, ბალკანეთისა და ცენტრალური აზიის შერჩეულ ქვეყნებს, განსაკუთრებული აქცენტი კი კეთდება იმ ინსტიტუტებზე, რომლებსაც ძლიერი საბაზრო პოზიციები და მაღალი დონის რისკ-მენეჯმენტი გამოარჩევთ“.
„თუმცა, ჩვენ არ ვჩქარობთ. გვინდა, სწორი შესაძლებლობა ვიპოვოთ“, – განმარტა მან.
ამავდროულად, ჯგუფი საინტერესო შესაძლებლობებს ხედავს უკვე არსებულ ბაზრებზე. საქართველოსა და სომხეთში სამომავლო პრიორიტეტებს შორისაა ქონების მართვის მიმართულების განვითარება, საბროკერო სერვისების გაფართოება და ციფრული საცალო საბანკო მომსახურების კიდევ უფრო გაძლიერება.
არა მხოლოდ ციფრული ბანკი. არა მხოლოდ ტრადიციული ბანკი, არამედ, ძლიერი ჰიბრიდული მოდელი
კითხვაზე, თუ რა განასხვავებს Lion Finance Group-ს სხვა მოთამაშეებისგან, არჩილ გაჩეჩილაძე მიუთითებს არა არჩევანზე, ტრადიციულ საბანკო საქმიანობასა და ფინტექს შორის, არამედ მათ მიზანმიმართულ კომბინაციაზე.
„ეს სტრატეგია ფინანსური სექტორის ევოლუციაზე დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბდა“,- ამბობს ის.
„ჩვენ ვაკვირდებოდით გლობალურ ფინანსურ სექტორში მიმდინარე ცვლილებებს და ვხედავდით, რომ ფინტექ კომპანიები მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდებოდნენ. ამავდროულად, ყველაზე დიდ პროგრესს ის კომპანიები აღწევდნენ, რომლებსაც ძლიერი ინსტიტუციური საფუძველი ჰქონდათ. ჩვენ დავფიქრდით – რატომ არ უნდა გავხდეთ ისეთი ფინტექ კომპანია, რომელსაც სწორედ ასეთი საფუძველი აქვს? ამისთვის კი გარკვეული ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება გვჭირდებოდა“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
სწორედ აქ იკვეთება ჯგუფის ტექნოლოგიური მიდგომის მთავარი განსხვავება. გარე მომწოდებლებზე დამოკიდებულების ნაცვლად, Lion Finance Group-მა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საკუთარი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებაში.
ბანკის ციფრული პლატფორმები – მათ შორის მობილბანკი, ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი, sCoolApp და სხვა საბანკო პლატფორმები ძირითადად შიდა რესურსებითაა შექმნილი, რაც ჯგუფს პროდუქტების განვითარების პროცესში მეტ სისწრაფესა და მოქნილობას სძენს.
ამ ტრანსფორმაციის შედეგები კონკრეტულ ციფრულ მაჩვენებლებშიც აისახება, რომელთა ნაწილი ჯგუფმა ინვესტორებს Investor Day-ზე დეტალურად გააცნო.
ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელსაც არჩილ გაჩეჩილაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, მომხმარებელთა კმაყოფილების საზომი – Net Promoter Score (NPS)-ია. ბანკმა ამ პარამეტრში 76 ქულას მიაღწია, რაც, მისი შეფასებით, გამორჩეული შედეგია არა მხოლოდ საბანკო სექტორში, არამედ ზოგადად, მომხმარებელზე ორიენტირებულ ბიზნესებში.
„70-ზე მაღალი NPS ნიშნავს, რომ შეგიძლია ე.წ. lovebrand-ად იქცე. ჩვენ ამ მიმართულებას ძალიან საფუძვლიანად ვუდგებით – ვზომავთ ყველა არხს და მომხმარებელთან ურთიერთობის თითოეულ ეტაპს“, – აღნიშნა მან.
