ფოტო: Politico/Bloomberg via Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. ახალი შეზღუდვები დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადური საქონლის იმპორტს შეეხება და ძალაში 30 დღეში შევა.
თეთრი სახლის განცხადებით, გადაწყვეტილება კანადის მხრიდან ამერიკული წარმოების ავტომობილების, ალკოჰოლური სასმელებისა და რძის პროდუქტების მიმართ „დისკრიმინაციული პოლიტიკის“ საპასუხოდ მიიღეს.
ტარიფები გავრცელდება სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოზე, ცემენტზე, ჰოკეის აღჭურვილობაზე, რძის პროდუქტებზე, საცურაო აუზებზე, ავეჯზე, სათევზაო ინვენტარზე, ტანსაცმელსა და პარიკებზე.
ტრამპმა გადაწყვეტილების მისაღებად 1930 წლის ტარიფების აქტის 338-ე მუხლი გამოიყენა, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ის პროდუქციის მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის შემთხვევაში სავაჭრო პარტნიორებს 50%-მდე სადამსჯელო ტარიფები დაუწესოს. მისი მიღებიდან თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც აღნიშნული მუხლის საფუძველზე აშშ ტარიფებს დააწესებს.
ცნობისთვის, სანქციების ქვეშ მოქცეული პროდუქცია 2025 წელს აშშ-ის მიერ კანადიდან განხორციელებული 382 მილიარდი დოლარის იმპორტის დაახლოებით 5.2%-ს შეადგენს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ ოტავამ ვაშინგტონს სავაჭრო დავების მოსაგვარებლად ყოვლისმომცველი წინადადებები წარუდგინა. მისი თქმით, ტრამპის მიერ ადრე დაწესებული ტარიფები ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას არღვევდა.
„ამ სავაჭრო დავამ ხარჯები გაზარდა ოჯახებისთვის, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. კანადა მზად არის ინტენსიური მოლაპარაკებებისთვის, რათა დარჩენილი საკითხები ორივე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით გადაიჭრას“, – განაცხადა კარნიმ.
ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხანია, კანადასა და ჩინეთს იმ საპასუხო ზომების გამო აკრიტიკებს, რომლებიც მათ აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებზე მიიღეს. ამასთან, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ამჟამად მექსიკასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს აშშ-მექსიკა-კანადის (USMCA) სავაჭრო შეთანხმების შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა კანადა ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესში არ მონაწილეობს.
ტრამპისა და კარნის შეხვედრა კვირას, ნიუ-ჯერსიში, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს გაიმართა. შეხვედრაზე ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრს ტყის ხანძრების შეკავებისკენ მოუწოდა, რადგან ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი აშშ-ის დიდ ნაწილს ფარავს. მან გასულ კვირას ასევე განაცხადა, რომ დაბინძურებასთან დაკავშირებული „გაუთვალისწინებელი ხარჯები“ შესაძლოა კანადურ პროდუქციაზე უკვე მოქმედ ტარიფებს დაემატოს.












