ფოტო: AP
ორშაბათს თურქეთის პარლამენტმა ისტორიული მნიშვნელობის კანონი მიიღო, რომელიც აყალიბებს კანონიერ ჩარჩოს უკანონოდ გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დაშლისთვის. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებისკენ, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კანონმდებლობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის ყოფილი მებრძოლების სამართლებრივ დაცვას, რომლებსაც არ ჩაუდენიათ კონკრეტული დანაშაულები და ხელს უწყობს პატიმრობის შეჩერებას ზოგიერთი მათგანისთვის, რომლებიც PKK-ს წევრობისთვის არიან მსჯავრდებულნი. აღნიშნული ინიციატივა გზას უხსნის მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
კანონს მხარი თურქეთის 600-მანდატიან პარლამენტში 468 ხმით დაუჭირეს. მან მხარდაჭერა ისეთი პარტიებისგან მიიღო, როგორებიცაა: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველი პარტია „AK”, მისი მოკავშირე ნაციონალისტური პარტია „MHP” და პროქურთული პარტია „DEM”.
აღნიშნული კანონის მიღება არის ყველაზე კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ანკარამ ამ პროცესში გადადგა მას შემდეგ, რაც 2025 წლის თებერვალში პატიმრობაში მყოფმა PKK-ს ლიდერმა აბდულა ოჯალანმა ჯგუფს განიარაღებისა და დაშლისაკენ მოუწოდა.
ცნობისათვის, PKK-მ 2025 წლის მაისში გამოაცხადა, რომ შეიარაღებულ ბრძოლას შეწყვეტდა და დაიშლებოდა, ხოლო მებრძოლთა ჯგუფმა სიმბოლურად დაწვა იარაღი ორი თვის შემდეგ ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა PKK-მ განმათავისუფლებელი მოძრაობა და შეიარაღებული წინააღმდეგობა 1984 წელს დაიწყო. კონფლიქტმა ამ წლების განმავლობაში 40,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მძიმე ეკონომიკური ტვირთი დააკისრა ძირითადად ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთს.
პროცესი თურქეთში საჯაროდ 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც MHP-ის ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ ოჯალანს პარლამენტში გამოსვლა და PKK-ის დაშლის შესახებ განცხადების გავრცელება მოულოდნელად შესთავაზა.
კანონი თავისთავად არ წყვეტს ქურთების მოთხოვნებს პოლიტიკური და კულტურული უფლებების გაფართოების, ანტიტერორისტული კანონმდებლობის ცვლილებების ან ოჯალანის სტატუსის შესახებ, რომელიც 1999 წლის შემდეგ პატიმრობაშია.
მთავრობამ ინიციატივა შეაფასა, როგორც „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის“ შექმნის იდეის ნაწილი. ქურთი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი მშვიდობისთვის უფრო ფართო დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმები იქნება საჭირო.














