ფოტო: Telegram/Supernova+
უკრაინულმა ძალებმა 16 აგვისტოს ღამით რუსეთის მოსკოვის ოლქის რამდენიმე ქალაქსა და ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ Kyiv Independent-ი წერს. მონიტორინგის არხების ინფორმაციით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე რუსული ონლაინრიტეილერის, Wildberries-ის, საწყობი იყო.
მონიტორინგის არხ Exilenova Plus-ის ინფორმაციით, უკრაინული ძალების დარტყმის შედეგად მოსკოვთან ახლოს, სოფელ კოლედინოში მდებარე Wildberries-ის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ასევე ქალაქ დომოდედოვოში მდებარე Severnoye Domodedovo-ს საწარმოო და ლოგისტიკურ კომპლექსში.
Exilenova Plus-ის ცნობით, უკრაინული დარტყმებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვშიც ისმოდა.
რუსეთის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებია.
უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურას რეგულარულად ესხმის თავს. კიევის განცხადებით, მიზანი რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებაა.
15 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სავასლეიკის სამხედრო ავიაბაზასა და სამარის ოლქში მდებარე Roscosmos-ის მნიშვნელოვან ობიექტზე იერიში ადგილობრივი წარმოების „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განახორციელეს.
14 აგვისტოს ღამით უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ბალტიისპირა პორტზეც მიიტანა იერიში. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ორი საწარმო დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
მანამდე, 11 აგვისტოს, რუსეთის ვორონეჟის ოლქში, სოფელ ნოვაია უსმანში, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი აფეთქებების შემდეგ ხანძარმა მოიცვა. თავდასხმა მოგვიანებით უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ დაადასტურა.
Wildberries-ი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინრიტეილერია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სამომხმარებლო ეკონომიკაში. კომპანიას საკუთარ პლატფორმაზე სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის დრონების კომპონენტები და ჯავშანჟილეტები, აქვს ჩამონათვალში.
კომპანიის საბანკო მიმართულება ევროკავშირმა, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში ფინანსური წვლილის გამო, ივლისში დაასანქცირა.












