მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთში Rabobank A.Ş.-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთში Rabobank A.Ş.-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა

ფოტო: Getty Images

ყაზახურმა ფინტექკომპანია Kaspi.kz-მა განაცხადა, რომ თურქეთში მოქმედი Rabobank A.Ş.-ის შეძენის გარიგება წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes Kazakhstan-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა გარიგებას 2025 წლის მარტში მოაწერეს ხელი, მისი დახურვა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რადგან კომპანიები თურქეთის მარეგულირებლის თანხმობას ელოდებოდნენ.

24 ივნისს ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთის საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოსგან (BDDK) შესაბამისი ნებართვა მიიღო, რის შემდეგაც კომპანიამ გარიგების ივლისში დასრულება დააანონსა.

გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

Kaspi.kz-ი თურქულ ბაზარზე ფეხის მოკიდებას აქტიურად განაგძრობს. შეგახსენებთ, იანვარში ლომთაძის კომპანიამ თურქული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ს შესყიდვის პროცედურა წარმატებით დაასრულა და მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა – 65.41%-იანი წილი $1.127 მილიარდად შეისყიდა.

ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Kaspi-ის აქციების 22.6%-ის მფლობელია. მასთან ერთად კომპანიის მთავარი აქციონერები არიან ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds-ი (24.7%).

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ლომთაძის ქონება $6 მილიარდს შეადგენს და ის საქართველოს უმდიდრესი ადამიანია, მსოფლიოში კი სიმდიდრით 680-ე ადგილს იკავებს.