Photo by Mike Enerio on Unsplash
სამოგზაურო eSIM-ების პროვაიდერმა კომპანია Holafly-მ 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც უახლეს ანგარიშში კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ქალაქის სტუმართმოყვარეობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ტურისტებისადმი დამოკიდებულებით არ განისაზღვრება – ანგარიში აერთიანებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა უსაფრთხოება, ხელმისაწვდომი ტურისტული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციის სიმარტივე, რაც, საერთო ჯამში, სრული სურათის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების გამოსავლენად Holafly-ს მკვლევრებმა რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი გამოიყენეს: უსაფრთხოების დონე, ვიზების მიღების სიმარტივე, ტურისტული და საინფორმაციო სერვისების რაოდენობა, მორგებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი მოსახლეობის ინგლისური ენის ცოდნის დონე, ადგილობრივების მხრიდან ტურისტებისადმი დამოკიდებულება და ა.შ.
Holafly-ს მკვლევრებმა ანგარიშის ფარგლებში, ჯამში, 200 ქალაქი შეისწავლეს — მათ შორის, 100 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება და 100 ყველაზე დიდი ურბანული ცენტრი. როგორც მიღებული შედეგებიდან ირკვევა, მსოფლიოს 20 ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქიდან ცხრა ევროპაში მდებარეობს. კერძოდ, კვლევის შედეგებით, ევროპის რეგიონში ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქად ლონდონი დასახელდა, რომელიც საერთო სიაში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით პირველ პოზიციას ქალაქი–სახელმწიფო სინგაპური იკავებს.
ლონდონის გარდა, Holafly-ს რეიტინგში გაერთიანებული სამეფოს კიდევ ერთი ქალაქი, ედინბურგიც მოხვდა, რომელიც სიაში მე-11 ადგილს იკავებს. ორი ქალაქითაა წარმოდგენილი საუკეთესო ოცეულში დანიაც — კოპენჰაგენი (მე-9 ადგილი) და ორჰუსი (მე-10 ადგილი), ასევე ჩეხეთი — პრაღა (მე-16 ადგილი) და ბრნო (მე-20 ადგილი). ოცეულში ყველაზე მეტი ქალაქით კანადაა წარმოდგენილი — ოტავა (მე-14 ადგილი), ტორონტო (მე-18 ადგილი) და მონრეალი (მე-19 ადგილი).
ცნობისთვის, რეიტინგში სინგაპურის ლიდერობა დიდწილად უსაფრთხოების კრიტერიუმში უმაღლესი შეფასების დამსახურებაა. კერძოდ, სინგაპურის უსაფრთხოების მაჩვენებელი 77.7 ქულას შეადგენს. ამასთან ერთად, სინგაპური უცხოელი ვიზიტორებისთვის ხელსაყრელი პირობებითაც გამოირჩევა. ქალაქის ვიზებისადმი ღიაობის ინდექსი 164 ქულას უტოლდება, ხოლო ტურისტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო და დახმარების სერვისების რაოდენობა 41-ს აღწევს.
რაც შეეხება ლონდონს, კვლევის მიხედვით, მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ტურისტული სერვისების სიმრავლეა — ქალაქში ვიზიტორებისთვის 54 საინფორმაციო და ტურისტული დახმარების ცენტრი ფუნქციონირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით საერთაშორისო ტურისტს მასპინძლობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან კულტურულ ცენტრად ითვლება.
კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმში ტურისტებისთვის ყველაზე ხელშემწყობ ქალაქად ტოკიო დასახელდა. იაპონიის დედაქალაქში ტურისტებისთვის განკუთვნილი 458 სხვადასხვა საინფორმაციო და დახმარების სერვისი მოქმედებს. ხოლო ყველაზე უსაფრთხო ქალაქად Holafly-ს მკვლევრებმა იაპონიის ქალაქი საპორო დაასახელეს, რომელმაც 92.86 ქულა მიიღო.
Holafly-ს შეფასებით, მსოფლიოს 20 ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქი 2026 წლისთვის:
- სინგაპური
- ლონდონი (გაერთიანებული სამეფო)
- სიდნეი (ავსტრალია)
- ნიუ-იორკი (აშშ)
- ბოსტონი (აშშ)
- პენანგის კუნძული (მალაიზია)
- ჰააგა (ნიდერლანდები)
- ჰონგ-კონგი
- კოპენჰაგენი (დანია)
- ორჰუსი (დანია)
- ედინბურგი (გაერთიანებული სამეფო)
- უტრეხტი (ნიდერლანდები)
- დავაო (ფილიპინები)
- ოტავა (კანადა)
- მელბურნი (ავსტრალია)
- პრაღა (ჩეხეთი)
- ამსტერდამი (ნიდერლანდები)
- ტორონტო (კანადა)
- მონრეალი (კანადა)
- ბრნო (ჩეხეთი)













