ილონ მასკის ქონებამ $900 მილიარდს კვლავ გადააჭარბა

ილონ მასკის ქონებამ $900 მილიარდს კვლავ გადააჭარბა

ფოტო: Patrick T. Fallon / AFP

 

დღეს, 17 აგვისტოს, ილონ მასკის ქონებამ $900 მილიარდს გადააჭარბა, რაც SpaceX-ის აქციების ფასის ზრდამ გამოიწვია. რაკეტების მწარმოებელი კომპანიის აქციები ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა, რასაც დამატებითი ბიძგი SpaceX-ში მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების წილების გამჟღავნებამ მისცა.

SpaceX-ის აქციების ფასი 6%-ზე მეტით, თითქმის $150-მდე გაიზარდა. შედეგად, კომპანიის აქციები 3 აგვისტოს დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმუმთან, $104-თან, შედარებით დაახლოებით 87%-ით არის გაძვირებული.

SpaceX-ის აქციების ზრდამ მასკის ქონებას ერთ დღეში $47.7 მილიარდი შემატა. მისი ქონება ამჟამად $911.9 მილიარდად არის შეფასებული.

Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მასკს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი, რომლის ქონება $281.4 მილიარდია, და Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, $268.8 მილიარდით.

SpaceX-ში ინსტიტუციური ინვესტორების წილების გამჟღავნების ბოლო ვადა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისთვის (SEC) პარასკევს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-ში დაახლოებით $2.2 მილიარდის წილი ჰარვარდის უნივერსიტეტის ფონდმა გაამჟღავნა, რის შედეგადაც კომპანია ჰარვარდის ყველაზე მსხვილი საფონდო ინვესტიცია გახდა.

Nvidia-მ SpaceX-ში 122.8 მილიონი აქციის, თითქმის $21 მილიარდის ღირებულების, წილი გაამჟღავნა. BlackRock-ის წილი $8.7 მილიარდად, Gigafund Management-ის – $29.3 მილიარდად, Fidelity-ის კი $51.6 მილიარდად შეფასდა.

SpaceX-ში წილები რამდენიმე მილიარდერმაც გაამჟღავნა. ჯოშ კუშნერის Thrive Capital-ის წილი დაახლოებით $3.2 მილიარდს შეადგენს.

პიტერ ტილის Founders Fund-თან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი დაახლოებით $73 მილიარდის ღირებულების წილი გაამჟღავნეს. უნდა აღინიშნოს, რომ Founders Fund-ი SpaceX-ის პირველი ინსტიტუციური ინვესტორი იყო.

ავსტრალიელი მილიარდერისა და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, ჯინა რეინჰარტის, საკუთრებაში არსებული სამთო კომპანია Hancock Prospecting-ის წილი კი დაახლოებით $1.3 მილიარდია.

კვლავ ილონ მასკს რომ დავუბრუნდეთ, SpaceX-ის აქციების აღდგენამდე მასკის ქონება მკვეთრად შემცირდა. ივლისში მისი ქონება $700 მილიარდზე დაბლა დაეცა, ეს დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა.

ამის მიზეზი SpaceX-ის აქციების 50%-იანი ვარდნა იყო. კომპანიის აქციებმა ისტორიულ მაქსიმუმს 16 ივნისს მიაღწია, რის შემდეგაც მკვეთრი კლება დაიწყო. 23 ივლისისთვის მასკის ქონება დაახლოებით $750 მილიარდით იყო შემცირებული იმ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც მისი ქონება $1.45 ტრილიონს აღწევდა.

თუმცა SpaceX-ის აქციებმა შემდეგ სწრაფად დაიწყო აღდგენა. კომპანიის პირველი კვარტალური ფინანსური ანგარიშის შედეგები უოლ-სტრიტის მოლოდინებზე უკეთესი აღმოჩნდა. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აქციები მოკლევადიან პერიოდში 13%-ით დაეცა, თუმცა რამდენიმე საინვესტიციო კომპანია, მათ შორის Morgan Stanley, Oppenheimer-ი და Cantor-ი, SpaceX-ის ფინანსურ შედეგებს დადებითად გამოეხმაურა.

ანალიტიკოსებმა განსაკუთრებით გამოყვეს კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართულება და აღნიშნეს, რომ AI-ბიზნესის პოტენციალი შესაძლოა SpaceX-ის გაზრდილ ხარჯებთან დაკავშირებულ რისკებს გადაწონიდეს.

JPMorgan-ის პროგნოზით, AI-ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მისი მონეტიზაციის ზრდამ შესაძლოა SpaceX-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების შემოსავალი 2027 წელს $100 მილიარდამდე გაზარდოს.