საუკეთესო ქვეყნები ემიგრანტებისთვის 2026 წელს | Expat Insider-ის რეიტინგი

საუკეთესო ქვეყნები ემიგრანტებისთვის 2026 წელს | Expat Insider-ის რეიტინგი

Photo by Get Golden Visa on Unsplash

საერთაშორისო კვლევითმა ფირმა Expat Insider-მა ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელი გამოკითხვა 162 სხვადასხვა ეროვნების მქონე 8,000-მდე ემიგრანტს მოიცავს, რომელთაც კვლევის ორგანიზატორებმა სთხოვეს, თავიანთი გამოცდილება რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით  შეეფასებინათ.

შედეგად, Expat Insider-ის რეიტინგი ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეფუძნება. ესენია: სამუშაო გარემო, პირადი ფინანსები, ცხოვრების ხარისხი, ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხები (ვიზა, ბიუროკრატია და სხვა) და ახალ გარემოსთან ადაპტაციის სიმარტივე.

რეიტინგის ლიდერი ზედიზედ მესამედ პანამა გახდა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 87%-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ცხოვრებით კმაყოფილია, ხოლო დაახლოებით მესამედი ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენასაც გეგმავს. რეიტინგში პანამის ლიდერობა უმეტესად მიგრანტების ადგილობრივებთან ინტეგრაციისა და ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივით აიხსნება.

ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნების 2026 წლის რეიტინგში მეორე პოზიციას მექსიკა იკავებს. ამ შემთხვევაშიც, მთავარი კრიტერიუმი, რამაც სიაში მექსიკის ლიდერობა განაპირობა, ემიგრანტებისთვის ქვეყანაში მეგობრების შეძენისა და ადგილობრივ საზოგადოებაში სწრაფად ადაპტაციის შესაძლებლობაა.

სამეულს კი ტაილანდი ასრულებს, სადაც ცხოვრებით გამოკითხული ემიგრანტების 86% აცხადებს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს. მათი შეფასებით, ქვეყნის მთავარი უპირატესობები დაბალი საცხოვრებელი ხარჯები, მათ შორის ხელმისაწვდომი საცხოვრებელია. კვლევის ფარგლებში გამოკითხული ემიგრანტების 42% არც ქვეყანაში საცხოვრებლად სამუდამოდ დარჩენის შესაძლებლობას გამორიცხავს.

საინტერესოა, რომ Expat Insider-ის რეიტინგის ტოპ-10-ში მხოლოდ სამი ევროპული ქვეყანა მოხვდა, თუმცა არცერთი მათგანი საუკეთესო ხუთეულში არაა. ყველაზე კარგი შედეგი ესპანეთს აქვს, რომელიც სიის მეექვსე პოზიციაზეა წარმოდგენილი. კრიტერიუმების გათვალისწინებით, ესპანეთი ცხოვრების ხარისხის კატეგორიაში ლიდერია, რაც კარგი კლიმატური პირობების, დასვენებისა და მოგზაურობის მრავალი შესაძლებლობისა და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამსახურებაა.

პორტუგალია მერვე ადგილზეა, ხოლო ლუქსემბურგი – მეათეზე. პორტუგალიამ მაღალი შეფასება მიიღო პირადი ფინანსებისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის სიმარტივის კატეგორიებში. ლუქსემბურგი წამყვან პოზიციებზე სამუშაო პირობების, ხელფასებისა და დასაქმების სტაბილურობის გამო აღმოჩნდა.

ცნობისთვის, Expat Insider-ის 2026 წლის რეიტინგი 31 ქვეყანას მოიცავს. იმისათვის, რომ ქვეყანა საერთო რეიტინგში მოხვედრილიყო, გამოკითხვა ამ ადგილიდან მინიმუმ 50 ემიგრანტს უნდა შეევსო.

რეიტინგის ქვედა ნაწილში კი დიდი ბრიტანეთი (28-ე), თურქეთი (29-ე), გერმანია (30-ე) და ნორვეგია (31-ე) აღმოჩნდნენ. ახალ გარემოსთან ადაპტაციის სიმარტივის მიხედვით, ნორვეგიამ ბოლო ადგილი დაიკავა, ხოლო გერმანიაში ემიგრანტები ყველაზე ხშირად პრობლემად ბიუროკრატიას, ციფრული სერვისების არასათანადო განვითარებას, საცხოვრებლის პოვნასა და ენობრივ ბარიერს ასახელებდნენ.

Expat Insider-ის გამოკითხვით, საუკეთესო ქვეყნები ემიგრანტებისთვის 2026 წელს:

  1. პანამა
  2. მექსიკა
  3. ტაილანდი
  4. არაბთა გაერთიანებული საამიროები
  5. ბრაზილია
  6. ესპანეთი
  7. სინგაპური
  8. პორტუგალია
  9. მალაიზია
  10. ლუქსემბურგი