Audi-მ ახალი კომპაქტური ელექტრომობილი A2 e-tron წარადგინა

Audi-მ ახალი კომპაქტური ელექტრომობილი A2 e-tron წარადგინა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Audi-მ ახალი კომპაქტური ელექტრომობილი A2 e-tron წარადგინა. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი მოდელი ევროპაში მცირე ზომის ავტომობილების სეგმენტში პოზიციების გაძლიერებასა და გაყიდვების შემცირების შეჩერებაში დაეხმარება.

Audi-ის გაყიდვები ბოლო ორი წლის განმავლობაში კლების ტენდენციას აჩვენებს, 2026 წლის პირველ ნახევარში კი წლიურად 7%-იანი კლება დააფიქსირა. კომპანიაზე განსაკუთრებით უარყოფითად ჩინეთის ბაზარზე გამწვავებული კონკურენცია და აშშ-ის ტარიფები მოქმედებს.

„ევროპაში სამომავლოდ კომპაქტური და ეფექტიანი ავტომობილები გვჭირდება“, – განაცხადა Audi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გერნოტ დიოლნერმა, პარიზში ახალი A2 e-tron-ის წარდგენისას. მისივე თქმით, პრემიუმ-ავტომობილი მხოლოდ მეტ სიმძლავრესა და რესურსების უფრო დიდ მოხმარებას არ უნდა ნიშნავდეს და აქცენტი მათ უფრო გონივრულ გამოყენებაზე უნდა გაკეთდეს.

A2 e-tron იმავე სახელწოდების მოდელის თანამედროვე ვერსიაა, რომელსაც Audi 2000-იანი წლების დასაწყისში აწარმოებდა. ახალი ელექტრომობილი 100 კილომეტრზე 12.8 კილოვატსაათ ენერგიას მოიხმარს. Audi-ის განცხადებით, ის ბრენდის ისტორიაში ყველაზე ენერგოეფექტიანი მოდელი იქნება.

ფოტო: AUDI

ერთი დამუხტვით ავტომობილი მაქსიმუმ 646 კილომეტრი მანძილის გავლას შეძლებს. A2 e-tron-ს გერმანიაში, ინგოლშტადტის ქარხანაში დაამზადებენ, ხოლო მომხმარებლებისთვის პირველი ავტომობილების მიწოდება დეკემბრიდან დაიწყება.

Audi-ის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია ელექტრომობილების მიმართულებით საკუთარ პოზიციებს თავდაჯერებულად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ბაზარზე ჩინელი მწარმოებლებისგან კონკურენცია ძლიერდება.

ამავდროულად, Volkswagen-ის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც Audi შედის, ხარჯების შემცირების მიზნით მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას ახორციელებს. გასულ კვირას Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭომ სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი შემცირების გეგმა ერთხმად დაამტკიცა. კომპანიას ერთდროულად ტარიფებთან, წარმოების ჭარბ სიმძლავრესა და ჩინელი კონკურენტების მზარდ წნეხთან უწევს გამკლავება.

წაიკითხეთ ასევე: Volkswagen Group-ი 50,000-მდე სამუშაო ადგილს შეამცირებს | კომპანიამ მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმა დაამტკიცა