მომხმარებელზე ორიენტირებულმა მიდგომამ უკვე კონკრეტული ბიზნესშედეგებიც მოიტანა. ჯგუფმა ბაზრის წილი 35.7%-დან 38%-მდე გაზარდა და პარალელურად, მომხმარებელთა ციფრული ჩართულობის ზრდა განაგრძო.
დღეს Lion Finance Group ყოველთვიურად 2.7 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. ციფრული საცალო მომხმარებლების რაოდენობა წლიურად 45.3%-ით გაიზარდა და 336 ათასს მიაღწია, რაც უკვე მთლიანი ყოველთვიურად აქტიური საცალო მომხმარებლების 70%-ს შეადგენს – ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 65% იყო.
სომხეთში Ameriabank-ის შეძენა სწორედ ამ სტრატეგიის საერთაშორისო მასშტაბზე გადატანის ყველაზე მკაფიო მაგალითია – საუბარია ფრენჩაიზზე, რომელსაც იგივე ძირითადი ღირებულებები ახასიათებდა, რამაც საქართველოშიც მოუტანა წარმატება – ესაა ნდობა, ბაზარის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაფართოების პოტენციალი. ჯგუფს სჯეროდა, რომ ამ ფორმულის გამეორებას სომხეთშიც შეძლებდა.
AI – რიცხვებში გამოხატული ტრანსფორმაცია
ჯგუფის ტექნოლოგიური საფუძვლები ახალ სიღრმეებს იძენს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც. AI-ზე დაფუძნებული საკრედიტო გადაწყვეტილებებიდან და ავტომატიზირებული პროცესებიდან დაწყებული, მომხმარებელთა მომსახურებითა და პერსონალიზებული შეთავაზებებით დასრულებული – ავტომატიზაცია ჯგუფის ოპერაციების განუყოფელი ნაწილი ხდება.
არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ეფექტიანობის გაუმჯობესების ინსტრუმენტი არაა – მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და თანამშრომლებისთვის უფრო ღირებული საქმის შესასრულებლად დროის გამოთავისუფლებაშია.
კონკრეტულად როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში? – ამ თემაზე არჩილ გაჩეჩილაძე ზოგად ტექნოლოგიურ ტერმინებზე კი არა, მისი გამოყენების მასშტაბისა და განვითარების ტემპებზე საუბრობს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, რომელიც მან Investor Day-ზე ჯგუფის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს შორის გამოყო.
AI ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინსტრუმენტი ხდება როგორც მომხმარებელთა გამოცდილების, ისე შიდა პროცესების გარდაქმნისთვის. არჩილ გაჩეჩილაძემ ხაზი გაუსვა ტექნოლოგიის გამოყენების ტრანსფორმაციას – თუ ადრე ეს მარტივი ავტომატიზაციისთვის გამოიყენებოდა, ახლა უფრო ინტუიციურ და პერსონალიზებულ საბანკო გამოცდილებას ემსახურება. ამის ერთ-ერთი მაგალითია „next best offer“ შესაძლებლობა, რომელიც ბანკს საშუალებას აძლევს, უკეთ ამოიცნოს მომხმარებლის საჭიროებები და შესთავაზოს მათ სწორედ ის, რაც სჭირდება და ზოგჯერ მანამდეც კი, ვიდრე თავად მომხმარებელი ამ საჭიროებას გამოხატავს.
AI ის გამოყენების კიდევ ერთ-ერთი კარგი მაგალითი ჯგუფის ახალი თაობის GenAI ჩატბოტია, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციას, ტრადიციულ ჩატბოტებთან შედარებით, უფრო მაღალი კონტექსტური სიზუსტით მართავს. დღეს მომხმარებელთა ინტერაქციების დაახლოებით ორი მესამედი უშუალოდ GenAI ჩატბოტის საშუალებით სრულდება, მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი კი 90%-ს აღემატება.
