WSJ: Nvidia შესაძლოა OpenAI-ის $250-მილიარდიანი AI-პროექტის დაფინანსების გარანტორი გახდეს

WSJ: Nvidia შესაძლოა OpenAI-ის $250-მილიარდიანი AI-პროექტის დაფინანსების გარანტორი გახდეს

Photo by Rolf van Root on Unsplash

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი Nvidia შესაძლოა AI-სტარტაპ OpenAI-ის ახალი მონაცემთა ცენტრის პროექტისთვის დაფინანსების გარანტორი გახდეს. საქმე ეხება დაახლოებით $250 მილიარდის დაფინანსების გარანტიას, რომელიც OpenAI-ს 10-გიგავატიანი მონაცემთა ცენტრის იჯარით აღებასა და პროექტისთვის საჭირო დაფინანსების მოზიდვას გაუადვილებს.

OpenAI-ის სამიზნე სამხრეთ ოჰაიოში მდებარე მონაცემთა ცენტრია, რომელსაც SoftBank-ის შვილობილი კომპანია SB Energy ავითარებს. შეთანხმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, AI-სტარტაპი საკუთარი ინფრასტრუქტურის შექმნას დაიწყებს და ნაკლებად იქნება დამოკიდებული ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემთა ცენტრებზე, როგორებიც არიან Microsoft–ი, Amazon–ი და Oracle-ი. თავის მხრივ, Nvidia-სთვის ეს კომპანიის AI-ჩიპებზე მრავალწლიან გარანტირებულ მოთხოვნას უზრუნველყოფს.

WSJ-ის ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება, მონაცემთა ცენტრში გამოყენებული ჩიპების ჩათვლით, სავარაუდოდ, $500 მილიარდს გადააჭარბებს. როგორც გამოცემა კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, $250 მილიარდის გარანტია მონაცემთა ცენტრის იჯარასა და სესხების დაფინანსებასაც მოიცავს, თუმცა არა ცენტრში განთავსებულ Nvidia-ს ჩიპებს. დამატებით, Nvidia OpenAI-ისთვის $350 მილიარდამდე ღირებულების ჩიპების შესყიდვის დაფინანსებასაც განიხილავს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ Nvidia პროექტის დასაფინანსებლად კრედიტორების მოზიდვასა და დარწმუნებაშიც მიიღებს მონაწილეობას. WSJ-ის ცნობით, პროექტის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, 2028 წელს დასრულდება, ამ დროისთვის კი მისი სიმძლავრე 800 მეგავატს მიაღწევს.

ცნობისთვის, $852-მილიარდიანი შეფასებით, OpenAI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანიაა. ამის მიუხედავად, სტარტაპი კვლავ არ არის მოგებიანი, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ AI-ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ხელმოწერილი მრავალმილიარდიანი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.