ფოტო: Brent Lewin/Bloomberg
Meta, Google-ის YouTube-ი, TikTok-ის მფლობელი ByteDance-ი და Snap-ი აშშ-ში ათასობით სასამართლო დავის წინაშე არიან. შტატები, სკოლები და ინდივიდუალური მომხმარებლები კომპანიებს ადანაშაულებენ, რომ მათი პლატფორმები ახალგაზრდებში სოციალური ქსელების მიმართ დამოკიდებულებას აჩენს და ბავშვებსა და მოზარდებზე უარყოფით გავლენას ახდენს.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სოციალური ქსელების გამოყენება ახალგაზრდებში დეპრესიასთან, შფოთვასთან, სხეულის აღქმის პრობლემებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო ფართო კრიზისთან არის დაკავშირებული.
კომპანიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პლატფორმებზე ბავშვებისა და მოზარდების დასაცავად არაერთი მექანიზმი აქვთ დანერგილი. კომპანიები ასევე მიუთითებენ აშშ-ის კანონმდებლობის, მათ შორის Communications Decency Act-ის 230-ე მუხლზე, რომელიც მათი პოზიციით გარკვეულ შემთხვევებში მომხმარებლების მიერ პლატფორმებზე განთავსებულ კონტენტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან იცავს.
ამასთან, საქმეების რაოდენობის ზრდა სოციალური მედიის კომპანიებზე ზეწოლას აძლიერებს, მაშინ როდესაც აშშ-ის კანონმდებლები ახალგაზრდა მომხმარებლების დაცვისთვის უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღებას განიხილავენ.
შტატების სარჩელები
სოციალური მედიის კომპანიების წინააღმდეგ სარჩელი აშშ-ის თითქმის ყველა შტატმა შეიტანა. შტატების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პლატფორმები ბავშვებისა და მოზარდებისთვის საზიანო მექანიზმებს იყენებს და მომხმარებლებს მათი უსაფრთხოების შესახებ შეცდომაში შეჰყავს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე ნიუ-მექსიკოს შტატსა და Meta-ს შორის მიმდინარეობს. შტატი კომპანიას Instagram-ზე, Facebook-სა და WhatsApp-ზე ახალგაზრდა მომხმარებლების სექსუალური ექსპლუატაციისგან არასათანადოდ დაცვისა და პლატფორმების უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებდა.
მარტში ნაფიცმა მსაჯულებმა Meta-ს $375 მილიონი სამოქალაქო ჯარიმის გადახდა დააკისრეს. საქმის მეორე ეტაპზე მოსამართლემ დაადგინა, რომ კომპანიის საქმიანობამ შტატში ბავშვებისთვის ზიანი გამოიწვია. მას შემდეგ Meta-ს დამატებით $567 მილიონი დაეკისრა და კომპანიას ახალგაზრდების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად კონკრეტული ზომების მიღება დაევალა. Meta გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში მიმდინარეობს. შტატი Meta-ს მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოსგან ფინანსურ სანქციებსა და Instagram-ის გარკვეული ფუნქციების შეცვლას ითხოვს, რომლებიც, შტატის შეფასებით, მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.
12 აგვისტოს, კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში დაიწყო პროცესი, რომელიც კოლორადოს, კენტუკის, კალიფორნიისა და ნიუ-ჯერსის ბრალდებებს განიხილავს. შტატების პოზიციით, Meta-მ პლატფორმები ისე შექმნა, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები მათზე დამოკიდებულები გამხდარიყვნენ და ამასთან, მათი უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა.
საქმე ასევე მოიცავს 29 შტატის მოთხოვნებს, რომლებიც Meta-ს ბავშვების მონაცემების ფედერალური კანონმდებლობის დარღვევით შეგროვებასა და გამოყენებაში ადანაშაულებენ.
სკოლების სარჩელები
სოციალური მედიის კომპანიების წინააღმდეგ სასამართლო დავებში 1,000-ზე მეტი სასკოლო ოლქიც მონაწილეობს.
სკოლები ამტკიცებენ, რომ პლატფორმების დიზაინი ახალგაზრდა მომხმარებლების ხანგრძლივად ჩართულობისკენ არის მიმართული, რასაც, მათი თქმით, მოსწავლეებში შფოთვის, დეპრესიისა და თვითდაზიანების შემთხვევებთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვება. სკოლები ასევე აცხადებენ, რომ სოციალური მედიის გავლენის შედეგებთან გამკლავება მათ დამატებით ხარჯებს აკისრებს.
სასამართლოებში ისინი კომპენსაციას სწორედ ამ ხარჯებისთვის და მომავალში სოციალური მედიის გავლენის შესამცირებლად დამატებით დაფინანსებას ითხოვენ.
პირველ საქმედ, რომელიც სასკოლო ოლქის სარჩელზე დაყრდნობით სასამართლო განხილვამდე უნდა მისულიყო, კენტუკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მცირე სასკოლო ოლქის საქმე შეირჩა. თუმცა ივნისში დაგეგმილი პროცესი მას შემდეგ გაუქმდა, რაც კომპანიებმა ოლქთან შეთანხმებას მიაღწიეს.
საჯარო ჩანაწერების მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში სასკოლო ოლქს $27 მილიონი უნდა მიეღო.
ინდივიდუალური მომხმარებლების საქმეები
კომპანიების წინააღმდეგ შეტანილი ინდივიდუალური სარჩელების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს. 3,300-ზე მეტი საქმე ლოს-ანჯელესის შტატის სასამართლოშია, ხოლო ცალკეული საქმეები ფედერალურ სასამართლოებშიც მიმდინარეობს.
პირველი საქმე, რომელიც ინდივიდუალური მომხმარებლის მიერ სოციალური მედიის გამოყენებით მიყენებულ პირად ზიანს ამოწმებდა, ახალგაზრდა ქალის სარჩელი იყო. იგი ამტკიცებდა, რომ სოციალური მედიისადმი დამოკიდებულებამ დეპრესია და შფოთვა გამოიწვია.
საქმეში თავდაპირველად Snap-ი და TikTok-ის მფლობელი ByteDance-იც იყვნენ მოპასუხეები, თუმცა მათ სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეთანხმებას მიაღწიეს.
მარტში ლოს-ანჯელესის ნაფიცმა მსაჯულებმა Meta და Google-ი დაუდევრობაში ცნეს დამნაშავედ. Meta-ს $4.2 მილიონის, Google-ს კი $1.8 მილიონის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ორივე კომპანია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
მეორე საქმე ივლისში ლოს-ანჯელესში უნდა განხილულიყო. მოსარჩელე ფლორიდელი მოზარდი იყო, რომელიც ამბობდა, რომ სოციალური მედიის გამოყენება დაახლოებით 8 წლის ასაკში დაიწყო და შემდგომში დეპრესია და შფოთვა განუვითარდა.
თუმცა პროცესი გაუქმდა მას შემდეგ, რაც მოზარდმა TikTok-თან, Snap-სა და Google-თან შეთანხმებას მიაღწია, ხოლო Meta-ს წინააღმდეგ მოთხოვნები სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.
კალიფორნიის შტატის სასამართლოში შემოდგომაზე კიდევ სამი საქმეა დაგეგმილი. Reuters-ის ინფორმაციით, TikTok-ის მხარე ამ საქმეების მოსარჩელეებთან შეთანხმებას წინასწარ დათანხმდა, თუმცა Meta-ს, Google-ისა და Snap-ის წინააღმდეგ მოთხოვნები კვლავ არსებობს.














