ფოტო: Adobe Stock
უკრაინის მთავრობა მარცვლეულის მოლდოვის გავლით რკინიგზით გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს როგორც უფრო უსაფრთხო ექსპორტის ვარიანტს, ვიდრე შავი ზღვით. ორშაბათს, ანონიმურმა წყაროებმა ორივე ქვეყნიდან განაცხადეს, რომ ზელენსკიმ მოლდოვის ხელისუფლებას ტვირთის გატარების დაბალი ტარიფი სთხოვა.
უკრაინის პორტებიდან შავი ზღვის გავლით ექსპორტი, მათ შორის რუმინეთში მიმავალი „უსაფრთხოების დერეფანი“, ბოლო თვეებში რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვაო გადაზიდვებსა და პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ყველაზე „პოპულარული“ სამიზნე გახდა.
ანონიმური წყაროების თანახმად, კიევს სურს, თავისი მარცვლეული მოლდოვის გავლით რუმინეთის პორტ კონსტანცაში ნომინალურ ტარიფზე 50%-იანი ფასდაკლებით გადაზიდოს.
„ამჟამად ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას პოტენციური მოცულობების შესახებ დაინტერესებული გადამზიდავებისგან. ინფორმაციის შეგროვების პროცესი ჯერ არ დასრულებულა“, – განუცხადა Reuters-ს წყარომ უკრაინიდან. წყარომ მოლდოვის რკინიგზიდან კი დაადასტურა, რომ უკრაინამ მოლაპარაკებების დროს 50%-იანი ფასდაკლება მოითხოვა.
მოლდოვის რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ოლეგ ტოფილატმა, Reuters-ს განუცხადა, რომ მოლდოვის გავლით სატრანზიტო სარკინიგზო დერეფანს ყოველწლიურად 4.5 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია.
უკრაინული მხარის შეფასებით, მოქმედი დერეფანი ქვეყნის ექსპორტის 10%-ს უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, მოლდოვამ უკვე უზრუნველყო უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო ტრანსპორტირება 2022-2023 წლებში.
მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, ვლადიმირ ბოლეა, ორშაბათს ოდესის ოლქს ეწვია და უკრაინელ კოლეგასთან, მიკოლა კალაშნიკთან ერთად რკინიგზის კავშირების გაუმჯობესებისა და ტრანზიტის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტარას ვისოცკიმ ორშაბათს Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ სამინისტრომ 2026-27 წლების სეზონისთვის მარცვლეულის ექსპორტის პროგნოზი მოსალოდნელი 43 მილიონი ტონიდან, 38-40 მილიონ ტონამდე შეამცირა, რაც გამოწვეული იყო რუსეთის მიერ პორტებზე თავდასხმებით.
ორშაბათს მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტოფანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს შესაძლებლობა, უკრაინული მარცვლეულის ტვირთებიდან ტრანზიტით მილიონობით ევრო მიიღოს. მან უარყო მოლდოვური ფერმერული ჯგუფების ვარაუდები, რომ უკრაინული მარცვლეულის ფასი მათ პროდუქციას გააიაფებს. „ნუ ვეძებთ მტრებს იქ, სადაც ისინი არ არიან“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.













