Photo by Samara Doole on Unsplash
მტკნარი წყალი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი რესურსია. მისი სასიცოხლოდ აუცილებელი თვისებებიდან გამომდინარე, მტკნარ წყალს ბევრი სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს.
ზოგიერთი ქვეყანა მტკნარი წყლის დიდი მარაგებით გამოირჩევა. თუმცა თუკი წყლის მარაგებს ერთ სულ მოსახლეზე დავითვლით, მოცემულობა რადიკალურად იცვლება. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, სადაც, 2022 წლის კვლევების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მტკნარი წყალია. მტკნარ წყალში განახლებადი მტკნარი წყლის რესურსი იგულისხმება. მონაცემები აღებულია Our World in Data-ს ანგარიშიდან.
ამ მაჩვენებლით რეიტინგის პირველ ადგილს ისლანდია იკავებს. ისლანდიაში ერთ სულ მოსახლეზე 445,022 კუბური მეტრი მტკნარი წყალი მოდის. ისლანდია აღნიშნული რესურსით აბსოლუტურად დომინირებს მომდევნო ქვეყნებზე. ასეთ მაჩვენებლებს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი განაპირობებს. მყინვარები, ხშირი წვიმები და მოსახლეობის სიმცირე ისლანდიაში მტკნარი წყლის რესურსების დაგროვებას უზრუნველყოფს.
რეიტინგის მეორე და მესამე პოზიციაზე გაიანა და სურინამი იმყოფებიან. ორივე მათგანისთვის მტკნარი წყლის დიდი მარაგების მიზეზი მუდმივი ტროპიკული წვიმები და მდინარეების დიდი ქსელია, ასევე მოსახლეობის სიმცირეა. გაიანა და სურინამი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე ყველაზე დიდი მტკნარი წყლის მარაგების მქონე ქვეყნებია.
საინტერესოა, რომ მტკნარი წყლის დიდი მარაგი აქვს რეიტინგის მეექვსეადგილოსან კანადასაც. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მარაგების დიდი წილი მოსახლეობისგან და აგრონომიული ცენტრებისგან მოშორებითაა, მათი ათვისება გართულებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ წყლის საკმარისი მარაგების მიუხედავად, მოსახლეობას მასზე გაადვილებული წვდომა ჰქონდეს.
მსგავსი პრობლემის წინაშე არიან ყველა დიდი ზომის სახელმწიფოები, რომელთაც წყლის დიდი რესურსები აქვთ. კანადა, ბრაზილია, რუსეთი მიუხედავად მტკნარი წყლის დიდი მარაგებისა, გეოგრაფიული განშლის გამო გარკვეულ რეგიონებში წყლის დეფიციტსაც კი განიცდიან.
საინტერესოა აშშ-ის მაგალითიც, რომელსაც მტკნარი წყლის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მარაგი აქვს. მიუხედავად ამისა, მისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გათვალისწინებით, ის ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით მხოლოდ 54-ე პოზიციას იკავებს.
აზიის კონტინენტზე ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მტკნარი წყლის რაოდენობით ბუტანი გამოირჩევა, რომელიც გლობალურ რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს. აფრიკაში კი გაბონი, ლიბერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ლიდერობენ.
საინტერესოა, რომ 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 15,657 კუბური მეტრი მტკნარი წყალი მოდის. ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურ რეიტინგში 39-ე ადგილზე იმყოფება. შედარებისათვის, სომხეთში ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 2,310 კუბური მეტრი, აზერბაიჯანში კი 800 კუბური მეტრი მტკნარი წყალი მოდის.
მტკნარი წყლის დიდი რესურსი საქართველოს ჰიდროელექტრო, საირიგაციო და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით დიდ პოტენციალს აძლევს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული რესურსით საქართველო როგორც კავკასიის, ისე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამოირჩევა.
| რეიტინგი | ქვეყანა | კუბური მეტრი ერთ სულ მოსახლეზე |
| 1 | ისლანდია | 445,022.70 |
| 2 | გაიანა | 293,316.88 |
| 3 | სურინამი | 158,866.69 |
| 4 | ბუტანი | 99,882.96 |
| 5 | პაპუა – ახალი გვინეა | 78,505.02 |
| 6 | კანდა | 73,170.48 |
| 7 | ნორვეგია | 70,000.20 |
| 8 | გაბონი | 67,468.97 |
| 9 | ახალი ზელანდია | 64,348.54 |
| 10 | სოლომონის კუნძულები | 57,229.48 |
| 11 | პერუ | 49,021.02 |
| 12 | ჩილე | 45,261.51 |
| 13 | კოლუმბია | 41,458.93 |
| 14 | ბელიზი | 37,891.11 |
| 15 | ლიბერია | 37,221.12 |
| 16 | კონგო | 36,784.79 |
| 17 | ვანუატუ | 31,944.19 |
| 18 | ფიჯი | 31,052.12 |
| 19 | პანამა | 31,040.00 |
| 20 | რუსეთი | 29,895.26 |
| 39 | საქართველო | 15,657.90 |














