ფოტო: aero-mag.com
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბრიტანული წარმოების დრონების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ The Times-ი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დარტყმებში გამოყენებულ შეიარაღებას შორის არის BAE Systems-ის მიერ წარმოებული რეაქტიული ძრავით აღჭურვილი Nyan-ის ტიპის დრონი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებს გამოცდილი აქვს. უკრაინული მხარე ასევე იყენებს კიდევ ერთ ბრიტანულ დრონს, რომლის მწარმოებლის დასახელებისგანაც გამოცემამ უსაფრთხოების მიზეზით თავი შეიკავა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წყაროს განცხადებით, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უმეტესობა უკრაინული წარმოების დრონებით ხორციელდება, თუმცა ბრიტანული დრონების გამოყენებით უკრაინულმა ძალებმა „მნიშვნელოვან წარმატებას“ მიაღწიეს.
The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანული დრონებით უკრაინამ მოსკოვის მახლობლად, ასევე იაროსლავლისა და ვოლგოგრადის რეგიონებში მდებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე მიიტანა იერიში.
გამოცემის წყაროების ცნობით, Nyan-ის ტიპის დრონი რუსეთის ქალაქ ბელგოროდის წინააღმდეგაც გამოიყენეს. ცნობისთვის, ბელგოროდი უკრაინის საზღვართან მდებარეობს.
უკრაინა ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებს უფრო ინტენსიურად ახორციელებს. კიევის განცხადებით, თავდასხმების მიზანი რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მოსკოვის მიერ ომის გაგრძელების შესაძლებლობების შემცირებაა.
15 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სავასლეიკის სამხედრო ავიაბაზასა და სამარის ოლქში მდებარე Roscosmos-ის მნიშვნელოვან ობიექტზე ადგილობრივი წარმოების „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში.
უკრაინულმა ძალებმა 16 აგვისტოს ღამით რუსეთის მოსკოვის ოლქის რამდენიმე ქალაქსა და ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სამხედრო ტექნოლოგია გამოიყენეს უკრაინელებმა უკანასკნელი იერიშის დროს.
The Times-ის წყაროების შეფასებით, უკრაინის მიერ ბრიტანული დრონების გამოყენებამ შესაძლოა რუსეთიდან გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გააქტიურება გამოიწვიოს.
ბრიტანეთის თავდაცვის სფეროს ერთ-ერთი მაღალი რანგის წყაროს განცხადებით, მოსკოვმა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ უკვე განახორციელა კიბერშეტევები და სადაზვერვო ოპერაციები, ხოლო ბრიტანული დრონების გამოყენებამ შესაძლოა რუსეთის მხრიდან მსგავსი მოქმედებების რისკი უფრო გაზარდოს.












