ფოტო: AP
დღეს უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჰი კორეცკი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 392 დეპუტატიდან 289-მა დაუჭირა, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, შვიდმა თავი შეიკავა, ხოლო 21-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
კორეცკის კანდიდატურა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 15 ივლისს წარადგინა. ახალი პრემიერის მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება დღესვეა მოსალოდნელი.
სერჰი კორეცკი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანია Naftogaz-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ანალიტიკოსებისა და უკრაინელი კანონმდებლების შეფასებით, მას კარგი პროფესიული რეპუტაცია აქვს.
თუმცა მისი დანიშვნა დაპირისპირების ფონზე მოხდა. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებამ თავდაცვის მინისტრის, მიჰაილო ფედოროვის, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკა გამოიწვია. ფედოროვს ეფექტიან მინისტრად მიიჩნევდნენ, ხოლო მისი გადაყენების შემდეგ 16 ივლისს უკრაინაში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.
ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას, განცხადებით, კორეცკის გამოცდილება Naftogaz-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ ფონზე, როდესაც უკრაინა, შესაძლოა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ზამთრისთვის ემზადებოდეს.
სახელმწიფო ენერგეტიკულ სექტორში გადასვლამდე კორეცკი Continuum Group-ისა და WOG-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ასევე, ის უკრაინული ყავის ქსელის, Idealist Coffee Co.-ის, დამფუძნებელი და მფლობელია.
2022-2025 წლებში კორეცკი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ენერგოკომპანიებს, Ukrnafta-სა და Ukrtatnafta-ს, ხოლო 2025 წლის მაისში, Naftogaz-ის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რუსეთის თავდასხმების პირობებში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა იყო.