ხელოვნური ინტელექტი ასევე მნიშვნელოვნად ცვლის დაკრედიტების პროცესებს. ჯგუფმა AI-ის შესაძლებლობები გააფართოვა საკრედიტო გადაწყვეტილებების ავტომატიზაციის, მათ შორის იპოთეკური სესხების დამუშავების მიმართულებითაც.
შედეგად, AI-ის გამოყენება ორგანიზაციის მასშტაბით სწრაფად იზრდება – მისი გამოყენების წილი პროცესებში 10%-დან 55%-მდე გაიზარდა, ხოლო ბექ-ოფისის ფუნქციებში 80%-ს მიაღწია.
ამასთან, რაც უფრო ღრმად ინტეგრირდება AI ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებაში, არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, ჯგუფის წარმატება მხოლოდ ტექნოლოგიაზე არ იქნება დამოკიდებული, არამედ ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება ადამიანების როლი. ნებისმიერი მასშტაბური ტექნოლოგიური ცვლილების მსგავსად, ხელოვნური ინტელექტის დანერგვასაც ახლავს თან სოციალური ასპექტები და საჭიროა ყურადღების გამახვილება იმაზეც, თუ როგორ ერგებიან თანამშრომლები მუშაობის ახალ ფორმატებს. სწორედ ამიტომ, თანამშრომლების მომზადება, ახალი უნარების განვითარება და გარდამავალ პერიოდში გუნდების მხარდაჭერა ბანკისთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც თავად ტექნოლოგიის განვითარება.
საიდან მოდის სამომავლო ზრდა
ინვესტორების მთავარი კითხვა – და სწორედ ის საკითხი, რომლის გარშემოც Investor Day იყო ორგანიზებული – ბიზნესმოდელის მდგრადობა და მისი გრძელვადიანი განვითარების პოტენციალია.
„ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანი მარტივ, თუმცა მკაფიო ამბიციაზეა დაფუძნებული: ვიყოთ ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავარი ფინანსური პარტნიორი“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ამ კონტექსტში, ბაზრის წილი არ არის საბოლოო მიზანი – ის მხოლოდ საფუძველია. მთავარი მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება და უფრო მაღალი ღირებულების მქონე სერვისების გამოყენების ზრდაა, მათ შორის ქონების მართვის, ბიზნესბანკინგისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებებში.
„ჩვენ ინვესტიციებს მოთხოვნის გაჩენამდე, წინსწრებით ვახორციელებთ იმ სეგმენტებში, სადაც ადრეულ მოთამაშეებს უპირატესობა ენიჭებათ“, – აღნიშნა მან.
Lion Finance Group ახალ ბაზრებზე კონკურენციის გაწევას იმავე ინტეგრირებული მიდგომით აპირებს, რომლის ეფექტიანობაც ჯგუფმა საკუთარ ბაზრებზე უკვე დაამტკიცა – მომხმარებლების საჭიროებების წინასწარ განსაზღვრითა და არა მხოლოდ მათზე რეაგირებით. მიზანი კი მომხმარებლის ფინანსური ცხოვრების სრული გზის მხარდაჭერა და არა მხოლოდ ცალკეული პროდუქტების შეთავაზებაა.
ამგვარად, Lion Finance Group-ის სტრატეგიული ხედვა – ორი ათწლეულის განმავლობაში თანმიმდევრულად შექმნილი ნდობა და ლიდერობა ბაზარზე – დროთა განმავლობაში ქმნის უპირატესობას, რომლის გამეორებაც კონკურენტებისთვის რთულია. ეს კი უკვე მხოლოდ ჰიპოთეზა აღარაა. ჯგუფის ზრდა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დანერგილი შესაძლებლობები ამ მოდელის ეფექტიანობას ამტკიცებს.
მთავარი კითხვაც აღარ არის ის, მუშაობს თუ არა ეს მოდელი – მთავარი კითხვაა, თუ რამდენად ფართოდ შეუძლია მას გავრცელება.
S










